რა არის სესხის უზრუნველყოფა?
სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ფინანსური მონაცემების ანალიზის შემდეგ, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, განაცხადის მიღებისთანავე, წყდება სესხის უზრუნველყოფის საკითხი. სესხის უზრუნველყოფის სახედ შეიძლება მოთხოვნილ იქნას უძრავი ან მოძრავი ქონება, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის თავდებობა. უზრუნველყოფის წარმოდგენის საჭიროებას და უზრუნველყოფის სახელ სესხის გამცემი ორგანიზაცია სასესხო პროდუქტისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრავს. მაგალითად, იპოთეკური სესხის შემთხვევაში, როგორც წესი, სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა მოითხოვება. სხვა ტიპის სესხების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებები სესხის რისკებიდან და/ან მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტის თავისებურებებიდან გამომდინარე მიიღება.
სესხის გასაცემად უზრუნველყოფა ყოველთვის არ მოითხოვება. თუმცა, როგორც წესი, უზრუნველყოფილი სესხები არაუზრუნველყოფილ სესხებთან შედარებით უფრო იაფია. ამიტომ, თუ გამსესხებელი ორივე ალტერნატივას გთავაზობთ, მნიშვნელოვანია გასაწევი ხარჯების ერთმანეთთან შედარება. ამ მიზნით შეგიძლიათ სხვადასხვა შემოთავაზების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები შეადაროთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ უზრუნველყოფილი სესხის აღებამდე?
თუ სესხის გაცემის ერთ-ერთ წინაპირობად კრედიტორი თავდების წარდგენას გთხოვთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავდები პირი თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სესხის დაფარვის სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვეღარ დაფარავთ სესხს. გარდა ამისა, შესაბამისი ინფორმაცია საკრედიტო ბიუროშიც აღირიცხება და როცა თავდები თავად მოითხოვს სესხს, თქვენზე აღებული ვალდებულება მისი ფინანსური მონაცემების ანალიზისას გაითვალისწინება.