კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

თაღლითობა ყალბი ფულის გამოყენებით

თაღლითობის განხორციელება გაყალბებული ფულის საშუალებითაც არის შესაძლებელი. ყალბი ფული კი ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება მოხვდეს ისე, რომ ვერ ამოიცნოს და ამით ფინანსური ზარალი მიადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეთ ფულის დამცავ ნიშნებს, რომლებიც ნამდვილ ფულს ყალბისგან განასხვავებს. ნაღდი ფულის მიღებისას კი გამოიჩინეთ ყურადღება, დააკვირდით თქვენთვის გადმოცემულ ბანკნოტს და შეამოწმეთ დამცავი ნიშნები.

რა დამცავი ნიშნები აქვს ქართულ ლარს

ლარის ბანკნოტები დაცულია როგორც მოსახლეობისთვის განკუთვნილი და ადვილად დასანახი, ისე სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი ნიშნებით. მომხმარებლისთვის განკუთვნილი დამცავი ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია ბანკნოტზე გამჭოლ შუქზე გახედვისას, მისი სხვადასხვა კუთხით დახრისას ან ხელით შეხებისას. ლარის ბანკნოტებზე, ასევე, გამოყენებულია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

 

გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტზე შემდეგი დამცავი ნიშნების ამოცნობაა შესაძლებელი:

 

წყლისნიშანი

გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს ნომინალის შესაბამისი პორტრეტის (მაგ., 20–ლარიანისთვის – ილია ჭავჭავაძის), ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის (მაგ., 20) და ლარის სიმბოლოს (₾) გამოსახულებები.

ვერტიკალური დამცავი ძაფი

ნომინალის შესაბამისი წარწერით - წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ძაფი ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს.

დამცავი ბოჭკოები

ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.

თანმხვედრი გამოსახულება

ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.

 

ბანკნოტის სხვადასხვა კუთხით დახრისას შემდეგი დამცავი ნიშნების ამოცნობაა შესაძლებელი:

 

ჰოლოგრამა

ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს  ცვალებადი ეფექტი (ძველი სერიის დაბალი ნომინალის ბანკნოტებს (5, 10, 20) არ აქვთ მსგავსი ტიპის ჰოლოგრამა).

ფარული გამოსახულება

დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.

ოპტიკურად ცვალებადი საღებავი

სხვადასხვა კუთხით დახრისას ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ორნამენტი იცვლის ფერს.

ირისისებური ზოლი

ბანკნოტის უკანა მხარეს, ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.

 

ბანკნოტზე შეხებით შემდეგი დამცავი ნიშნების ამოცნობაა შესაძლებელი:

 

რელიეფური ნაბეჭდი

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე (მაგ., პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.

ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის

ბანკნოტის წინა მხარეზე მარჯვენა და მარცხენა კიდეებზე დატანილია ნომინალების მიხედვით განსხვავებული რაოდენობის ხაზები, რომელიც შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

დანარჩენი დამცავი ნიშნების ამოცნობა კი სპეციალური ხელსაწყოებით - გამადიდებელი ლუპით, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით, მაგნიტური დეტექტორით ხდება.

დაწვრილებით, ლარის დამცავი ნიშნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოში, უცხოური ვალუტებიდან ასევე ხშირად გამოიყენება დოლარი და ევრო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იცოდეთ მათი დამცავი ნიშნებიც.

აშშ დოლარის დამცავი ნიშნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.  ევროს დამცავი ნიშნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.  

როგორ მოიქცეთ, თუ  ბანკნოტი მიიჩნიეთ საეჭვოდ?

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბანკნოტი შესაძლოა გაყალბებული იყოს, მიმართეთ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს. 

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ბანკი ვალდებულია, სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშანი არ დაუბრუნოს შემომტანს და შესაბამის ცნობასთან ერთად შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში. თუ ფულის ნიშანი ყალბი აღმოჩნდა, მომხმარებელს ის არც უკან უბრუნდება და არც აუნაზღაურდება.