რას ნიშნავს გირავნობა?
სესხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას გირავნობა წარმოადგენს. გირავნობა აღებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოძრავი ნივთების გამოყენებას გულისხმობს. გირავნობის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემს ანიჭებთ უფლებას, ვალდებულების ვერ ან არ დაფარვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, გაყიდოს დაგირავებული ნივთი და ასე დაფაროს მის მიმართ თქვენი სასესხო ვალდებულება.
გირავნობა შეიძლება იყოს ორი სახის: მფლობელობითი და რეგისტრირებული. მფლობელობითი გირავნობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც დააგირავებთ ნივთს, ის არ რჩება თქვენს სარგებლობაში. ის უნდა გადასცეთ კრედიტორს ან მის მიერ მითითებულ მესამე პირს სესხის სრულად დაფარვამდე. რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში კი დაგირავებული ნივთი რჩება თქვენს მფლობელობაში, თუმცა მისი უზრუნველყოფად შესაბამის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება. თუ სესხის უზრუნველსაყოფად ნივთის დაგირავებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია დააზუსტოთ, თუ რა სახის გირავნობას ითხოვს სესხის გამცემი.
როგორ ხდება გირავნობის საგნის რეგისტრაცია?
მოძრავი ნივთების გირავნობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხორციელდება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. აღნიშნული მომსახურება ფასიანია და ამ ხარჯის გაწევა, როგორც წესი, მსესხებელს ეკისრება. მომსახურების საფასური განსხვავებულია ვალდებულების რეგისტრაციის ვადების მიხედვით - რაც სწრაფია მომსახურება, მით უფრო ძვირია ის. ამიტომ, სასურველია დაინტერესდეთ, რა საფასო შუალედი არსებობს გირავნობის რეგისტრაციისთვის, რომ თქვენთვის ხელსაყრელი აარჩიოთ.
რა ტიპის გირავნობის ხელშეკრულება არსებობს?
ავტომობილით უზრუნველყოფილის სესხის აღებისას, ძირითადად, რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება დგება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაგირავებული ავტომობილი მესაკუთრის სარგებლობაში რჩება და სესხის გადახდის პერიოდში ჩვეულებრივ ისარგებლებს. თუმცა, განსხვავებულია ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნივთების (მაგალითად, ოქროს სამკაულები) დაგირავების პრინციპი. ამ შემთხვევაში, ძირითადად მფლობელობითი გირავნობის ხელშეკრულება დგება. მაგალითად, თუ თანხის ძვირფასი სამკაულის სანაცვლოდ მიღება გსურთ, სესხის დაფარვამდე თქვენი ნივთები სესხის გამცემთან დარჩება. საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს დაგირავებული ნივთების უსაფრთხოდ შენახვის ნორმებს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ სესხის გამცემ ორგანიზაციებსა და პირებს დამატებით, ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი ვალდებულება აქვთ ნივთები უსაფრთხოდ, მათთვის განსაზღვრული წესების დაცვით შეინახონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნივთის დაგირავებამდე, კარგად გამოიკვლიოთ ვინ არის გამსესხებელი, დაადგინოთ რამდენად სანდო და უსაფრთხოა მისთვის თქვენი მოძრავი ქონების გადაცემა და ვის შეგიძლიათ მიმართოთ მათთან პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლომბარდში დაგირავებული ქონების მეორედ დაგირავება, ანუ თქვენი ნივთების გირავნობით სხვა კრედიტორისგან საკრედიტო რესურსის მიღება, აკრძალულია.
ვინ შეიძლება იყოს გირავნობის საგნის მესაკუთრე?
ზოგადად, იპოთეკის მსგავსად, სესხის უზრუნველსაყოფად მოძრავი ნივთის გირავნობაში წარმოდგენა შეუძლია როგორც უშუალოდ მსესხებელს, ისე, მესამე პირს. თუმცა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის გამცემი თავად განსაზღვრავს, მისაღებია თუ არა მისთვის მესამე პირების საკუთრებაში არსებული ნივთის უზრუნველყოფად გამოყენება.
რას ნიშნავს დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი?
გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის კიდევ ერთ სახეს ანაბრით (დეპოზიტით) უზრუნველყოფილი სესხი წარმოადგენს. როდესაც ბანკში ვადიანი ტიპის ანაბარი გაქვთ განთავსებული, ბანკი გაძლევთ საშუალებას ანაბრის მოცულობის ფარგლებში ისესხოთ თანხა და ანაბარიც შეინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში სესხის აღების მთავარი მოტივაცია ანაბარზე უკვე დარიცხული სარგებლის შენარჩუნებაა, რადგან, როგორც წესი, ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში, მასზე სარგებელი საერთოდ არ ირიცხება, ან ის გაცილებით მცირეა, ვიდრე დეპოზიტის სრული ვადით განთავსებისას არის გათვალისწინებული. ამ ტიპის უზრუნველყოფის გამოყენება ხელსაყრელია მაშინ, თუ სესხის დაფარვას დეპოზიტის თანხის გამოყენების გარეშე შეძლებთ ან დეპოზიტზე უკვე დარიცხული პროცენტი სესხზე გადასახდელ ხარჯს აღემატება.