კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარების თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარების თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას, რომელშიც კომერციული ბანკები მონაწილეობდნენ, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Child & Youth Finance International-ის (CYFI) წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობის, ასევე, კომერციული ბანკების პერსპექტივიდან ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ. CYFI-ს წარმომადგენლებმა მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და მოწინავე პრაქტიკა გაუზიარეს, ეროვნული ბანკის სპეციალისტებმა კი არსებული მარეგულირებელი ჩარჩო, მომხმარებელთა დაცვის პრინციპები და ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული გეგმები მიმოიხილეს. ამას გარდა, "შემნახველი ბანკების ფონდმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) დამსწრე ბანკებს გერმანული გამოცდილება გააცნო ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარების კუთხით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და ფინანსური განათლების სკოლებში სწავლების მიმართულებით ისაუბრეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი და CYFI, 2015 წლიდან საქართველოში პროექტის "სკოლა-ბანკი" დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობენ. "სკოლა-ბანკი" გულისხმობს როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების მიწოდებას, ასევე მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებას.

 

"დღევანდელ სამყაროში, ახალგაზრდა თაობას ადრეული ასაკიდანვე უწევს მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაგანაც ბევრი საკმაოდ კომპლექსურია, და ბავშვებისგან საკვანძო ფინანსური საკითხების არამხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ მათ პრაქტიკაში გამოყენების უნარსაც მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს მისთვის შესაფერის ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებებზე წვდომა, რათა მან შეძლოს ფინანსების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების განვითარება, ფულის შენახვა და დანაზოგების შექმნა, მიზნების დასახვა და საკუთარი შესაძლებლობების გაფართოება. აქვე, ძალზე მნიშვნელოვანია მათი უფლებებისა და ინტერესების ზედმიწევნით დაცვა. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოზარდებს ეკონომიკურად აქტიურ და დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოაყალიბებს და მათ ფინანსურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

"სამუშაო შეხვედრა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარების თემაზე მიზნად ისახავს ბანკებსა და ზედამხედველებს დაანახოს თუ რა მნიშვნელობა და სარგებელი აქვს ამ ტიპის პროდუქტებს მომავალი თაობის ფინანსური კეთილდღეობისთვის. ბავშვებისთვის განვითარებული პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო, ერგებოდეს ბავშვების ინტერესებს, აწვდიდეს ბავშვებს ფინანსურ განათლებას, და ხელს უწყობდეს ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებას. CYFI-ს მიზანია "სკოლა-ბანკის" პროექტით რაც შეიძლება მეტი ბანკი დააინტერესოს", - აღნიშნა Child & Youth Finance International-ის (CYFI) წარმოამადგენელმა, კარინა ავაკიანმა.