დათვალეთ თქვენთვის სასურველი ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ხარჯი
სანამ სახლში ახალ მეგობარს მოიყვანთ, საჭიროა, დაფიქრდეთ მის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და იმაზე, თუ რამდენად მარტივად გაითვალისწინებთ მას თქვენს ყოველთვიურ ბიუჯეტში. ამ ბმულზე განთავსებულ ხარჯების გვერდზე ჩვენ დეტალურად ვსაუბრობთ შინაური ცხოველის ყოლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ხარჯზე. აქ კი შეძლებთ, გაეცნოთ ხარჯების ცხრილს, რომლის ჩამოტვირთვით და შევსებით შეძლებთ აწარმოოთ ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები.
მოამზადეთ თქვენი შინაური ცხოველისთვის შესაბამისი ადგილი სახლში
ყველა შინაურ ცხოველს საკუთარი კუთხე სჭირდება. ეს შეიძლება იყოს კუთხე ცხოველის დაძინებისთვის, საკვების მიღებისთვის და საპირფარეშოსთვის. ზოგიერთი შინაური ცხოველი იძინებს და ჭამს ერთ სივრცეში, როგორც, მაგალითად, მღრღნელები ან ფრინველები. ძაღლს კი დასაძინებლად ცალკე ადგილი ესაჭიროება, ხოლო საჭმლის მისაღებად სხვა კუთხე უნდა გამოუყოთ.
გაუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ნივთებს
თუ ძაღლის ან კატის ყოლა გადაწყვიტეთ, შესაძლოა, თქვენთვის ძვირფასი ნივთი თქვენი ოთხფეხა მეგობრის მომავალ სათამაშოდ იქცეს. ამ გარემოების თავიდან ასაცილებლად თქვენ ორი არჩევანი გექნებათ: პირველი, გადამალოთ ეს ნივთები, მეორე ეცადოთ გაწვრთანათ თქვენი პატარა მეგობარი. ძაღლის ყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამ მომსახურების მისაღებად შესაბამის სპეციალისტსაც მიმართოთ, რომელიც დაგეხმარებათ და გასწავლით, როგორ „ელაპარაკოთ“ თქვენს შინაურ ცხოველს მისთვის გასაგებ ენაზე და ასწავლოთ, თუ რა არის მისთვის ნებადართული და რა - არა.
თქვენი მეგობრისთვის შეიძინეთ აუცილებელი ნივთები
როგორც ბავშვებს სჭირდებათ ნივთები მათი აღზრდისა და განვითარებისთვის, ასევე საჭიროა, შეიძინოთ თქვენი პატარა მეგობრისთვის სათამაშოები, სავარცხელი, სპეციალური შამპუნები, საყელური და სხვა საჭირო აქსესუარები.
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია აწუხებს, გაესაუბრეთ შესაბამის სპეციალისტს
გადაჭრით არ არის დადასტურებული, რომ ალერგიული ადამიანებისათვის აკრძალულია შინაური ცხოველების ყოლა. კვლევების შედეგები არაერთგვაროვანია ალერგიისა და ასთმის შინაურ ცხოველებთან კავშირის შესახებ. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ კატა ალერგიული ფონის ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, მაშინ როცა სხვა კვლევათა შედეგები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ამიტომ, უმჯობესია თუ თქვენს ალერგოლოგთან გაივლით კონსულტაციას და გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კონკრეტული ცხოველის ყოლასთან დაკავშირებით მისი რეკომენდაციის შესაბამისად მიიღებთ.
თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, გაესაუბრეთ პედიატრს
თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, საფიქრალი და ასაწონ-დასაწონი მართლაც ბევრია. უნდა ასწავლოთ პატარას ხელების დაბანა ცხოველთან ან მისთვის განკუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ. ბავშვების ასაკი ერთ-ერთი საყურადღებო გარემოებაა. თუ სახლში პატარაა, აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვა, ცხოველმა შესაძლოა დაკაწროს ან დაკბინოს პატარა. არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ცხოველთან. ჯობია, ცხოველს არ მისცეთ ბავშვის ოთახში შესვლის უფლება თქვენს გარეშე. ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და სათამაშოები შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.