კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რჩევები ხარჯების შესამცირებლად

თუ თვლით, რომ თქვენ ზედმეტ ნივთებსა თუ არასაჭირო დანიშნულებით ფულს არ ხარჯავთ და შესაბამისად ხარჯის შემცირება და დასაზოგი თანხის გაზრდა არ შეგიძლიათ, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეამციროთ სტანდარტული, ყოველდღიური ხარჯები.

საოჯახო ხარჯების შემცირება

საჩუქრების შესაძენად საჭირო თანხის მოცულობა წინაწარ განსაზღვრეთ

ყოველთვის გექნებათ სურვილი, საუკეთესო ნივთი შეარჩიოთ, თუმცა ეს სურვილი თქვენს ხარჯებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოთ.

არჩევანს ნივთზე მხოლოდ დაბალი ფასის გამო ნუ გააკეთებთ

იაფი პროდუქციის შეძენა ყოველთვის დაზოგვას არ ნიშნავს. მაგალითად, თუ არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი იყიდოთ 1 ლარიანი თუ 6 ლარიანი ნათურა, მხოლოდ შესაძენი ფასით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. თუ 1 ლარიანი ნათურის შეცვლა ყოველ თვე ან მაქსიმუმ 2 თვეში ერთხელ დაგჭირდებათ, ხოლო 6 ლარიანი ნათურა წელიწადზე მეტი იმუშავებს და ამავდროულად ენერგოეფექტურია, წლიური ხარჯის დაანგარიშებით ნახავთ, რომ 1 ლარიანი ნათურა საბოლოოდ უფრო მეტად ხარჯიანია.

ყურადღება გაამახვილეთ ენერგოეფექტურობაზე

გარემოს დაცვასთან ერთად, ეს მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიას გაგაკეთებინებთ. ენერგოეფექტური ქმედებები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. მაგალითად, შეიძინეთ მრავალჯერადი გამოყენების სადილის ყუთი, ასე თავიდან აიცილებთ ერთჯერად ჭურჭელში თანხის გადახდას, ასევე ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება საკვების ასეთ ყუთში შენახვა. ასევე, რეკომენდებულია გამორთოთ ყველა ელექტრო მოწყობილობა, როდესაც დაასრულებთ მის გამოყენებას, მაგალითად გამორთოთ ტელევიზორი, კომპიუტერის ეკრანი, ლეპტოპი. გამორთოთ დასატენად შეერთებული მოწყობილობები, როგორც კი დაიტენება. ამ ქმედებებით შეამცირებთ ელექტრო ენერგიის მოხმარებას და კომუნალურ ხარჯს. ენერგოეფექტურობისა და ფულის დაზოგვის კარგ საშუალებას წარმოადგენს ენერგოეფექტური ნათურებისა და საოჯახო ტექნიკის შეძენაც. თანხის დაზოგვაში ერთჯერადი ნივთების მრავალჯერადი ნივთებით ჩანაცვლებაც დაგეხმარებათ. მაგალითად, მაღაზიაში ყოველი ვიზიტისას, სასურველია თუ ყოველ ჯერზე ერთჯერადი პარკების შეძენის ნაცვლად მრავალჯერადი ნაჭრის ჩანთით ისარგებლებთ.

გამოყავით ერთი დღე მაინც კვირაში, როდესაც თანხას საერთოდ არ დახარჯავთ

კვირაში ერთი დღე თავი შეიკავეთ თანხის დახარჯვისაგან. მაგალითად, ისეირნეთ ფეხით, სადილი მოამზადეთ მარაგში არსებული პროდუქტებით, არ წახვიდეთ საყიდლებზე. რეალურად ასეთი „ხარჯებისგან განტვირთვის“ დღის მოწყობა დაგეხმარებათ ყოველდღიური არაგეგმიური ხარჯების თავიდან აცილებაში, რაც რამდენიმე თვის, ან წლის ჭრილში სოლიდურ თანხას დაგაზოგვინებთ.

შეეცადეთ თქვენი ხელით აკეთოთ ის, რისი გაკეთებაც თქვენი ძალებითვე შეგიძლიათ

ასევე, თანხას დაგაზოგვინებთ გარკვეული მომსახურების შეძენაზე უარის თქმა და თქვენით შესრულება. მაგალითად, თუ გსურთ ფერადი ხის ჩარჩო სურათისთვის, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ და შეღებოთ, ან ძველი ჩარჩო შეაკეთოთ. ასევე, თუ სახლის დასუფთავებაში გარე პირი ან კომპანია გეხმარებათ, შეგიძლიათ სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვათ მათს მომსახურებაზე და თავად შეასრულოთ საოჯახო საქმეები. მნიშვნელოვან თანხას დაგიზოგავთ საკვების სახლში მომზადებაც. თუ თქვენ ძირითადად ნახევარფაბრიკატებს ან მზა კერძებს ყიდულობთ, შეგიძლიათ სახლში კერძების მომზადებით შეამციროთ კვების ხარჯი. 

განტვირთვისთვის შეარჩიეთ მაქსიმალურად ნაკლებ ხარჯიანი ადგილი

მაგალითად, დაგეგმეთ პიკნიკი სუფთა ჰაერზე, რესტორანში ვახშმობის ნაცვლად. 

საკვები პროდუქტების შეძენისას შეიძინეთ ეკონომიური შეფუთვები

თუ თქვენ გათვლით რა პროდუქტები დაგჭირდებათ აუცილებლად თვის განმავლობაში და ერთიანად შეიძენთ მათ, დიდი შეფუთვით შეძენა, დიდი ალბათობით, საერთო ხარჯს შეგიმცირებთ. 

გართობის ხარჯების შემცირება

შეამცირეთ გასართობ ცენტრებში ვიზიტები

ამის ნაცვლად აირჩიეთ პარკებსა და სკვერებში სეირნობა.

კინოსა და თეატრის ბილეთების შეძენისას ისარგებლეთ ფასდაკლებებით

ასევე კინოთეატრებისა და თეატრების აქციებით. განსხვავებული ფასის შეთავაზების შემთხვევაში ბილეთები წინასწარ შეიძინეთ. ხშირ შემთხვევაში წინასწარ შენაძენზე ფასდაკლება მოქმედებს.

ხშირად ეწვიეთ ფასდაკლების ვებსაიტებს

თუ ქალაქიდან გასვლა გსურთ კვირის დასასრულს, უმჯობესია ტური და/ან სასტუმროს მომსახურების ფასები გადაამოწმოთ ფასდაკლების ვებსაიტებზე.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯის შემცირება

იარეთ პრევენციულ შემოწმებებზე

ამით თავიდან აირიდებთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობას, რაც უფრო დიდ ხარჯს უკავშირდება.

შეადარეთ მედიკამენტების ფასები, ისარგებლეთ ფასდაკლების დღეებით

ზოგჯერ აფთიაქები გვთავაზობენ ფასდაკლების და/ან დაგროვების ბარათებს. ამ ბარათების გამოყენებით შეგიძლიათ მედიკამენტებსა თუ თავის მოვლის საშუალებებზე თანხა დაზოგოთ. 

როდესაც ფინანსურ მიზნებს დაისახავთ, პირადი ბიუჯეტის ყველა კომპონენტს ყურადღებით შეისწავლით და იმ ღონისძიებებსაც კი გაწერთ, თუ როგორ დაზოგავთ თქვენი შემოსავლის უფრო დიდი ნაწილის, საჭიროა გადაწყვიტოთ თუ როგორი ფორმით  და სად დაზოგავთ. 

დაზოგვისთვის მზაობა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, უარი თქვათ არააუცილებელ ხარჯებზე, შეცვალოთ და გააჯანსაღოთ ცხოვრების სტილი, რათა, საბოლოო ჯამში, ადვილად მიაღწიოთ დასახულ ფინანსურ მიზნებს.