კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის ობლიგაცია?

ობლიგაცია წარმოადგენს სავალო ფასიან ქაღალდს, ხოლო ობლიგაციის გამომშვებ სუბიექტს ემიტენტს უწოდებენ. ემიტენტი შეიძლება იყოს როგორც კომერციული ორგანიზაცია (კომპანია), ისე სახელმწიფო ან სახელმწიფოს სააგენტო. ობლიგაციის შეძენის შემთხვევაში თქვენ ასესხებთ ემიტენტს თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული ვადით და პერიოდულად იღებთ საპროცენტო სარგებელს - კუპონს (თუ ასეთი გააჩნია). ვადიანობის მიხედვით არჩევანი ძალიან დიდია, არსებობს როგორც 1 წლამდე ვადიანობის, ისე საშუალო და გრძელვადიანი (10, 20, 30 წლიანი) ობლიგაციები. დაფარვის ფორმის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის ობლიგაციები:

  • კუპონური ობლიგაცია - პერიოდული კუპონის დაფარვით და პერიოდის ბოლოს ძირის დაფარვით;
  • ნულოვანი კუპონის მქონე ობლიგაცია - იყიდება დისკონტით ანუ ნომინალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით და პერიოდის ბოლოს ხდება სრული დაფარვა; 
  • ამორტიზებადი ობლიგაციები - როდესაც სესხის გრაფიკის მსგავსად, პერიოდულად ხდება პროცენტის და ძირის დაფარვა. თუმცა ასეთი ტიპის ობლიგაციები იშვიათად გვხვდება.

ყველაზე მეტად გავრცელებულია კუპონური ობლიგაციები, რომელთა სარგებლის განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული (მაგ 10%) ან ცვალებადი (მაგ. TIBR + 3%). 

რა განსხვავებაა ობლიგაციებში რიგითობის, უზრუნველყოფისა და მიყიდვა-გამოსყიდვის უფლების მიხედვით?

ობლიგაციები შეიძლება განსხვავდებოდეს რიგითობის, უზრუნველყოფისა და მიყიდვა-გამოსყიდვის უფლების (ოპციონის) მიხედვით: 

1. რიგითობის მიხედვით ობლიგაციები ძირითადად 2 ფორმით გვხვდება -არასუბორდინირებული (Senior) და სუბორდინირებული (Junior). კომპანიის ფინანსური პრობლემების დროს (გაკოტრება, ლიკვიდაცია, რესტრუქტურიზაცია და ა.შ.) ჯერ იფარება არასუბორდინირებული ობლიგაციების მფლობელების მიმართ ვალდებულებები და შემდგომ, დარჩენილი თანხა მიემართება სუბორდინირებული ობლიგაციების ვალდებულების დასაფარად. შესაბამისად, არასუბორდინირებული ობლიგაცია შედარებით ნაკლებ რისკს შეიცავს და სხვა თანაბარ პირობებში შედარებით  ნაკლებ შემოსავლიანია.

2. უზრუნველყოფის მიხედვით ობლიგაციები შეიძლება დავყოთ უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებად. ობლიგაციების უზრუნველყოფას შეიძლება წარმოადგენდეს უძრავი ქონება, კომპანიის მანქანა-დანადგარები, სასაქონლო მარაგები, დებიტორები, ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაციების შემთხვევაში - სესხები, ასევე გარანტიები და ა.შ. ასეთი ობლიგაციები დამატებით უსაფრთხოებას სთავაზობს ინვესტორს, რადგან ვალდებულების დაფარვის წყაროს, ფინანსური სახსრების არ არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უზრუნველყოფილი ობლიგაციები შედარებით ნაკლებ შემოსავლიანია (იგივე კომპანიის არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებთან შედარებით).

3. ობლიგაციას შეიძლება ჰქონდეს მიბმული მიყიდვის ან გამოსყიდვის უფლება, იგივე ოპციონი (Embedded options). მიყიდვის უფლების (Put option) მქონე ობლიგაცია ინვესტორს აძლევს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, ობლიგაციის ვადის გასვლამდე უკან მიყიდოს ობლიგაცია ემიტენტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღებში (ან პერიოდში), წინასწარგანსაზღვრული ფასით. მაგალითად, თუ 1 ობლიგაციის მიყიდვის ფასი არის 1,100 ლარი და აღნიშნული ობლიგაციის ფასი დაეცა 1,050 ლარამდე, ინვესტორს შესაძლებლობა აქვს საბაზრო ფასზე უფრო მაღალ ფასად უკან მიყიდოს ემიტენტს ობლიგაცია. აღნიშნული უფლება ინვესტორს უმცირებს ობლიგაციის ფასის შემცირების რისკს (ფასის ვარდნის რისკს იღებს ემიტენტი) და შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, ასეთი ობლიგაცია შედარებით დაბალ შემოსავლიანია.  გამოსყიდვის უფლება ემიტენტს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული ფასით გამოისყიდოს ობლიგაცია ინვესტორისგან. მიყიდვის უფლებისგან განსხვავებით, გამოსყიდვის უფლება ზრდის ინვესტორის რისკს, რის გამოც ასეთი უფლების მქონე ობლიგაცია სხვა თანაბარ პირობები შედარებით მაღალ შემოსავლიანია. მაგალითად, თუ 1 ობლიგაციის გამოსყიდვის წინასწარ განსაზღვრული ფასია 1,100 ლარი და ფასი გაიზარდა 1,200 ლარამდე, კომპანიას შეუძლია ინვესტორისგან გამოისყიდოს ობლიგაცია საბაზროზე უფრო დაბალ ფასად (1,100 ლარად).

ძირითადად, ობლიგაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები. ოფციონების კუთხით, გავრცელებულია გამოსყიდვის უფლების მქონე ობლიგაციები.

ზემოთ ჩამოთვლილი ობლიგაციის მახასიათებლები ინვესტორს სთავაზობს განსხვავებულ რისკს, შედარებით მაღალ ან დაბალ დაცულობას, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ობლიგაციის კუპონს (შემოსავლიანობას) გამოშვების მომენტში. აქედან გამომდინარე, ობლიგაციის შეძენამდე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ მათ თავისებურებებს, რაც თითოეულ საჯარო ობლიგაციაზე დეტალურად არის გაწერილი ობლიგაციების ემისიის პროსპექტში და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. საქართველოში გამოშვებული საჯარო ობლიგაციების ემისიის პროსპექტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.