კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დანაზოგების უსაფრთხოება

დანაზოგების შენახვის ან შეგროვების როგორ მიმზიდველ და მოსახერხებელ პირობებზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, დეპოზიტის მფლობელისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ რამდენად უსაფრთხოა თავისი თანხის სხვა პირისთვის სამართავად მინდობა და რა მოხდება თუკი სარისკო სიტუაცია წარმოიქმნება.

დანაზოგის უსაფრთხოება ბანკში

დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სადეპოზიტო პროდუქტს ბანკის დეპოზიტები წარმოადგენს. ერთი მხრივ, კომერციული ბანკი სტაბილური ინსტიტუციაა და მის შეუფერხებელი ფუნქციონირება ეროვნული ბანკის მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს კომერციულ ბანკში გახსნილი ყველა დეპოზიტი ავტომატურად დაზღვეულია გახსნისთანავე.

კომერციული ბანკის მიერ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ ეროვნული ბანკის მხრიდან საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემდეგაა შესაძლებელი. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სხვა პირობების დაკმაყოფილების გარდა, იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინოს საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ ბანკს შექმნის მომენტში განსაზღვრული აქვს თანხა, რომელსაც გამოიყენებს საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა რისკის დასაბალანსებლად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტარების თანხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკს უდგენს მთელი რიგ მოთხოვნებს, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და პერმანენტულ ზედამხედველობას უწევს მას ამ მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც განაპირობებს საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სანდოობას. 

დეპოზიტების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ჩაერთო დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. 2020 წლის 1-ლი ივლისიდან კი სადაზღვევო ლიმიტი გაიზარდა 15 000 ლარამდე. ხოლო 2024 წლის 1-ლი იანვრიდან თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში სადაზღვევო ზღვარი 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, თქვენი თანხები ბანკში არსებულ ყველა ანგარიშზე დაჯამდება და რიგითობის გათვალისწინების გარეშე, პრაქტიკულად დაუყოვნებლივ, 20 დღის ვადაში, საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში დაგროვებული თანხიდან აგინაზღაურდებათ ამ ბანკში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამურად განთავსებული თანხა, მაქსიმუმ 30 000 ლარი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ თქვენი დეპოზიტის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ამ თანხის ზემოთ არსებული თანხის ანაზღაურებაც მოხდება, თუმცა არა დაუყოვნებლივ, არამედ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

დეპოზიტების დაზღვევის სქემაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებათ შეგიძლიათ ესტუმროთ სააგენტოს ვებგვერდს.

საქართველოში დეპოზიტების ავტომატური დაზღვევის სისტემა მოქმედებს მხოლოდ მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნილ ანაბრებზე.

სხვა არასაბანკო დაწესებულებაში ინვესტირებული თანხები ამ სქემით დაზღვეული არ არისდა და ამ შემთხვევაში თქვენი თანხის სტაბილურ და უსაფრთხო განთავსებას ძირითადად, ორგანიზაციის გამოცდილება და ბაზარზე არსებული რეპუტაცია განაპირობებს. 

დანაზოგის უსაფრთხოება სახლში

ვინაიდან თანხის შენახვის ერთ-ერთი გზა შეიძლება სახლში ფულის დაგროვებაც იყოს, საინტერესოა მისი უსაფრთხოების საკითხიც. გარდა იმისა, რომ სახლში შენახულ ფულზე არ დაგერიცხებათ საპროცენტო სარგებელი და დროთა განმავლობაში თქვენ მიერ შეგროვებული ფული ღირებულებას დაკარგავს, სახლში თანხის გაჩერებას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებიც მწვავედ ეხება. საფინანსო ორგანიზაციებში შენახული ფული მკაცრად კონტროლირებად და დაცულ საცავებში ინახება და დაზღვეულიცაა მოპარვისა თუ განადგურებისგან. სახლში შენახული ფული კი, არა თუ ასე მკაცრად დაცული, არამედ ხშირად საერთოდ დაუცველადაცაა შენახული.

სახლში ფულის შენახვას თან ახლავს სხვადასხვა რისკები, მათ შორის:

  • ფულის ფიზიკური დაზიანების და/ან განადგურების რისკი, მაგალითად, წყალდიდობის, ხანძრის ან დაუდევარი ქმედებების გამო.
  • სახლში შენახულ ფულს  ქურდობისა და არამიზნობრივად ხარჯვის რისკიც ემატება. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიები უძრავი ქონების დაზღვევისას ხშირად უარს ამბობენ ამ ტიპის დანაზოგის დაზღვევაზე და სახლში შენახულ ფულთან დაკავშირებული რისკები დაზღვევის გარეშე რჩება.