გადასახადების შინაარსის ცოდნა გეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ თქვენ არა მხოლოდ პირდაპირი სახით (მაგალითად, ხელფასიდან დაკავებული გადასახადის საშუალებით), არამედ არაპირდაპირაც (მაგალითად, ამა თუ იმ პროდუქციისა თუ მომსახურების შეძენით) იხდით გადასახადებს და, საბოლოო ჯამში, ავსებთ სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთანავე, თითოეული გადასახადი - არ აქვს მნიშვნელობა ამ გადასახადს იხდით უშუალოდ თქვენ, თუ ის საწარმოები, რომელთა წარმოებულ პროდუქტსა და მომსახურებასაც ყიდულობთ - თქვენი დამატებითი ხარჯია. მაგალითად, თუ ყიდულობთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციას, მაგალითად საპონს, მის ფასში გათვალისწინებული იქნება იმპორტის გადასახადი. გამოდის, რომ თქვენ საპნის შეძენით არაპირდაპირ იმპორტის გადასახადსაც იხდით.
თუმცა, გადასახადები თქვენი პირადი ბიუჯეტის ისეთი ტიპის ხარჯია, რომელიც სხვა მომხმარებლების ანალოგიურ ხარჯებთან ერთად საერთო-საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნას ემსახურება.