კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ოჯახის ფინანსების მართვისა და კონტროლის თავისებურება

ოჯახის კეთილდღეობა და ფინანსური სტაბილურობა დიდწილად ფინანსების დაგეგმვასა და მის სწორ მართვაზეა დამოკიდებული. ინდივიდუალური ფინანსების მართვისგან განსხვავებით, ოჯახის ფინანსებთან მუშაობის პროცესი მოითხოვს არა ერთი ინდივიდის, არამედ ოჯახის თითოეული წევრის ფინანსური საჭიროებების, მისწრაფებებისა და ხარჯვისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებას. 

ოჯახის ფინანსების დაგეგმვა და შემდეგ მისი მართვა მუდმივი პროცესია. როდესაც ოჯახის ფინანსების დაგეგმვას გადაწყვეტთ, დაგჭირდებათ ოჯახის ფინანსური რესურსების შეფასება, ფინანსების მართვისა და ხარჯების შემცირების მიდგომების შემუშავება მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, ფინანსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ოჯახის ფინანსების მართვა სხვადასხვა პროცესს უკავშირდება, მათ შორის: ბიუჯეტირებას, მიზნების დასახვას, ვალდებულებების მართვას, ოჯახის თითოეული წევრის საჭიროების დაკმაყოფილებას, მაგალითად, შვილის სწავლის დაგეგმვას, საპენსიო ასაკისთვის მზადებას, ქონების შეძენისა თუ მისი დაზღვევის გადაწყვეტილებებს. იმისთვის, რომ ეს ურთიერთდაკავშირებული და ერთი შეხედვით რთული პროცესი გაიმარტივოთ, შეგიძლიათ ოჯახის ფინანსების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ასპექტები გაითვალისწინოთ. 

5 რამ, რაც სასურველია გაითვალისწინოთ, როდესაც ოჯახის ფინანსების მართვას იწყებთ 

გამჭვირვალობა

თუ გადაწყვეტთ, რომ ოჯახის ფინანსები ერთ სივრცეში მოაქციოთ, შეხედოთ შემოსავლებს, ხარჯებსა და დაზოგვის შესაძლებლობებს მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ინფორმაციაზე ხელი მიგიწვდებოდეთ. ოჯახის ფინანსების მართვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ინფორმაციის გაზიარება და მისი გამჭვირვალობა წარმოადგენს. ოჯახის ყველა წევრი თანაბრად უნდა იყოს მოწადინებული, გააზიაროს ინფორმაცია საკუთარი შემოსავლების ან საოჯახო ბიუჯეტის შემოსავლებში მის მიერ შეტანილი წვლილის, ასევე, ხარჯების, სურვილებისა და ფინანსური მიზნების შესახებ. საერთო ფინანსების სწორი დაგეგმვა მხოლოდ ასეა შესაძლებელი;

ღია კომუნიკაცია

გამჭვირვალობის მისაღწევად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს შორის ღია კომუნიკაცია. ხშირად, ინდივიდუალური ფინანსების მართვის დროსაც კი არასასიამოვნო განცდას იწვევს საკუთარი ხარჯებისთვის თვალის გასწორება. ამის გამო, შეიძლება იფიქროთ, რომ არ ღირს ყველა ფინანსური დეტალის ოჯახის წევრებთან გაზიარება. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი ხარჯის დაფარვა ხელს შეუშლის ფინანსების სწორად მართვას, ხარჯების ანალიზსა და ფინანსური მიზნებისკენ სვლას. მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოთ, რომ საერთო ფინანსების მართვა არ გზღუდავთ ინდივიდუალური სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ოჯახის ფინანსების მართვა შესაძლებლობაა გადააფასოთ თქვენი ხარჯვითი ქცევა და საერთო ძალისხმევით გააჯანსაღოთ თქვენი ფინანსების მართვის უნარი;

დეტალიზებული ხარჯვითი გეგმის გაწერა

ფინანსების მართვა იწყება მიმდინარე ხარჯების ანალიზით. ოჯახის ფინანსების მართვის შემთხვევაში, თითოეულმა წევრმა სასურველია, აღრიცხოს მისი მნიშვნელოვანი ხარჯები. ხარჯების გეგმის შედგენა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ მიმდინარე სიტუაციის ანალიზში, ასევე, საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ სად იხარჯება თქვენი ფინანსების უმეტესი ნაწილი და შესაძლებელია თუ არა ეკონომიის მიღწევა;

საოჯახო ბიუჯეტის შედგენა და მონიტორინგი

საერთო შემოსავლებისა და ხარჯების თავმოყრის შემდეგ მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ფინანსების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი მეთოდი - ბიუჯეტის შედგენა. კონკრეტული პერიოდის, მაგალითად, ერთი კვირის ან თვის შემოსავლების, ხარჯებისა და დანაზოგების ერთ „სივრცეში“,თავმოყრა, ფინანსების კონტროლში დაგეხმარებათ. გასათვალისწინებელია, რომ ვერც ერთი ბიუჯეტი, განსაკუთრებით კი გაერთიანებული, ოჯახის ბიუჯეტი ვერ იქნება ხისტი, ანუ უცვლელი მთელი თვის განმავლობაში, შეიძლება გაუთვალისწინებელი შემოსავალი დაგემატოთ ან ხარჯი გაგიჩნდეთ. ბიუჯეტის წარმოების პროცესში დაგეგმილი ხარჯვის კონტროლი და თქვენი მიმდინარე სიტუაციის ანალიზი თქვენ მიერ დასახული თვის ფინანსური გეგმის მუდმივად განახლებაში დაგეხმარებათ;

დაზოგვა და ინვესტირება

ფინანსების მართვის მთავარი მიზანი ფინანსური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევაა. მხოლოდ მიმდინარე ხარჯების სწორი დაფინანსება ცვალებად გარემოში ფინანსური სტაბილურობის განცდას არ იძლევა. ისევე, როგორც საკუთარი ფინანსების მართვისას, ოჯახის ფინანსების მართვის დროსაც მნიშვნელოვანია, "პირველ რიგში გადაუხადოთ საკუთარ თავს" ანუ დაზოგოთ. ფინანსური მიზნების მისაღწევად, გაუთვალისწინებელი მოვლენების დაფინასებისა და, უბრალოდ, სტაბილურობის განცდის შესაქმნელად საჭიროა, ოჯახს ჰქონდეს დანაზოგი. დაზოგვა და დაზოგილი რესურსების სწორად დაბანდება ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაგეხმარებათ.

4 საყურადღებო საკითხი, რასაც სასურველია თავი აარიდოთ ოჯახის ფინანსების მართვისას

ფინანსების ბუნდოვანი დაგეგმვა

ფინანსების მართვისთვის ზოგადი, მიახლოებითი ჩანაწერები უსარგებლოა. თუ ოჯახის ფინანსების მართვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმარებას გადაწყვეტთ, არაზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ხელს შეგიშლით. 

ფულზე საუბრისთვის თავის არიდება

ზოგჯერ ადამიანისთვის პირადი თვისებების, გარემოსა თუ კულტურული თავისებურების გამო ფულზე საუბარი არაკომფორტულია და ამჯობინებს, ამ საკითხს გვერდი აუაროს. ხშირად ამ თემის განხილვას ბავშვებთანაც ერიდებიან. რეალურად, ფულსა და ფინანსებზე საუბარი ოჯახის ყველა წევრთან, განსაკუთრებით ბავშვებთან, საჭიროცაა და აუცილებელიც. ფულზე საუბარი აყალიბებს ჯანსაღ დამოკიდებულებას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა: რესურსების შეზღუდულობა, ხარჯვითი ქცევა, შესაძლო ფინანსური სირთულეების დაძლევა და სხვა.

ფინანსური პასუხისმგებლობების ოჯახის წევრებზე გაუნაწილებლობა

თუ, ერთი მხრივ, უფრო მარტივია ადამიანმა მხოლოდ საკუთარი ფინანსები მართოს, ეს საქმე უფრო რთული ხდება, როდესაც რამდენიმე ადამიანის ფინანსების მართვაზე, ანუ ოჯახის ფინანსების მართვაზეა საუბარი. ოჯახში არსებული როლები ზოგჯერ განსხვავდება ასაკის, პროფესიის, დატვირთულობისა თუ სხვა ფაქტორების გამო. ეს გარემოება ზოგჯერ ოჯახის ფინანსებზე პასუხიმგებლობის ერთ ადამიანთან თავმოყრას იწვევს. მნიშვნელოვანია, ოჯახის ყველა წვერს ჰქონდეს გათავისებული, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ყველა მათგანზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, გამოიმუშავებს თუ არა შემოსავალს, ხარჯვაში ყველა მათგანი იქნება ჩართული. სწორედ ამიტომ, ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვას, საერთო მიზნის მიღწევაში საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნება მართებს.  

სარეზერვო ფონდის არ არსებობა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოჯახის სარეზერვო ფონდის არსებობაა. როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ ფინანსებს მართავს და მხოლოდ მასზეა პასუხისმგებელი, ამ შემთხვევაშიც შეუძლია დააკვირდეს, თუ რამდენად არაპროგნოზირებადია გარემო და რამდენი გაუთვალისწინებელი ფაქტორი არსებობს, რასაც ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ოჯახის ფინანსების მართვისას კი ეს შემთხვევები ოჯახის წევრების პროპორციულად იზრდება . შესაბამისად, ოჯახის სტაბილურობისა და ფინანსური კეთილდღეობისთვის მსგავსი შემთხვევების დასაფინანსებელი ფულადი რეზერვის არსებობაა მნიშვნელოვანი.