კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

შეესაბამება თუ არა დეპოზიტი თქვენს მიზანს და შემოსავალს?

რამდენად შეესაბამება დეპოზიტის პირობები თქვენს მიზანს?

მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, დეპოზიტის ტიპი ან მისი სახელშეკრულებო პირობები პასუხობს თუ არა თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ დააგროვოთ კონკრეტული თანხა პერიოდული შენატანებით, ამასთან არ გაქვთ პირველადი შენატანი, უნდა აარჩიოთ დეპოზიტის ისეთი ტიპი, რომელზეც თანხის პერიოდულად დამატების საშუალება გექნებათ, ასევე არ არის დაწესებული პირველადი შენატანის თქვენთვის მიუღებელი ზღვარი. 

რამდენად შეესაბამება დეპოზიტის მახასიათებლები თქვენი შემოსავლის ტიპს?

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რამდენად შეესაბამება დეპოზიტზე თანხის განთავსების პირობა თქვენს შემოსავლებს. სხვადასხვა ტიპის დეპოზიტზე განსხვავებულია მოთხოვნები თანხის დამატებასთან დაკავშირებით - რიგ შემთხვევაში, შეგიძლიათ თანხა მხოლოდ ერთიანი სახით შეიტანოთ და იზღუდება თანხის დამატება, ზოგჯერ თანხის დამატება შესაძლებელია, თუმცა მოითხოვება  პერიოდული მინიმალური შენატანების განხორციელება, ზოგჯერ კი თავისუფალი ხართ თანხის დამატების კუთხით, ანუ შეგიძლიათ თანხა დაამატოთ ანაბარს მაშინ, როდესაც ამისი შესაძლებლობა გექნებათ. როგორც წესი, რაც უფრო მეტი შეზღუდვა აქვს დეპოზიტს, მასზე უფრო მაღალი სარგებელიც გაიცემა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ გსურთ მაღალი სარგებლის მიღება, სრულად უნდა დაიცვათ დეპოზიტზე დაწესებული მოთხოვნები, მაგალითად, შეიტანოთ პერიოდული შენატანები, არ გამოიყენოთ თანხა ვადის ამოწურვამდე და სხვა. დეპოზიტზე თანხის დამატების შესაძლებლობა და შესაბამისი პირობები მნიშვნელოვანია შეადაროთ თქვენ მიერ შემოსავლის მიღების პერიოდულობას, რათა ამის შესაბამისად აირჩიოთ დეპოზიტი.

თუ შემოსავალს ყოველთვიურად იღებთ

მაგალითად, თუ თქვენ შემოსავალს ყოველთვიურად იღებთ და იცით, რა თანხას დაგროვება გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ დეპოზიტი, რომელსაც სავალდებულო შენატანი აქვს პირობაში. ასე თქვენ თავიდან აირიდებთ შენატანების  განუხორციელებლობის გამო დეპოზიტის დარღვევის რისკს, ასევე მარტივად შეძლებთ განსაზღვროთ, რომელი მიზნის მისაღწევად და რა ვადაში დააგროვებთ თანხას.

თუ თქვენი შემოსავალი არარეგულარულია

თუ თქვენი შემოსავალი არათანაბარი პერიოდულობით ხასიათდება, მაგალითად, თუ პროექტების დასრულების ბოლოს იღებთ ანაზღაურებას, ან გამომუშავების მიხედვით აგროვებთ თანხას, შეიძლება თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იყოს ისეთი ტიპის დეპოზიტი, რომელსაც არ აქვს პირობით განსაზღვრული  მინიმალური შენატანის ოდენობა და შეძლებთ არსებული შემოსავლიდან დააგროვოთ თქვენთვის სასურველი თანხა სასურველ დროს. არათანაბარი შემოსავლის არსებობისას, შეიძლება არ იყოს მოსახერხებელი სავალდებულო შენატანის პირობის მქონე დეპოზიტის გახსნა, რადგან თუ თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხებთ თანხის დამატებას, დეპოზიტის ხელშეკრულება შეიძლება დარღვეულად ჩაითვალოს და თქვენ მიერ შეტანილ თანხაზე ან ვერ მიიღოთ სარგებელი ან მისაღები სარგებელი საგრძნობლად შეგიმცირდეთ.

თუ გარკვეული ოდენობის თანხა გაქვთ

თუ  ერთიანი თანხა გაქვთ, მაგალითად, თუ გაყიდეთ ავტომობილი, ან დაგიბრუნეს ნასესხები თანხა ან თუნდაც თქვენი დეპოზიტის  ვადა დასრულდა და მის დახარჯვას არ აპირებთ, ამ თანხისთვისაც მოძებნით შესაბამის საბანკო პროდუქტს. თუ თანხის გამოყენებას დიდხანს არ აპირებთ და არც თანხის დახარჯვას გეგმავთ, ვადიანი დეპოზიტი ან სადეპოზიტო სერთიფიკატი შეიძლება საუკეთესო შეთავაზება იყოს თქვენთვის.