თანხის რაციონალურ ხარჯვაზე დასაფიქრებლად მნიშვნელოვანია უშუალოდ ხარჯის ტიპების განხილვა.
ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები
მიუხედავად იმისა, ხარჯი ფიქსირებულია თუ ცვლადი, ყოველთვის შეიძლება იმაზე დაფიქრება, რამდენად არსებობს მათი შემცირების შესაძლებლობა. ცვლადი ხარჯების შემცირება თქვენს სამომავლო გეგმებსა და ქცევებზე იქნება დამოკიდებული - მაგალითად, მოგზაურობას თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმავთ, დანახარჯი შესაძლოა უფრო მცირე იყოს, ვიდრე უცხოეთში წასვლისას. შესაბამისად, თქვენ თავად წყვეტთ, რა თანხა დახარჯოთ. ფიქსირებული ხარჯების შემცირება კი რიგ შემთხვევაში შესაძლოა მომსახურების სხვა ალტერნატივის ჩანაცვლებაზე იყოს დამოკიდებული. თუმცა აქ უკვე უნდა დაფიქრდეთ, ესა თუ ის ხარჯი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული თუ აუცილებლობას წარმოადგენს.
ხარჯების გაწევას საჭიროება განსაზღვრავს თუ სურვილი?
თითოეულ თქვენგანს გააჩნია საჭიროებები და სურვილები. საჭიროებებს ვუწოდებთ ყველაფერს იმას, რაც არსებობისთვის აუცილებელია. მაგალითად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სრულფასოვანი კვება და სხვა, ხოლო სურვილები არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ გაბედნიერებთ, ცხოვრებას გიხალისებთ და გსურთ, რომ გქონდეთ. მაგალითად, ახალი ავტომობილი, გემრიელი ტორტი, აგარაკი კონკრეტულ კურორტზე და სხვა.
თუ დააჯგუფებთ იმას, რაც თქვენთვის აუცილებელია, ისინი შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიაში გავაერთიანოთ:
- უსაფრთხო საცხოვრებელი;
- ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები და წყალი;
- ჰიგიენის დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთები;
- სიტუაციისა და საჭიროების შესაბამისი ტანისამოსი.
სხვა დანარჩენი, მაგალითად, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი სახლი, ბრენდირებული სამოსი და მსგავსი ნივთები და მომსახურებები, საჭიროებებს მიღმაა და სურვილებში ერთიანდება.
შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: თანხის რაციონალური ხარჯვა ხომ არ ნიშნავს სურვილებზე სრულად უარის თქმას და მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებას? პასუხია: რა თქმა უნდა, არა. თქვენ შრომობთ იმისთვის, რომ სურვილებიც აისრულოთ. შემოსავლის გონივრულად განაწილება გულისხმობს იმას, რომ სურვილები მხოლოდ მას შემდეგ აისრულოთ, რაც საჭიროებებს დაიკმაყოფილებთ. გააზრებულად დახარჯვა კი იმასაც გულისხმობს, რომ სურვილებიც და საჭიროებებიც შეძლებისდაგვარად თქვენი სახსრებით და საჭიროების შემთხვევაში გონივრული სესხებით დააფინანსოთ.