რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია?
კომისია წარმოადგენს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც უსასყიდლოდ და კოლეგიური წესით (ხმების უმრავლესობის პრინციპით) განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება: საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობილბანკიდან განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) სხვა ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
რამ განაპირობა დავების განმხილველი კომისიის შექმნა?
კომისიის შექმნა უკავშირდება, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ევროდირექტივასთან (PSD2) დაახლოებას და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის განმავლობაში უზრუნველყო შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება და კომისიის ტექნიკურ-ორგანიზაციული მხარდაჭერა.
როდიდან ფუნქციონირებს კომისია?
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ ფუნქციონირება დაიწყო 2023 წლის პირველი დეკემბრიდან.
არის თუ არა დადგენილი საფასური კომისიაში დავის განხილვისათვის?
არა, დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
როგორ ხდება კომისიასთან საჩივრის განსახილველად წარდგენა?
კომისიაში საჩივრის წარდგენა ხდება შესაბამისი საჩივრის ფორმის შევსებით, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური გზით.
დისტანციურად წარდგენის შემთხვევაში:
- ხელმოწერილი საჩივრისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის დასკანერებული ფორმის გადაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე გაგზავნით: disputescommission@findrc.ge;
მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში:
- ხელმოწერილი საჩივრისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია მისამართზე: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, თბილისი 0114, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური ოფისში. (სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00)
სად შეიძლება შესავსები საჩივრის ფორმის მოძიება?
საჩივარი შესაბამისი ფორმის დაცვით ივსება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შემდეგ ვებგვერდზე.
რა დრო სჭირდება დავის განხილვას?
როგორც წესი, კომისია დავის განხილვას 90 კალენდარული დღემდე ანდომებს. თუმცა, სირთულიდან გამომდინარე, ვადა 30 კალენდარული დღით შეიძლება გაიზარდოს.
ვის შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას?
საჩივრით მიმართვის უფლება აქვს საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
ვის წინააღმდეგ შეიძლება საჩივრის წარდგენა?
საჩივარი შეტანილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული/რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანუ იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს საგადახდო მომსახურებას. მათ შორის არიან: კომერციული ბანკი (მათ შორის, ციფრული ბანკი), მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
რა შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს, საჩივრით მიმართოს კომისიას?
მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობილბანკიდან და მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ სხვა გადახდის ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
რა წინაპირობა არსებობს კომისიის მიერ საქმის განხილვისთვის?
იმისათვის, რომ საჩივრის წარმდგენი პირის მიერ წარდგენილი საჩივარი პასუხობდეს დავების განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობებს, მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება. კერძოდ:
- თუ მომხმარებელს სადავო საკითხის შესახებ მიმართული ჰქონდა თავისი მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ("საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით) და პროვაიდერმა წარდგენილი საჩივარი დადგენილ ვადაში არ დააკმაყოფილა (მათ შორის, დადგენილ ვადაში მომხმარებლისთვის საჩივრის ფარგლებში პასუხი არ გაუცია) ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა;
- დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება (კომისიაში საჩივრის წარდგენის ან სადავო ოპერაციის დღისთვის);
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არ გასულა 6 თვეზე მეტი ვადა.
შესაძლებელია თუ არა კომისიისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე საქმე სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოებაშია?
არა, თუ დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით სასამართლოს ან არბიტრაჟის წარმოებაშია, კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი.
თუ სასამართლოს ან არბიტრაჟს მიღებული აქვს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე, შესაძლებელია თუ არა დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვა?
თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით, კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი.
აუცილებელი არის თუ არა სასამართლოსთვის მიმართვამდე დავების განმხილველი კომისიისთვის საჩივრის წარდგენა?
არა, კომისიისთვის მიმართვა საგადახდო მომსახურების მომხმარებლისთვის ნებაყოფლობითია და, ამდენად, მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. ამასთან, საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნებისმიერ ეტაპზე, უარი განაცხადოს საჩივრის განხილვაზე.
რა სახის გადაწყვეტილებებს იღებს კომისია საჩივარზე?
კომისია საქმის არსებითად განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
- საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
- საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
- დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ.
რა პროცესს გადის დავების განმხილველ კომისიაში წარდგენილი საჩივარი?
საჩივრის წარმდგენი პირის მიერ საჩივრის წარდგენის შემდეგ, კომისია საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 5 სამუშაო დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუკი წარდგენილი საჩივარი არ პასუხობს დავების განმხილველ კომისიაში საჩივრის წარდგენის წინაპირობებს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, აღნიშნულის თაობაზე წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით აცნობებს საჩივრის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 7 კალენდარულ დღეს საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
შესაძლებელია თუ არა, საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივება?
კომისია უფლებამოსილია, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე საჩივრის წარმდგენი პირის მიერ ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გააგრძელოს დამატებით არაუმეტეს 7 კალენდარული დღით. ხარვეზის აღმოფხვრამდე საჩივრის წარმოებაში მიღების ვადის ათვლა შეჩერებულად ითვლება.
რა ხდება, თუკი საჩივრის წარმდგენი პირის მიერ არ მოხდება საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში?
იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის წარმდგენმა პირმა ხარვეზი (ხარვეზები) არ გამოასწორა კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი.
შესაძლებელია თუ არა დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და სად საჩივრდება აღნიშნული?
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
რამდენად აქვს სავალდებულო ძალა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებას?
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის შესასრულებლად სავალდებულოა. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
განიხილავს თუ არა კომისია დავას, თუ მომხმარებლის სადავო ოპერაციის/ოპერაციების ჯამი აღემატება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს?
კომისიაში საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 50 000 ლარზე (უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტი, სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). შესაძლებელია მომხმარებელმა, თავისი გადაწყვეტილებით და შეხედულებით, მაგალითად, სადავო ოპერაციიდან გამომდინარე, მოთხოვნა შეამციროს ზემოხსენებულ ზღვრამდე და კომისიას მიმართოს შესაბამის თანხაზე მოთხოვნით.
როგორ შეიძლება კომისიასთან დაკავშირება?
კომისიის საკონტაქტო ტელეფონი: +995 322 406 333, ასევე დამატებითი კითხვებისა და კონსულტაციისათვის მიმართვა შესაძლებელია ელ. ფოსტის საშუალებით: disputescommission@findrc.ge