1992 წლიდან ყოველწლიურად 60-ზე მეტი ქვეყანა მდგრადი ენერგიის მსოფლიო დღეებს აღნიშნავს. ღონისძიებების მთავარი იდეა განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რაც საბოლოო ჯამში კლიმატის ცვლილებების პროცესის შენელებაზე ზრუნვის მიზანს ემსახურება.
განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა თუ სხვა ღონისძიებები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებსა და მის ზეგავლენას ამცირებს, არა მხოლოდ სახელმწიფოების, არამედ ორგანიზაციებისა და ინდივიდების დონეზე საზრუნავი საკითხია. რადგან, რისკები უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ სფეროებს, როგორებიცაა, მათ შორის, ჯანმრთელობა, პირად ფინანესები და გარემოს განვითარება. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ კლიმატური ცვლილებები ადამიანისგან დამოუკიდებლად და მისი ზეგავლენის გარეშე არ მიმდინარეობს. ცვლილებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს არა მხოლოდ ისეთ გლობალური ცვლილებები, როგორებიცაა ყინულის საფარის დნობა/გაქრობა ან ბუნებრივი კატაკლიზმები, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ საქმიანობის ცვლილებაც. მაგალითად, შეცვლილმა გარემომ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ბიზნესის სეგმენტზე, მოწყვლადი გახადოს მისი კონკრეტული მიმართულებები, ხოლო ამ სფეროში ჩართული ადამიანები საქმისა და შემოსავლის გარეშე დატოვოს. კერძოდ, მაღალია იმის ალბათობა, რომ თუ გარემოსა და კლიმატში მკვეთრი ცვლილებები დაიწყო, შეიცვალა ტემპერატურული რეჟიმი, ისეთი სფეროები რომლებიც ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მოწყვლადი გახდება.
რა კეთდება კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად?
მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ კლიმატზე ზეგავლენის შემცირებას აყენებს. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი თუ კვლევაა ხელმისაწვდომი. ამ საკითხებზე ზრუნვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად 1994 წლიდან დაიწყო, სწორედ ამ წელს შედგა კლიმატური ცვლილებების კონვენციის ჩარჩოც. ამ შეთანხმების ფარგლებში უკვე 190-ზე მეტი ქვეყანა ცდილობს, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს კლიმატურ ცვლილებებზე, მათ შორის, მოსახლეობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ცნობიერების ამაღლების კუთხით.
საქართველოც, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყანა მდგრადი განვითარებისთვის მთავარ წინაპირობად კლიმატური ზეგავლენის შემცირებას მოიაზრებს. ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს და ამ მიზნით 2017 წლიდან მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს ( დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე ).
რატომ ვეხმიანებით ამ საკითხს ფინედუზე?
ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებულ ფინანსური კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტში (“European Union/OECD (2022), Financial competence framework for adults in the European Union”) ზრდასრული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან კომპეტენციებს შორის გამოკვეთილია მდგრადი განვითარების საკითხებზე აქცენტი. აღნიშნულის საფუძველზე „ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია - 2023“-ის დოკუმენტიც ფინანსური განათლების ძირითადი საკითხების ჩამონათვალში ითვალისწინებს ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტის კომპონენტნსაც.
რა შეიძლება გააკეთოს ცალკეულმა ინდივიდმა გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად?
მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები და პრობლემები გლობალურია, თითოეული ჩვენგანის ჩართვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. აი, იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რისი გათვალისწინებაც შეგვიძლია:
- ისაუბრეთ საკითხის აქტუალობაზე. საზოგადოებრივი აქტიურობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა ამ მიმართულებით დიდი ცვლილებების და საბოლოოდ, კლიმატზე ზეგავლენის შემცირების საფუძველი ხდება;
- შეამცირეთ იმ საკვების მოხმარება, რომელის წარმოებაც დიდ ემისიას უკავშირდება - გარემოზე ზემოქმედების კუთხით ყველაზე აქტუალური რჩევა ყოველდღიურად მოხმარებადი საკვების ყურადღებით შერჩევაა. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღება- მოპოვება დიდ ემისიას უკავშირდება და გარემოზე მავნე ზემოქმედებაც იზრდება. ასეთია მაგალითად, წითელი ხორცი, რძის პროდუქტები, არასეზონური და არარეგიონალური პროდუქტები. ექსპერტები გვირჩევენ მოვერიდოთ სათბურში გამოყვანილ არასეზონურ პროდუქტს, რადგან მათი მოყვანა საკმაოდ მაღალ ემისიას იწვევს. ანალოგიური რეკომენდაციაა შორ გზაზე ტრანსპორტირებულ პროდუქტთან დაკავშრებით, რადგან, მისი ტრანსპორტირებაც, ძირითადად გარემოს დაზიანებას იწვევს;
- ყურადღებით შეარჩიეთ გადაადგილების საშუალება - საქართველოში ემისიის ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე მოდის. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით გადაადგილების საშუალებებმა და მოსახლეობის მიგრაციის გაზრდილმა ტემპებმა ტრანსპორტირების საკითხის სიმწვავე გამოიწვია. მთავარი რეკომენდაცია, ტრანსპორტის სწორად შერჩევა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადართვა და ე.წ. მწვანე ტრანსპორტის გამოყენებაა;
- შეამცირეთ კომუნალური სერვისების მოხმარება - ენერგოეფექტურობა ერთი მხრივ გარემოზე ახდენს დადებით ეფექტს, მეორე მხრივ კი ადამიანის ბიუჯეტზე. განახლებადი ენერგიით სარგებლობა, ენერგოეფექტური ტექნიკისა თუ მოწყობილობების შეძენა გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ისე ადამიანის პირად ფინანსებზე;
- დაიცავით მწვანე საფარი და მწვანე საფარიანი სივრცეები - რადგან კლიმატური ცვლილებები გლობალური დათბობის ნეგატიური შედეგია, ხოლო თავად გლობალური დათბობა სასათბურე გაზების დაგროვებამ განაპირობა, ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად გარემოსთვის მწვანე საფარის მოფრთხილება და მისი გაზრდა რჩება. აირების შთანთქმისა და გარდაქმნის უნარის საშუალებით, მწვანე საფარი გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მთავარ იარაღად რჩება;
- თანხა დააბანდეთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანია - თუ თქვენ სამეწარმეო საქმიანობას ეწევით ან მის დაწყებას გადაწყვეტთ, დაფიქრდით საქმიანობის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეკოლოგიურ შედეგებზეც. გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ბაზრები უკვე იხურება იმ წარმოებისთვისა თუ პროდუქციისთვის, რომელსაც გარემოზე მკვეთრად ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ინვესტირების პროცესში შეეცადეთ სწორად შეარჩიოთ სად დააბანდებთ თანხას.
- შეამცირეთ ნარჩენები - ნარჩენების გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა დღითიდღე იზრდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთებად დაგროვებული ნარჩენების უკან, თითოეული ადამიანის შექმნილი მცირე ნარჩენია. იმისთვის რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავება და ნარჩენების წარმოქმნის მინიმალური დონის შენარჩუნება.
რა შეიძლება ამ საკითხის გასაუმჯობესებლად გაკეთდეს?
-
- ნივთების ხელახალი გამოყენება, მაგალითად, პლასტმასის ბოთლების ქოთნებად, სასათბურე ნივთებად, შესანახ კონტეინერებად გამოყენება;
- საკვების გამოძახებისას ერთჯერად დანა-ჩანგალზე უარის თქმა;
- სამსახურში არაერთჯერადი ჭიქის გამოყენება;
- წყლის პლასტმასის ბოთლის ნაცვლად, მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლის ტარება და სხვა.
- ისაუბრეთ ყველა ცვლილებაზე, რაც თქვენს ქმედებას მოჰყვა ან შესაძლოა მოჰყვეს - როდესაც საქმე დიდ მიზნებს ეხება, შესაძლოა ერთ ადამიანს ამ მიზნის მიღწევაში საკუთარი თავის დანახვა გაუჭირდეს და ჩათვალოს რომ ეს მას არ ეხება. ასეა გარემოზე ზრუნვის შემთხვევაშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა, ვინც თუნდაც მცირე ნაბიჯს მაინც გადადგამს გარემოს სასიკეთოდ, ხმამაღლა ისაუბროს და სხვებსაც მიაწვდინოს ხმა ერთი ადამიანის პოზიტიური გავლენის შესახებ.
- დისტანციური შესყიდვებისას არ დააჩქაროთ პროდუქციის მიწოდების დრო - თანამედროვე სწრაფი ტემპის მქონე სამყარო კლიმატზე ნეგატიური გავლენის ერთ-ერთი დამაჩქარებელია. ადამიანებს სულ სადღაც ეჩქარებათ, ყველა ოპერაციისა თუ ქმედების განხორციელებაც დროში მოუთმენელს ხდის ადამიანს. ასეა დისტანციური შესყიდვების შემთხვევაშიც. ნივთის სწრაფად მიღების სურვილი გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას იწვევს, რადგან საჭიროა განსაზღვრულზე მეტი სატრანსპორტო გადაადგილება და შესაბამისად, უფრო მაღალი ემისია. ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, ისეთ მინიმალურ საკითხშიც კი, როგორიც შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებაა, სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.