კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის

კიბერდანაშაული არის ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია ციფრული სისტემის გამოყენებით და მიზნად ისახავს ინფორმაციულ სისტემებზე უნებართვო წვდომას ან მათი მუშაობის შეფერხებას. თავდამსხმელი ცდილობს დაარღვიოს ინფორმაციული სისტემის ხელმისაწვდომობა, კონფიდენციალურობა ან მთლიანობა და ამ გზით მიიღოს რაიმე სარგებელი.

კიბერშეტევები სხვადასხვა გზით ხორციელდება. მაგალითად, ზოგჯერ თავდამსხმელი ცდილობს, სამიზნე ინტერნეტრესურსი, მაგალითად ვებგვერდი გახადოს ხელმიუწვდომელი, ზოგჯერ კი ვებგვერდებზე ათავსებენ მავნე სკრიპტებს, რომლის მეშვეობით მსხვერპლის მოწყობილობაზე მავნე პროგრამა ინსტალირდება. ზოგიერთი ტიპის კიბერშეტევის დროს კი ბოროტმოქმედი ორ სუბიექტს შორის კავშირს უერთდება, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათ შორის კომუნიკაცია სრულიად უსაფრთხოდ მიმდინარეობს. სინამდვილეში, ყველა ინფორმაცია, რაც მათ შორის გადაიცემა, კონტროლდება თაღლითის მიერ. თაღლითს კი, შეუძლია არა თუ წაიკითხოს მიმოწერა, არამედ შეუცვალოს შინაარსი და შეცვალოს მესიჯის ადრესატიც. კიბერთაღლითები ასევე ცდილობენ პაროლების ხელში ჩაგდებას სხვადასხვა გზით: მაგალითად, მსხვერპლის სახელის, გვარის, დაბადების წელის, ჰობის და სხვა მისთვის ცნობილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან არსებული გავრცელებული პაროლების სიის გამოყენებით. შესაბამისად, რაც უფრო მარტივი და გავრცელებულია პაროლი, მით უფრო ადვილია მისი ამოცნობა.

კიბერთაღლითები სოციალური ინჟინერიის გზით, ანუ მანიპულირების ხელოვნებით ცდილობენ მსხვერპლის ინფორმაციის ხელში ჩაგდებას.

დღესდღეობით თითქმის წარმოუდგენელია საქმიანი, ფინანსური თუ პირადი ურთიერთობების ციფრული მოწყობილობების გარეშე წარმართვა. ნებისმიერი ციფრული მოწყობილობა კი ასოცირებულია კიბერრისკთან. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის მიერ კიბერუსაფრთხოების წესების დაცვას და სოციალური ინჟინერიის ხერხების ცოდნას. კიბერუსაფრთხოება გულისხმობს ნებისმიერი ციფრული შეტევისგან ინფორმაციული სისტემების, ქსელების, ინფორმაციისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის დაცვას. ამ მენიუში სწორედ ასეთ რჩევებს გაეცნობით. თუმცა გახსოვდეთ, რომ კიბერთაღლითებიც ისე სწრაფად ხვეწავენ თავიანთ მეთოდებს, როგორც თავად ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება. შესაბამისად, იყავით ყოველთვის სკეპტიკური და ფრთხილი კიბერსამყაროში.