მარტივად რომ ვთქვათ, ბრაუზინგი ინტერნეტში ინფორმაციის ძიებას, თვალიერებას ნიშნავს. World Wide Web ინფორმაციის მოსაპოვებლად მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მას კიბერთაღლითებიც აქტიურად იყენებენ მავნე პროგრამების, მათ შორის ჯაშუშური ვირუსების თავშესაფრად და საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ ის რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ ისარგებლოთ ვებბრაუზერითა და ინტერნეტრესურსებით:
1. მუდმივად განაახლეთ ვებრაუზერი
ვებბრაუზერი ბრაუზინგის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი მუდმივი განახლება. კიბერთაღლითები სარგებლობენ ვებბრაუზერის მოწყვლადობით, ბრაუზერის განახლება კი ამ სისუსტის თქვენს საწინააღმდეგოდ გამოყენების რისკს ამცირებს.
ყურადღებით იყავით Addon-ებისა და Plugin-ების გამოყენების დროსაც: ნებისმიერი დამატებითი მცირე პროგრამირება ბრაუზინგის დროს დამატებით საფრთხეს ქმნის. ამიტომ, აუცილებელია სიფრთხილით შეარჩიოთ Addon-ი და Plugin-ი, დაფიქრდეთ, ნამდვილად არის თუ არა მისი გამოყენების საჭიროება, ასევე ყურადღება მიაქციოთ მის ავტორს და ლეგიტიმურობას - გადმოწერეთ ოფიციალური წყაროებიდან და სკეპტიკურად შეხედეთ კერძო პირის მიერ შექმნილ საშუალებებს.
2. ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შიფრაციას
ვებგვერდზე ინფორმაციის შეყვანისას, ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის მისამართის ველს: ის უნდა იწყებოდეს https-ით და არა http-ით. https -ით დაწყებულ მისამართებში s კომუნიკაციის შიფრაციაზე მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვებგვერდებზე შეყვანილი ინფორმაცია მიმღებთან დაშიფრულად მიდის. არ შეიყვანოთ პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია ისეთ ვებგვერდებზე, რომელთაც არ გააჩნიათ კომუნიკაციის შიფრაცია, ანუ https თავსართი, ვინაიდან ასეთ ვებგვერდებზე შეყვანილი ინფორმაცია მიმღებს დაუშიფრავად, ანუ ღიად მიეწოდება.
3. იცოდეთ საძიებო სისტემის ფიშინგის შესახებ
კიბერთაღლითები ხშირად ქმნიან ყალბ ვებგვერდს, რომელიც, როგორც წესი, რომელიმე ცნობილი კომპანიის ვებგვერდის ასლია. როდესაც მსხვერპლის მიერ საძიებო სისტემაში აკრეფილი სიტყვა დაემთხვევა ყალბი ვებგვერდის საძიებო სიტყვას, ძიების შედეგში შესაძლოა სწორედ თაღლითური მიზნებით შექმნილი ყალბი გვერდი გამოჩნდეს და არა ნამდვილი. ამიტომ, თუ რომელიმე ვებგვერდზე გინდათ შესვლა, უმჯობესია, თავად აკრიფოთ მისი მისამართი ვებბრაუზერის ველში, რათა არ გახდეთ მსგავსი ტიპის თაღლითობის მსხვერპლი.
4. ერიდეთ საეჭვო რეპუტაციის ვებგვერდებს
თავი შეიკავეთ საეჭვო რეპუტაციის ვებგვერდზე შესვლისგან. ასევე, ასეთი ვებგვერდებიდან არ გადმოწეროთ მიმაგრებები. ვებგვერდის რეპუტაციის გადამოწმება სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის გამოყენებით შეგიძლიათ.
5. არ დააიგნოროთ გამაფრთხილებელი შეტყობინება
თუ კი ვებგვერდზე ვიზიტისას თქვენი ბრაუზერი გამაფრთხილებელ შეტყობინებას გაჩვენებთ, მაგალითად, „Your connection is not private”, გამოდით და მომავალშიც ერიდეთ ამ ვებგვერდს.
6. არ დაამახსოვრებინოთ ვებბრაუზერს პაროლები და სხვა მონაცემები
თანამედროვე ვებბრაუზერების უმრავლესობას აქვს მომხმარებლის სახელისა და პაროლის შენახვის ფუნქცია. ეს ერთი შეხედვით, საქმეს გიმარტივებთ, თუმცა მისი გამოყენება თქვენს ინფორმაციას საფრთხის ქვეშ აყენებს. ასეთ დროს კიბერთაღლითის მიერ ვებბრაუზერზე წვდომის მიღების შემთხვევაში, თქვენი ინფორმაციის ხელში ჩაგდებაც შესაძლებელია.
მსგავსი თემები
- როგორ დაიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან?
- რა უნდა იცოდეთ სოციალური ინჟინერიის შესახებ?
- როგორ დაიცვათ სმარტფონების უსაფრთხოება?
- როგორ შექმნათ რთული პაროლები
- როგორ გაიაქტიუროთ 2 დონიანი ავთენტიფიკაცია Facebook-სა და Gmail-ზე?
- 4 რჩევა სოციალურ ქსელში უსაფრთხოებისთვის
- როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში
- პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა