პოსტერმინალით გადახდა
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში - კაფეში, მაღაზიასა თუ სავაჭრო ცენტრში შეძენილი საქონლისა თუ მომსახურების საფასურის საგადახდო ბარათით გადახდა შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს, რადგან შეიძლება ნაღდი ფული არ აღმოგაჩნდეთ, ან თუ გადასახდელი თანხა დიდია, მისი თან ტარება არაკომფორტული ხდება. ასევე, თუ თანხის გასანაღდებლად ბანკომატი ან ბანკი ახლოს არაა, ბარათით გადახდა საუკეთესო გამოსავალია. ბარათით ანგარიშსწორების უპირატესობაა ისიც, რომ ის უფასოა და განაღდების ხარჯს აიცილებთ თავიდან.
საგადახდო ბარათით გადახდა პოსტერმინალის საშუალებით ხდება. პოსტერმინალი ეს არის აპარატი, რომელიც ჩართულია საბარათე საგადახდო სისტემაში. მისი პროგრამული უზრუნველყოფა ამუშავებს ბარათის მონაცემებს და მისი საშუალებით თქვენი საბარათე ანგარიშის ნაშთის ფარგლებში შეგიძლიათ პროდუქტისა და მომსახურების ღირებულების გადახდა.
პოსტერმინალი შემდეგი სქემით ფუნქციონირებს:
- კითხულობს თქვენი საგადახდო ბარათის მონაცემებს;
- ამოწმებს, არის თუ არა თქვენს ანგარიშზე გადახდის განსახორციელებლად საკმარისი თანხა ან შესაბამისი ლიმიტი;
- პოსტერმინალიდან საპროცესინგო ცენტრში იგზავნება ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ, რის შედეგადაც ბანკი შესაბამის პროცედურით გადარიცხავს თანხას თქვენი ანგარიშიდან სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის ანგარიშზე;
- აბრუნებს პასუხს ტრანზაქციის განხორციელებაზე, რაც იბეჭდება შესაბამის ქვითარზე.
- თუ თქვენს ბარათზე არსებული თანხა ან თანხის ლიმიტი ტრანზაქციის განსახორციელებლად არაა საკმარისი, ოპერაცია არ შესრულდება. დაბეჭდილ ქვითარზე ოპერაციის უარყოფა და უარყოფის მიზეზი მითითებული იქნება.
პოსტერმინალის ტექნიკური მახასიათებლები
პოსტერმინალი აღჭურვილია იმ ტექნიკური დეტალებით, რომლებსაც შეუძლიათ ბარათის მონაცემების წაკითხვა და გადახდის ოპერაციების შესრულება. მაგალითად:
მაგნიტური ზოლის წასაკითხი ჭრილი
პოსტერმინალის ამ ნაწილს შეუძლია საგადახდო ბარათის მაგნიტური ზოლიდან მიიღოს ბარათის მფლობელის საბანკო მონაცემები.
ჩიპური ბარათის ჩასადები ჭრილი
პოსტერმინალის ამ ნაწილში თავსდება ჩიპიანი ბარათი. ტერმინალი ამუშავებს ჩიპში ჩატვირთულ მონაცემებს.
ტერმინალის ეკრანი
ტერმინალის ნაწილი, რომელზეც იწერება გადასახდელი თანხის ოდენობა, ბარათის პინკოდის შეყვანის მოთხოვნა, ოპერაციის შესრულება / უარყოფის შეტყობინება და სხვა.
ტერმინალის კლავიატურა
ციფრების და სიმბოლოების აღმნიშვნელი ღილაკების ერთობლიობა, რომელზეც შეგიძლიათ გადასახდელი თანხის მოცულობის და ბარათის პინკოდის შეყვანა. ასევე ამ კლავიატურით შეგიძლიათ შეყვანილი მონაცემების გაუქმება და დადასტურება.
ქვითრის საბეჭდი პრინტერი
ბარათით გადახდის ოპერაცია ბანკმა შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს. ორივე შემთხვევისთვის პოსტერმინალიდან იბეჭდება ქვითარი, რომელზეც მითითებულია დადასტურდა თუ არა ოპერაცია და მითითებულია ოპერაციის ღირებულება, ოპერაციის დამუშავების თარიღი, ტერმინალის მფლობელი ორგანიზაციის ლოგო და სხვა მონაცემები.
უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგია
თანამედროვე პოსტერმინალები აღჭურვილია უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიითაც. თუ თქვენს ბარათს აქვს უკონტაქტო წამკითხველი, მარტივად, ეკრანზე ბარათის დადებით შეასრულებთ გადახდის ოპერაციას. ამასთანავე, თუ თქვენ ტელეფონში ჩაწერილი გაქვთ ელექტრონული საფულე, ბარათის წარდგენის გარეშე, ამ საფულითაც შეძლებთ გადახდას.
პოსტერმინალით სარგებლობის ხარჯები
როდესაც რაიმე ნივთის ან მომსახურების ღირებულებას საგადახდო ბარათისა და პოსტერმინალის საშუალებით იხდით, გადახდის საკომისიო, როგორც წესი, არ გეკისრებათ. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებზე არსებული პოსტერმინალები კომერციული ბანკების საკუთრებაა. ამ ობიექტებსა და ბანკებს შორის ინდივიდუალური შეთანხმებით განისაზღვრება, თუ რა პირობებით გადასცემს ბანკი პოსტერმინალს ობიექტს.
რჩევები პოსტერმინალით სარგებლობისას:
უნაღდო ანგარიშსწორებისას სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი:
დაიცავით ბარათის მონაცემები მესამე პირებისგან
უკონტაქტო მეთოდით გადახდისას, მცირე თანხის შემთხვევაში თანხის გადახდა პინკოდის შეყვანის გარეშე შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით გადახდა მოსახერხებელია, მას გარკვეული რისკებიც ახლავს თან. მაგალითად, თუ ბარათი მესამე პირის ხელში აღმოჩნდა, ის თქვენი ბარათიდან უკონტაქტო გადახდით თანხის დახარჯვას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ბარათი დავიცვათ მესამე პირის წვდომისგან. მაგალითად, არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ ხალხმრავალ ადგილას. ასევე, ნივთის ან მომსახურების საფასურის გადახდისას, არასოდეს გაატანოთ ბარათი მესამე პირს, მაგალითად, მოლარეს ან მიმტანს. სხვა პირისთვის ბარათის გადაცემით მას საშუალებას აძლევთ თქვენი ბარათის მონაცემები მოიპოვოს და შედეგად თქვენი თანხა მიითვისოს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თაღლითებს ბარათის მონაცემების მოპარვა თაღლითებს, მარტივად, ბარათისთვის ფოტოს გადაღებით შეუძლიათ. ამიტომ არასდროს გაუშვათ საგადახდო ბარათი თვალთახედვის არედან.
თავად შეიყვანეთ პინკოდი
პოსტერმინალზე გადახდისას თავად შეიყვანეთ პინკოდი. არ გაუმხილოთ ის მომსახურების გამწევს და ხმამაღლა არ გააჟღეროთ.
შეამოწმეთ თანხა
სანამ თანხას გადაიხდიდეთ, გადაამოწმეთ, ემთხვევა თუ არა პოსტერმინალზე დაფიქსირებული გადასახდელი თანხის მოცულობა თქვენს რეალურ ხარჯს.
შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდის გაუქმება
თუ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში შენაძენის დაბრუნება გადაწყვიტეთ, ან გადახდის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ნივთი დაზიანებულია ან მისი მდგომარეობა არ შეესაბამება სასურველს, თქვენ შეგიძლიათ პოსტერმინალით განხორციელებული გადახდის გაუქმება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოთ. გაუქმებული გადახდის შესაბამის თანხას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც წესი მყისიერად, ბანკი ანგარიშზე დაგიბრუნებთ.
თავი დაიცავით სკიმინგისგან
მნიშვნელოვანია, თავი დაიცვათ თაღლითობისგან და ყურადღება გაამახვილოთ ე.წ „სკიმინგზე“, რომელიც ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. სკიმინგის დროს ბანკომატზე ან პოსტერმინალზე სპეციალური მოწყობილობა - სკიმერი მონტაჟდება, რომელსაც ბარათის მონაცემების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) მოპარვა შეუძლია და რასაც თაღლითი თანხის მისათვისებელად იყენებს. პოსტერმინალით სარგებლობისას დაიცავით უსაფრთხოების ზომები - დარწმუნდით, რომ მას არ ემჩნევა დაზიანებები და მასზე არ არის დამონტაჟებული სკიმერი.