ბოლო პერიოდში უფრო მეტი მშობელი იაზრებს, რომ ბავშვისთვის ფულზე საუბარი ადრეულ ასაკშივე მნიშვნელოვანია. ფულზე საუბარი ეს არის პასუხისმგებლობის, არჩევანის, დისციპლინის, დამოუკიდებლობისა და კრიტიკული აზროვნების სწავლება. სწორედ ამიტომ, ფინანსური განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარია, რომლის განვითარებაც ოჯახიდან იწყება.
რატომ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ფულზე?
ფინანსური დამოუკიდებლობის საფუძვლის შესაქმნელად
ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან სწავლობენ ფულის მართვას, ზრდასრულ ასაკში უფრო თავდაჯერებულად იღებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. მათ უკეთ ესმით, როგორ დაგეგმონ ხარჯები, როგორ შექმნან დანაზოგი და როგორ აიცილონ თავიდან ზედმეტი ვალდებულებები.სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განსავითარებლად
ფინანსური განათლება ბავშვს ასწავლის, რომ ყველა სურვილი დაუყოვნებლივ ვერ დაკმაყოფილდება. ის სწავლობს არჩევანის გაკეთებას, პრიორიტეტების განსაზღვრას და შედეგებზე ფიქრს - უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.
საჭიროებებისა და სურვილების ერთმანეთისგან გასარჩევად
თანამედროვე სამომხმარებლო გარემოში ბავშვები უხვად იღებენ სარეკლამო ტიპის ინფორმაციას, რაც მათ ახალი სურვილებს უჩენსამიტომ მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდან ისწავლონ განსხვავება საჭიროებებსა და სურვილებს შორის. როდესაც ბავშვი აცნობიერებს, რომ საკვები, ტანსაცმელი და განათლება აუცილებელი საჭიროებებია, ხოლო ზოგიერთი სათამაშო თუ გაჯეტი - სურვილი, მას უფრო რეალისტური დამოკიდებულება უყალიბდება ფულის ხარჯვის მიმართ.
ჯანსაღი ფინანსური ჩვევების ჩამოსაყალიბებლად
დაზოგვა, დაგეგმვა და პასუხისმგებლიანი ხარჯვა ჩვევებია, რომლებიც პრაქტიკით ყალიბდება. თუ ბავშვი ადრეული ასაკიდან ეჩვევა დანაზოგის გაკეთებას ან საკუთარი მიზნისთვის თანხის შეგროვებას, მომავალში ფინანსური სტაბილურობის შექმნა მისთვის გაცილებით მარტივი იქნება. სწორი ფინანსური ჩვევების გამომუშავება კი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი კვების ან სწავლის ჩვევები - რაც ადრე იწყება, მით უფრო ბუნებრივი ხდება.
ფინანსური რისკებისა და თაღლითობისგან დასაცავად
ციფრულ ეპოქაში ბავშვები და მოზარდები სულ უფრო ადრე იწყებენ ონლაინ სივრცეში აქტიურობას. შესაბამისად, იზრდება ფინანსური თაღლითობების, ყალბი შეთავაზებებისა და პერსონალური მონაცემების მოპარვის რისკიც.
ფინანსური განათლება მათ ეხმარება კრიტიკულად შეაფასონ შეთავაზებები, ამოიცნონ საეჭვო სქემები და უფრო უსაფრთხოდ იმოქმედონ როგორც ონლაინ, ისე რეალურ ცხოვრებაში.
რა ასაკში როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფულზე?
ფინანსური განათლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ბავშვის ასაკსა და განვითარების ეტაპს შეესაბამება.
3-5 წელი: პირველი შეხვედრა ფულთან
ამ ასაკში ბავშვები ყველაზე უკეთ პრაქტიკული და ვიზუალურად აღქმადი მაგალითებით სწავლობენ.
რა ვასწავლოთ:
- ფული გამოიყენება ნივთებისა და მომსახურების შესაძენად- მიეცით შესაძლებლობა თავად გადაიხადოს ნივთის საფასური, ასე ბავშვი ერთი მხრივ აცნობიერებს ფულის რეალურობას, მერე მხრივ, კი ხვდება რომ გადაწყვეტილება მის ხელშია;
- ნივთებს განსხვავებული ფასები აქვთ - ნაღდი ფულით გადახდისას ბავშვი თავად მიხვდება რომ სხვა ვიზუალის და რაოდენობის კუპიურები თუ მონეტები სჭირდება სხვადასხვა ნივთის შეძენისას ;
- ფულის რაოდენობა შეზღუდულია - თუკი ბავშვმა იცის რომ მაღაზიაში შესვლისას სულ 3 ცალი 5 ლარიანი კუპიურის გამოყენება შეუძლია, იწყებს გაცნობიერებას რომ რესურსები შეზღუდულია.
რა დაგვეხმარება სწავლების პროცესში:
- მონეტებისა და ბანკნოტების გამოყენება - ფულის ვიზუალიზაცია მისი შინაარსის თავდაპირველ აღქმას ამარტივებს, ;
- „სამი ქილის“ მეთოდი - მოამზადეთ სამი ქილა ან ყულაბა წარწერებით: "ვხარჯავ" - პერიოდული ხარჯებისთვის, "ვინახავ" - მიზნების მისაღწევად, "ვაზიარებ" - ქველმოქმედებისთვის. ასე ბავშვი სწავლობს, რომ ფულს სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს;
- ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენის პროცესში ჩართვა - მაღაზიაში სთხოვეთ დაგეხმაროთ ორ მსგავს პროდუქტს შორის არჩევანის გაკეთებაში, შეეცადეთ დაეხმაროთ ფასის სხვაობის გააზრებაში.
6-9 წელი: ჯიბის ფული და დანაზოგი
ამ ასაკში ბავშვები უკვე უკეთ აცნობიერებენ ფულის არსს და იმას, თუ როგორ ერთვება ის ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს საუკეთესო ასაკია მათ მცირე ფინანსური დამოუკიდებლობის აღქმა მისცეთ.
რა ვასწავლოთ:
- ფულის განკარგვა - მიეცით არჩევანის საშუალება. განსაზღვრეთ შეზღუდული ბიუჯეტი - პირობითად, 5 ლარი კვირაში და მიეცით საშუალება თავად მიიღოს ხარჯვის გადაწყვეტილება;
- ფული შრომით მიიღება - ამ ასაკში შესაძლებელია აუხსნათ როგორ შეუძლიათ ფულის გამომუშავება. შინაური ცხოველის გასეირნებით, კონკურსში მონაწილეობით თუ სხვა;
- დაზოგვა - თუკი ფულის განკარგვის პროცესში ჩართული იქნებით როგორც რჩევების მიმცემი მენტორი, დაიწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ დანაზოგის შექმნა მათი მიზნებისა და ოცნებების ასრულების საწყისია
- განსხვავება საჭიროებებსა და სურვილებს შორის
რა დაგვეხმარება სწავლების პროცესში?
- მცირე პასუხისმგებლობები და ჯილდო - ბავშვს შეუძლია გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ მიიღოს სიმბოლური ანაზღაურება და ისწავლოს შრომისა და შემოსავლის კავშირი. თუმცა, მნიშვნელოვანია ანაზღაურება არ შესთავაზოთ ისეთ აქტივობაში რაც მისი ცხოვრებისა თუ მოვალეობების ნაწილია, მაგალითად, სწავლასა თუ მეზობლის დახმარებაში;
- დაზოგვის მიზნები -თუ ბავშვს კონკრეტული სათამაშო ან ნივთი სურს, დაეხმარეთ მიზნის დასახვასა და თანხის ეტაპობრივად დაგროვებაში. მიეცით საშუალება თავად მიაღწიოს მიზანს. გააცნობიეროს რომ მიზნის მიღწევას მოთმინება და ნებისყოფა სჭირდება
10-13 წელი: პასუხისმგებლობის გაზრდა - უფრო დიდი მიზნების დასახვა
ამ ასაკში ბავშვები უკვე მზად არიან უფრო კომპლექსური ფინანსური საკითხების გასაგებად.
რა ვასწავლოთ:
- ბიუჯეტირება და ხარჯების აღრიცხვა - ამ ასაკამდე ბავშვები უკვე გააცნობიერებენ რომ ფულის ხარჯვა გადაწყვეტილებაა, თუმცა მათ უკვე შეუძლიათ დაიწყონ ბიუჯეტის წარმოება და ხარჯების ჩამოწერა- რაში რას ხარჯავენ;
- ფინანსური მიზნების დასახვა - მათ უკვე შეუძლიათ ფულის უკეთესი მართვა. ამ ეტაპზე შესაძლებელია მათი მიზნები უფრო უკეთ დაგეგმვადი გახადოთ. დაეხმარეთ ჩამოაყალიბონ მიზნები და მათი მისაღწევი კონკრეტული ნაბიჯები გაწერონ
რა დაგეხმარებათ სწავლების პროცესში?
- პირადი ბიუჯეტის წარმოება - შეადგინეთ მარტივი ცხრილი, სადაც ბავშვი ჩაიწერს მიღებულ და დახარჯულ თანხებს.
- ფასების შედარება - ერთად შეადარეთ პროდუქტები, ფასდაკლებები და სხვადასხვა შეთავაზებები. ისაუბრეთ ფინანსურ შედეგებზე;
- საუბარი რეკლამებზე - აუხსენით, როგორ ცდილობს რეკლამა ადამიანების დარწმუნებას ნივთის შეძენაში და რატომ არ არის ყველა შეთავაზება რეალურად მომგებიანი.
14-18 წელი: რეალური ფინანსური სამყაროსთვის მომზადება
მოზარდობის პერიოდში ფინანსური განათლება უკვე პირდაპირ უკავშირდება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადებას.
რა ვასწავლოთ:
- საბანკო ანგარიშის და პროდუქტების არსი - ამ ასაკში ისინი უკვე უნდა აცნობიერებდნენ ძირითადი ფინანსური პროდუქტების არსს და იმას თუ რა როგორ მუშაობს
- პროცენტის არსი და დანაზოგის მნიშვნელობა - დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ ფორმალურ დაზოგვას სარგებლის მიღების უპირატესობა აქვს, ისაუბრეთ დაზოგვის მნიშვნელობაზე
- საკრედიტო ბარათისა და ზოგადად, სესხის იდეა - ზრდასრულობის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება სასესხო პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობაც. მნიშვნელოვანია ისაუბროთ, სესხზე, როგორც პასუხისმგებლობაზე. დაეხმარეთ გააცნობიერონ რომ სესხება მნიშნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა;
- გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვის აუცილებლობა
რა დაგვეხმარება სწავლების პროცესში?
- საბანკო სერვისების გაცნობა - აუხსენით, როგორ მუშაობს ანგარიში, ბარათი და ონლაინ ბანკინგი. მიეცით საშუალება ისარგებლონ მათთვის შექმნილი პროდუქტებით
- ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვა - განხორციელებაში ჩართვა - შესაბამისი ფორმით გაუზიარეთ ინფორმაცია საოჯახო ხარჯების, მოგზაურობის დაგეგმვის ან დიდი შესყიდვების შესახებ. ეს ეხმარება მოზარდს რეალური ფინანსური პასუხისმგებლობების გააზრებაში.
რა ასაკშიც უნდა იყოს ბავშვი და რა მეთოდებს უნდა იყენებდეთ სწავლებისთვის, მნიშვნელოვანია:
- თავად იყავით მაგალითი - ბავშვები უფრო მეტად აკვირდებიან, ვიდრე ისმენენ. თუ ისინი ხედავენ, რომ მშობლები გეგმავენ ბიუჯეტს, ზოგავენ და პასუხისმგებლიანად ხარჯავენ, ამ ქცევებს თავადაც აითვისებენ.
- ფული არ აქციოთ ტაბუირებულ თემად - ფულზე რეგულარული, მშვიდი და ასაკზე მორგებული კომუნიკაცია ბავშვებს ჯანსაღ დამოკიდებულებას უყალიბებს.
- მიეცით შეცდომების დაშვების შესაძლებლობა - თუ ბავშვი საკუთარ მცირე თანხას არასწორად დახარჯავს, ეს ხშირად უფრო ღირებული გაკვეთილია, ვიდრე ხანგრძლივი ახსნა. მცირე შეცდომები უსაფრთხო გარემოში მომავალში უფრო დიდი ფინანსური პრობლემების თავიდან აცილებაში ეხმარება.
ფულზე საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკის ან ბიუჯეტის სწავლება. ეს არის ბავშვის მომზადება რეალური ცხოვრებისთვის - იმისთვის, რომ მან შეძლოს პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთება, საკუთარი მიზნების დაგეგმვა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა.