18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ემიგრანტების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსი „ჩემი გზა ემიგრაციაში“ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს (www.finedu.gov.ge) ორგანიზებით 19 ივლისიდან მიმდინარეობდა.და მისი მხარდამჭერები იყვნენ სს „თიბისი ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, სს „ემბისი“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
კონკურსის ფარგლებში ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ უნდა შექმნილიყო ტექსტური და ვიდეო მასალა, სადაც ავტორები საკუთარ გამოცდილების მიხედვით გააზიარებდნენ ემიგრაციის გზაზე არსებულ იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გააზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.
კონკურსის ფარგლებში მიღებული ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და სს „ემბისის“ წარმომადგენლები. ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები იყო: შინაარსის აღქმის სიმარტივე, ფინანსური განათლების საუკეთესო პრაქტიკული რჩევები, და ნამუშევრის ორიგინალურობა და შემოქმედებითობა.
კონკურსის ფარგლებში14 ბლოგი და 1 ვიდეო (მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე) შემოვიდა. ვინაიდან ვიდეოების კატეგორიაში შემოსული საკონკურსო მასალების რაოდენობა 3 გამარჯვებულის შერჩევის საშუალებას არ იძლეოდა, კონკურსის პირობების შესაბამისად და ჟიურის გადაწყვეტილებით, დადგინდა გამარჯვებულების გამოვლენის განსხვავებული წესი და ნაცვლად 6-სა, საბოლოოდ, 8 გამარჯვებული გამოვლინდა, შემდეგი თანმიმდევრობით:
I ადგილი - გიორგი კუბლაშვილი, ფინანსური რჩევები ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდებისათვის
II ადგილი - მარიამ შამათავა, ფინანსური წარმატების საიდუმლოებანი
II ადგილი - ნინო ძველაია, ქართული საბანკო ბარათით საფრანგეთში
III ადგილი - მაია დედაბრიშვილი, ემიგრაციის გზა ლირიკულად
III ადგილი - ნონა პაპუნაშვილი, ქართულის გაკვეთილი ემიგრაციაზე
III ადგილი - ლალი ნიაზაშვილი, 7 წელი ემიგრაციაში
III ადგილი - სოფიო კორტავა, ემიგრაცია - თანამედროვე ტყვეობა
გამარჯვებული კატეგორიაში „ვიდეო“ - ნინო მამუკაძე, ვიდეო ქართული საბანკო მომსახურების უპირატესობებზე
გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებენ სს „თიბისი ბანკი“, სს „ემბისი“ და სს „ბაზისბანკი“.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს მიზნობრივ სეგმენტს ემიგრანტები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მომავალშიც არაერთ შემეცნებით ღონისძიებას განახორციელებს ემიგრანტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით.