კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ქართული საბანკო ბარათით საფრანგეთში

ქართული საბანკო ბარათით საფრანგეთში

230
0 / 5

პროექტის “ჩემი გზა ემიგრაციაში” ფარგლებში გადავწყვიტე, საზღვარგარეთ ცხოვრებისას მიღებული საკუთარი პატარა, მაგრამ რეალური გამოცდილება გაგიზიაროთ უცხოეთში სასწავლებლად თუ სამუშაოდ წასულთ, ან თუნდაც, მოგზაურობის მოყვარულთ. ფინანსური განათლების სფეროში ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეუძლია, დიდი მნიშვნელობა შეიძინოს და დაგვეხმაროს სწორი არჩევანის გაკეთებაში. 

გადაწყვეტილება როცა მივიღე, ამესრულებინა ბავშვობის ოცნება და წავსულიყავი ჩემს საყვარელ ქვეყანაში - საფრანგეთში და მესწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, ამისთვის მზად არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფინანსურადაც უნდა ვყოფილიყავი.

რა სჯობს, როცა აქციებს და ობლიგაციებს ფლობ და დივიდენდებს იღებ, მაგრამ ამ ეტაპამდე მისვლას დაუღალავი შრომა და საკმაო დრო სჭირდება. მანამდე კი ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა შემოსავლის გაზრდის შესახებ ფიქრზე მეტად არსებული რესურსის რაციონალურად გამოყენებაზე ფიქრი გიწევს, მით უმეტეს, თუკი არც დიდი დანაზოგი გაქვს და უცხო სამყაროში სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება გიწევს.    

ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერება, ჩემი აზრით, არა მხოლოდ უშუალოდ რაიმე სასიამოვნო პროცესში ჩართვაა, არამედ - ამ პროცესის სამზადისი. მაგალითად, მზადება საკუთარი დაბადების დღისთვის, შობის დასახვედრად ან სამოგზაუროდ წასასვლელად არანაკლებ სასიამოვნო პროცესია, ვიდრე თვით დაბადების დღე, შობის დღესასწაული ან მოგზაურობა. ამიტომაც ჩემი ოცნების ასასრულებლად დავიწყე ნაბიჯების გადადგმა, რაშიც, პირველ რიგში, ფინანსური და საბანკო საკითხების მოწესრიგება შედიოდა. 

და სწორედ აქედან გაგიზიარებთ საკუთარ ფინანსურ გამოცდილებას, რაც შეიძლება ცოტათი მაინც დაგეხმაროთ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში და ხარჯების შემცირებაში.  

საფრანგეთში სასწავლებლად ჩასულს რადგან სწავლის პარალელურად სამუშაოს საძებნელად, ფრანგულ ბანკში ანგარიშის გასახსნელად და მასზე ხელფასის ჩასარიცხად საკმაო დრო დამჭირდებოდა, ამიტომაც საწყის ეტაპზე სწორედ ჩემი ქართული საბანკო ანგარიში და მასზე განთავსებული მოკრძალებული თანხა უნდა დამხმარებოდა. ამიტომაც ჩემი ჩანაწერის პირველი საკითხი ეხება საბანკო ანგარიშებს და ვალუტის პრიორიტეტს.

ტერმინები ნუ შეგაშინებთ, მარტივად აგიხსნით. საქართველოს ეროვნული ვალუტა თუ ლარია, ევროკავშირის ქვეყნებისთვის იგივეა ევრო. სწორედ აქ დგება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე პირველი სირთულის წინაშე. როცა ანგარიშზე თანხა ლარში გვაქვს, როგორ მოვახდინოთ მისით სარგებლობა? დავდოთ იგი ჩვენს საბარათე ანგარიშზე და შემდეგ უცხოეთში ბანკომატიდან გამოვიტანოთ ევროს სახით, თუ იგივე თანხის საზღვარგარეთ გასახარჯად გადახდის ობიექტებში პოს-ტერმინალი გამოვიყენოთ? ან რაიმე სხვა ხერხს მივმართოთ? ხშირად, უნაღდო ანგარიშსწორება გვირჩევნია ჯიბით ნაღდი ფულის ტარებას რისკების თავიდან აცილებისა და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. მაგრამ აქ იმ პრობლემის წინაშე ვდგებით, რომ ბანკებს გააჩნიათ ბანკომატიდან განაღდების საკომისიო და იგი ანგარიშიდან გვეჭრება უცხოეთში თანხის გამოტანისას. შესაბამისად, ფინანსურადაც ვზარალდებით. თუ მეორე ხერხს მივმართავთ და პოს-ტერმინალზე გავატარებთ ჩვენს ქართულ ბარათს, მაშინ როგორ მოხდება თანხის კონვერტაცია ლარიდან ევროში? “ვალუტის გადახურდავების” ავტომატურ პროცესშიც შეიძლება დავკარგოთ თანხის ნაწილი. აი, სწორედ აქ დგება საბარათე ანგარიშზე ვალუტის პრიორიტეტის ცვლილების საკითხი. თუკი მე საბარათე ანგარიშზე კარგი კურსით შეძენილი ევრო განვათავსე, მარტივად შემიძლია, ბანკს მივწერო მეილი ინტერნეტბანკით და ვთხოვო ბარათზე ვალუტის პრიორიტეტის შეცვლა და მისი ევროთი განსაზღვრა, რაც საშუალებას მომცემს, ჩემს ანგარიშზე არსებული თანხა - ევრო - ისე გადავიხადო საზღვარგარეთ ჩემი ქართული ბარათით, რომ ვალუტის კონვერტაცია და მისი ხარჯი ავიცილო თავიდან. ვალუტის პრიორიტეტის ცვლილება ოპერატიულად ხდება და ბანკის დამადასტურებელი მეილის შემდეგ თქვენ თამამად შეგიძლიათ, საზღვარგარეთ ყოველგვარი ფინანსური ხარჯის გაწევის გარეშე, თქვენი ბარათით  გადაიხადოთ ევროთი. 

უცხოეთში ცხოვრების დროს, ასევე, ხშირად ვერ აკონტროლებ, როდის გასდის შენს პლასტიკურ ბარათს ვადა და შეიძლება, სრულიად მოულოდნელად, ვადაგასული ბარათის ამარა დარჩე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მიერ შესასრულებელი ვერცერთი ოპერაცია ვერ განხორციელდება და ვერც მის გასაახლებლად დაბრუნდები საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც დიდი მონატრება და თითქმის 5 000 კილომეტრი გაშორებს. ასეთ დროს ჩემს შემთხვევაში მარტივი გამოსავალი აღმოჩნდა ახალი ბარათის ონლაინ შეკვეთა. ამისთვის, უბრალოდ, მარტივად შევედი ინტერნეტბანკში და სერვისებში “ბარათის შეკვეთა” ავირჩიე. აპლიკაციაში მითითებულ მობილურ ნომერზე  მალევე დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი და ჩემივე მოთხოვნილებების დაზუსტება სცადა. არჩევანი დიდია, მაგრამ შენზე მორგებული პაკეტი შენვე უნდა შეარჩიო, რათა ზედმეტი საკომისიოს გადახდა და არასაჭირო ხარჯის გაწევა არ მოგიწიოს. ბანკებს პლასტიკური ბარათის ფოსტით გამოგზავნის სერვისიც აქვთ, რაც დაგეხმარებათ, სასურველ ვადებში მიიღოთ ბარათი უცხოეთში.  

და აი, მივედით ჩემ მიერ გამოყენებულ ყველაზე მნიშვნელოვან მომსახურებამდე. როცა საქართველოში ყოფნისას ბარათს ვუკვეთავდი და ბანკის თანამშრომელი მიხსნიდა, რამდენს წარმოადგენდა პოს-ტერმინალზე ბარათით დღიური გადახდის ლიმიტი, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან შოპინგსა და ბრენდულ მაღაზიებში დიდი თანხების გადახდა არასდროს იყო ჩემი გატაცება, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ცნობილი სამარკო პროდუქციის ყიდვის გარეშეც დგები დიდი თანხის ბარათით გადახდის აუცილებლობის წინაშე. სწორედ ასეთი შემთხვევა დამიდგა, როდესაც საქართველოში მცხოვრები ჩემი ახლობლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი საფრანგეთში უნდა შემეძინა. მოკლედ ვიტყვი, რომ ავადმყოფს ესაჭიროებოდა ისეთი წამალი, რომელიც საქართველოში არ იშოვებოდა და დიდი ძიების შემდეგ მივაკვლიეთ საფრანგეთში. მას შემდეგ, რაც დავადგინე, რომ უცხოური რეცეპტის საფუძველზე ფრანგული აფთიაქი მომყიდდა ამ ძვირადღირებულ წამალს, დღის წესრიგში ისევ თანხის გადახდის საკითხი დადგა, რომელიც პაციენტის შვილისგან უნდა მიმეღო და შემდეგ გადამეხადა აფთიაქისთვის. აქ, რა თქმა უნდა, ისევ განვიხილეთ საქართველოდან საფრანგეთში ფულის გზავნილით მიღების, ასევე, ფრანგული ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდების საკითხი და სხვა უამრავი შესაძლებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ და ისევ დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა,  მით უმეტეს, რომ თვითონ წამალიც ძალიან ძვირადღირებული იყო. ჩემი პლასტიკური ბარათით კი დღიურად თანხის ერთჯერადად გადახდის ლიმიტი მხოლოდ გარკვეულ ოდენობამდე გახლდათ შესაძლებელი და ეს ლიმიტი წამლის შესაძენ თანხას ვერ უტოლდებოდა. აი, სწორედ აქ გამახსენდა პლასტიკური ბარათით პოს-ტერმინალზე თანხის გადახდის ლიმიტის ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი და მიზანი მქონდა და ბარათით გადახდის ლიმიტის გაზრდა არ იყო განპირობებული ჩემი საშოპინგო ახირებითა თუ ჭირვეულობით, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დავკავშირებოდი ბანკს ინტერნეტბანკით და მეთხოვა ჩემი პლასტიკური ბარათით პოს-ტერმინალზე თანხის გადახდის ლიმიტის ერთჯერადად გაზრდა. 

ახლა კი მინდა, გაგიზიაროთ ყველაზე ბედნიერი წუთები, როცა აფთიაქში წამლის საყიდლად მისულმა პოს-ტერმინალზე ბარათის გატარებისას ეკრანზე წავიკითხე, რომ ჩემი ტრანზაქცია წარმატებით შესრულდა და მედიკამენტი შევიძინე. არავის გისურვებთ, წამალი დაგჭირვებოდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობაც არსებობს. 

ასე დასრულდა ეს ერთი შეხედვით “რთული ოპერაცია”. მთავარია, ვიცოდეთ, რომ არსებობს მოქნილი საბანკო თუ საფინანსო მომსახურება და შეგვიძლია მათით სარგებლობა. თუ თავიდან საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, არაუშავს. მთავარია, შეკითხვა დავსვათ, ვითხოვოთ რჩევა, მეილი გავაგზავნოთ ან უბრალოდ Google-ის საძიებო სისტემა მოვიშველიოთ. მნიშვნელოვანია, ბევრი გზა ვცადოთ,  და რომელიმე აუცილებლად გაამართლებს. 

ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას გისურვებთ! 

ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში