კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რემონტთან დაკავშირებული გამოწვევები

სარემონტო სამუშაოების როგორც დაგეგმვას, ისე განხორციელებას თან გამოწვევები ახლავს, რომელიც სასურველია, გაითვალისწინოთ:

კვალიფიციური მომსახურების გამწევი პირების მოძიება

ხშირად შეიძლება წააწყდეთ პროფესიული განათლების ნაკლებობის პრობლემას. იშვიათად შეხვდებით სარემონტო სამუშაოებში ჩართულ პირს, რომელსაც სპეციალიზაცია გავლილი აქვს იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ამ დროს თქვენ დაგჭირდებათ სხვის გამოცდილებასა და შერჩეული კანდიდატის მონათხრობზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება;

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიყოლა

შეიძლება დაგეგმვის პროცესი საკმაოდ დეტალურად გაიაროთ, თუმცა სამუშაო პროცესში ბევრი ფაქტორია, რამაც შესაძლოა გაწერილი გეგმიდან გადახვევისკენ გიბიძგოთ. ყველაზე ხშირად გეგმიდან აცდენას სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთის გემოვნების ცვლილება იწვევს. მაგალითად, თუ რეკონსტრუქციული სამუშაოების დროს მიხვდით რომ დიზაინის შეცვლა გსურთ, ამან შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს სამუშაოების სრული მიმდინარეობა, დაგჭირდებათ სხვა მასალები, შესაძლოა სხვა სპეციალისტის, ჩართულობაც და რასაკვირველია, ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, სამუშაოების დასრულების დროზეც აისახება.

ბიუჯეტის მიხედვით ხარჯვა

ყველაზე რთული ნაწილი სარემონტო სამუშაოებში მაინც გეგმიური ხარჯვაა. გარდა იმისა, რომ შეიძლება მასალის ფასები შეიცვალოს, შესაძლებელია, დაგეგმილ ხარჯებთან აცდენა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმაც გამოიწვიოს. მაგალითად, რემონტის მიმდინარეობისას შეიძლება დაზიანდეს გაყვანილობა ან აღმოჩნდეს, რომ მისი შეცვლაა საჭირო, რასაც მანამდე არ გეგმავდით. ძველი რემონტის დემონტაჟისას შეიძლება აღმოაჩინოთ კედლის ბზარები, რომლის გამაგრებასაც დამატებითი ხარჯი ესაჭიროება. ხარჯი შეიძლება გაზარდოს მასალების ცვლილებამაც. მაგალითად, თუ თქვენ აღმოაჩენთ რომ შიდა ფასადზე ვერ გამოიყენებთ წინასწარ შერჩეულ საღებავს მისი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, დაგჭირდებათ მეტად დამუშავებული, უსაფრთხო, თუმცა ამავდროულად ძვირი პროდუქტის შეძენა.

სამუშაოების უწყვეტი დაფინანსება

სხვა ფაქტორებთან ერთად, რემონტის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიმდინარე სამუშაოების უწყვეტი დაფინასება წარმოადგენს. დაგეგმვის ეტაპზე განისაზღვრება, თუ რა სახსრებით ხდება თანხების მობილიზება. ძირითადად, რემონტის დაფინასება დანაზოგით ან სესხით ხდება. შესაძლებელია სხვადასხვა დაფინანსების წყაროს ერთდროულად გამოყენებაც, მაგალითად, დანაზოგი სრულად მიმართოთ რემონტის დასაფინანსებლად და რა თანხაც დაგაკლდებათ სამუშაოების დასასრულებლად, დაიმატოთ სესხის სახით ან გადადოთ თქვენი მიმდინარე შემოსავლიდან. მიუხედავად დაფინანსების წყაროების მრავალფეროვნებისა, რეალურად რთულია სრული სამუშაოს უწყვეტად დაფინანსება. განსაკუთრებით მაშინ, თუ საჭირო თანხის გარკვეულ ნაწილს ერთიანად არ ფლობთ.  თანხის არასრული ფლობის მთავარი რისკი მომარაგების და ანაზღაურების პრობლემების წარმოქმნაა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს სარემონტო სამუშაოებს და ახანგრძლივებს პროექტის მიმდინარეობას;

მიმდინარე სამუშაოებზე სრული ინფორმაციის ფლობა

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთს ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ მას არასრულ ინფორმაციას აწვდიან ან სამუშაოები იმაზე ცუდი ხარისხით მიმდინარეობს ვიდრე დაგეგმილი იყო. ამგვარი განწყობა საბოლოოდ უკმაყოფილებას განაპირობებს. ამ დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია თუ თავიდანვე იქნებით საქმის კურსში, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს სამუშაოები თითოეულ ეტაპზე და როგორ შეგეძლებათ სამუშაოების გაკონტროლება. აქვე ძალიან დაგეხმარებათ სამუშაოების იმ დონეზე შესწავლა, რაც პროცესის შეფასებაში დაგეხმარებათ. მაგალითად: სასურველია ფლობდეთ ინფორმაციას სამუშაოების თანმიმდევრობაზე, თითოეული შედეგის ეტაპსა და ეტაპების მიმდინარეობის საშუალო ხანგრძლივობაზე;

მეზობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება

ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი სარემონტო ფართი მრავალსართულიან კორპუსში ან მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ძირითად დისკომფორტს სამეზობლოში განუწყვეტელი ხმაური, მტვერი და დანაგვიანებული არეალი ქმნის. იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი თავიდან აირიდოთ და კარგ მეზობლად დარჩეთ, სასურველია ეს ფაქტორები გაითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად დააბალანსოთ მეზობლებთან კომუნიკაციით და სამუშაოების  განსაზღვრული განრიგის დაწესებით.

მაგალითად, შესაძლოა დაგეხმაროთ მეზობლების ინფორმირება, როდის იწყებთ სარემონტო სამუშაოებს და დღის რა მონაკვეთში გეგმავთ ხმაურიანი სამუშაოების წარმოებას. ასევე, თქვენს მიმართ ლოიალობას შექმნის მუდმივად დასუფთავებული და მოწესრიგებული სარემონტო სივრცე. ამ საკითხების გათვალისწინება დაგეხმარებათ არა მარტო კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში, არამედ თავიდან აგარიდებთ მეზობლების უკმაყოფილების გამო დაფიქსირებულ საჩივრებსა და რემონტის შეფერხებას. 

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

დაბოლოს, იმისთვის რომ სარემონტო სამუშაოების გამოწვევებისთვის მომზადებული იყოთ და მიმდინარე პროცესი შეძლებისდაგვარად  გაიმარტივოთ, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ შემდეგი დამატებითი ფაქტორებიც:

  • ელექტრო და წყალგაყვანილობა სასურველია, ასახოთ ფოტოს ან სქემის სახით - როდესაც სარემონტო სივრცეში შეცვლით ელექტრო და წყალგაყვანილობას, სასურველია, არსებული სქემა ასახოთ დოკუმენტურად ან გადაიღოთ სურათი. სამომავლოდ, როდესაც დაგჭირდებათ დეკორის შეცვლა, ან ოთახის მცირედი რეკონსტრუქცია, აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ ქსელის დაზიანების გარეშე განახორციელოთ სამუშაოები;
  • სწორად დაგეგმეთ ელექტრო ჩამრთველების განლაგება - დაგეგმვის ეტაპზე შეეცადეთ სრულად წარმოიდგინოთ და დაგეგმოთ, რა რაოდენობის ჩამრთველი დაგჭირდებათ სარემონტო ფართში. რეალურად, ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ თავიდან აიცილოთ გაყვანილობის ხელახლა შეცვლის საჭიროება;
  • შეეცადეთ, მუდმივად აკონტროლოთ სამუშაოს მიმდინარეობა - თქვენი ან სხვა დაინტერესებული პირის ჩართულობა კარგი საშუალებაა, მუდმივად გაკონტროლდეს სამუშაოს ხარისხი და შეფასდეს, ხერხდება თუ არა წინასწარ განსაზღვრულ დროში სამუშაოების დასრულება;
  • გაითვალისწინეთ ხმის იზოლაციის სისტემა იმისთვის, რომ მშვიდი სივრცე შექმნათ - ბიუჯეტში სასურველია, გაითვალისწინოთ ხმის იზოლირების სისტემა. ხმის იზოლაცია შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც კონკრეტულ წერტილებზე, მაგალითად, წყლის მილებზე, ისე მთლიანად სახლის კედლებსა და ჭერზე. სრული იზოლაცია დაგიცავთ მეზობლისგან შემოსული ხმაურისგან და, ასევე, თქვენც თავიდან აგარიდებთ ხმაურით შეწუხებული მეზობლების პრეტენზიებს;
  • შეეცადეთ მასალები შეარჩიოთ არა მხოლოდ მიმდინარე  სიტუაციის, არამედ რისკების გათვალისწინებითაც. მაგალითად, როდესაც არჩევთ ჭერის მასალას, ვიზუალსა და ხარისხთან ერთად გაითვალეთ რომელ მასალას ექნება ყველაზე ნაკლები დაზიანება და, შესაბამისად, ზარალი თქვენი ფართისთვის, თუ მაგალითად, მეზობელი ჩამოუშვებს წყალს, ან სართულებს შორის არსებული წყალგაყვანილობის მილი დაზიანდება;
  • გაითვალისწინეთ აბაზანის დახრილობის მნიშვნელობა - შესრულებული სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად სასურველია თუ წინასწარ გეცოდინებათ და გადაამოწმებთ აუცილებელ მოთხოვნებს, მაგალითად აბაზანის სივრცის დაგეგმვისას ხელოსნებმა უნდა გაითვალისწინონ იატაკის დახრილობა, იმისთვის რომ წყლის ნაკადი არ შეყოვნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ სამუშაოების თავიდან ჩატარება.