კონფერენციის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.
კონფერენციას, პროექტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ და საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მოწვეულმა ექსპერტებმა.
მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონეზე და განიხილეს ფინანსური განათლების პროგრამები ისეთი სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა ახალგაზრდები და ასაკოვანი მოსახლეობა. ამასთან, განიხილეს მონაწილე ქვეყნების კულტურასა და ფინანსურ განათლებას შორის დამოკიდებულება, ფინანსური განათლების ციფრული გზით გავრცელების შესაძლებლობები, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
კონფერენციას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ეროვნულ ბანკსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
"მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებული გეოპოლიტიკური თუ ისტორიული გარემოა, გამოწვევები და მიზნები საერთოა. ყველა ვაცნობიერებთ მოსახლეობის ფინანსური განათლების მნიშვნელობას როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქის, ისე, მთლიანი სახელმწიფოსთვის და გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავუზიაროთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენი საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა.