კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ემიგრაციის გზა ლირიკულად

ემიგრაციის გზა ლირიკულად

74
0 / 5

დავრჩი სამსახურის გარეშე. უამრავ კარზე ვაკაკუნე დასაქმების თხოვნით, მრავალი გასაუბრება გავიარე მადლობის გადახდით და თეთრი ღიმილით, მაგრამ შედეგი არ მიმიღია. ყოველი უარი ჩემში ბრძოლის ჟინს აღვივებდა. არ დავნებდებოდი არასოდეს, რადგან ახალგაზრდა ადამიანი, არარეალიზებული, ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებოდი. ყველასგან მიტოვებული.

2017 წლის ზაფხულში გამიჩნდა იდეა უცხოეთის გზას დავდგომოდი. ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად. ჩემს პიროვნულ თვისებებს ვაანალიზებდი ახალი გზის დაწყებისთვის. საქართველოს დატოვებამდე შევიმუშავე პერსპექტიული გეგმა ჩემი მიზნების და იდეების განხორციელებისათვის. მზად ვიყავი გამოწვევებთან საბრძოლველად. გავხსენი ბანკში რამდენიმე შემნახველი ანაბარი: 

1.დაგროვებადი(€), რომელსაც დაბრუნებისას ლარში გადავიყვანდი და პროცენტით ვისარგებლებდი;

2.მიმოქცევისათვის;

3.უძრავი ქონებისათვის. 

გავისაუბრე ბანკის წარმომადგენელთან. გავეცანი არსებულ სიახლეებს და პაკეტებს.

ფინანსური განათლება არ მაქვს, მაგრამ ცხოვრების გამოწვევებთან გონივრული მიდგომაა საჭიროა     

"მეც ავირჩიე იგი გზა,

რაც ქართველობამ იტვირთა,

ისეთი ძალა ვიგრძენი, 

ჩემი თავისა მიკვირდა"

მოვძებნე სანდო ტურისტული კომპანია. დადგა სამშობლოს და ოჯახის დატოვების დრო.

"გზაჯვარედინზე ვიდექი

მზე ნათელ სხივებს მაყრიდა,

გული ებრძოდა ტკივილებს

მშობელ მიწასთან გაყრისა."

 

გავიქრე ყველა ემოცია. გული გავაჩერე. მხოლოდ ტვინს დავექვემდებარე. და ასე გადავდგი მომდევნო ნაბიჯი.

"გულმა ერთი კი იყვირა,

თავი ქერქიდან იძვრინა

ბოლოს აღარა იძვირა

და ნემსის ყუნწში იძვრინა"

და ჩემი თვითმფრინავიც აფრინდა. ვიგრძენი როგორ გაიყარა სული და სხეული. გული კი არ აჩქარდა. აღარ ძგერდა. და "სული უფლისგან მოძღვნილი, სამშობლოს მთებში დავტოვე!"

ტრაპზე მყოფმა ქართულ ვარსკვლავიან ცას თვალი მოვავლე და შევპირდი - მე უეჭველად დავბრუნდები, სხვა ქვეყანაში კი ღირსეულად წარმოგადგენ-მეთქი. 

"რკინის ჯავშანში და რკინის ქალამნებში დღეს უამრავი ქალია და დღემდე იმ რკინის ქალამნებს ვცვეთ წამოსვლისას მჭედელს რომ შევუკვეთე".

მზის ამოსვლას უცხო მიწაზე შევხვდი. "თითქოს იმ ღამეს გადავიცვალე". სხვამ დავაბიჯე იტალიის მიწას.

"და აი ასე დაიწყო იტალიური ზღაპარი, 

სიზმარშიც არ წაიქცევი, 

კაცი ბრძენი და მართალი!"

მალე დავსაქმდი... დამსაქმებელი საუკეთესო ქალბატონი შემხვდა. დღემდე ის მასაქმებს. მკითხულობს. მიწევს რეკომენდაციებს.

პირველ ეტაპზე შევისწავლე ენა. ენის გარეშე რთულია - ვერ აეწყობი, ვერ განვითარდები. გავეცანი არსებულ კანონს "ბადანდეს" შესახებ, კანონს უცხოელების შესახებ. გავიგე საელჩოს და საკონსულოს საემიგრაციოს ტელეფონის ნომრები. გავეცანი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხებს. გავიცანი ქართველი და იტალიელი იურისტები (ადვოკატები). გავაკეთე "კარტა სანიტარია" - სამედიცინო მომსახურებისთვის. გავერთიანდი სოციალურ ჯგუფებში. მოვიძიე სანდო ბანკი ფულადი გზავნილებისთვის.

"ბადანდეს"სამუშაო საათები და ფულადი ანაზღაურება ტელეფონში შევინახე.

ეს ყველაფერი დასაქმებამდე მოვიძიე. წინამორბედი და გამოცდილი ემიგრანტებისგან.

დამსაქმებელმაც გამარკვია სამუშაოს გრაფიკში.

დამსაქმებელ ოჯახთან თავიდანვე გავარკვიე: ხელფასი - ხუთშაბათს, კვირას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის ფინანსური ანაზღაურება; საშვებულებო თანხის, მეცამეტე ხელფასის და სალიკვიდაციოს გადახდა სამუშაოს დატოვების შემთხვევაში; სამუშაო საათები (დაწყება - დამთავრება, შესვენება); უფლება-მოვალეობები; ვალდებულებები; საკუთარი სივრცის და ოთახის აუცილებლობა.

ყველა ოჯახმა სიხარულით მიმიღო. მენდვნენ. ვმეგობრობ ყველასთან. მეიმედებიან აქ.

მუდმივად ვმუშაობ გამოუსვლელად (თვეში 2 კვირა დღე).

მინდოდა მოკლე დროში მეტი ფული გამომემუშავებინა. ხარჯიც ნაკლები მქონდა.

გავაკეთე ფინანსური ხარჯთაღრიცხვა.

ასევე, გავანაწილე ხელფასი:

  1. პირადი მოხმარებისთვის (ტანსაცმელი და ა.შ.);
  2. შემნახველი ანაბრისთვის;
  3. ოჯახის და ახლობლების დასახმარებლად;
  4. გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ხარჯთაღიცხვის რვეულში ყველაფრის ზუსტი დაანგარიშებული მაქვს. გასაკეთებელი საქმეების ნუსხა პრიორიტეტებად მაქვს  დალაგებული. როცა გავაკეთებ, ვუწერ „შესრულებული“. ვანგარიშობ, რა დაჯდა ეს საქმე. ვუწერ საერთო თანხას და „შესრულებულია“, მოტივაციის ასამაღლებლად: "მე ეს შევძელი!" და გადავდივარ მომდევნო საქმის შესრულებაზე.

ემიგრაციის პერიოდში მრავალი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე.

ყოველთვის ველოდები ფასდაკლებას სუპერმარკეტებში, მაღაზიებში. ვსარგებლობ ამ სიკეთით რითაც ფულის დიდ დანაზოგს ვაკეთებ.

თვალს უამრავი ბრჭყვიალა ნივთი მოიტაცებს, მაგრამ არცერთი იმაზე ღირებული არაა ჩემთვის, როგორც ჩემი მიზნების ჩემს სამშობლოში განხორციელება.

ფული ჩემი იდეების ხორცშესხმაა.

"ფული იდეების ხორცშესხმაა,

ფული საჭირო და სალხინო,

ფული ისე უნდა დახარჯო,

ეშმაკი შენზე არ აცინო!" 

ფული როცა გაქვს მაშინ უნდა გაფრთხილება, თორემ როცა არ გაქვს, არც არაფერია გასაფრთხილებელი. თავს სულ ვუმეორებ: დიდი ფული ადვილი საშოვნელი არაა, დაიწყე იმით, რაც გაქვს და ნელა მიხვალ დიდ შედეგთან.

"ვინა თქვა ფულზე ხელის ჭუჭყია?

ხელის მშვენებაა ნამდვილი!

უფულოდ განა რას მიაღწევ,

განა აგიხდება წადილი?

შოვნა ძალიან ძნელია,

დახარჯვა არის ადვილი!" 

მახარებს გზავნილის გაგზავნა. ვიცი საქართველოს და ჩემს ხალხს, მათ ეკონომიკურ წინსვლას წაადგება ჩემი უცხოეთში გამომუშავებული ფული, როგორც კი მიმოქცევაში ჩაეშვება. მე კი იმედიანად ვარ. უკლებლივ დამხვდება საჭირო დროს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი ღირებულების ვალუტაზე, ევროზე, ვმუშაობ და მას ვაწვდი საქართველოს და ოჯახს.

ემიგრანტობა რთულია, მაგრამ შეუძლებელ-დაუძლეველი არაა. ხშირად ვეკითხები თავს:

"სულო, როგორ უძლებ ტკივილებს.

განა შეგიძლია რამდენი?!

ან...

"ფულზე გაყიდული დღეები, ნეტავ კიდევ რამდენი? "

დღეს ასე სჭირდება ქვეყანას და როგორ და რითაც გადავრჩებით და შევეხიდებით, ის გზა უნდა ავირჩიოთ. მთავარია, აღმავლობის იყოს გზა.

"დროის ქარიშხალთა ღელვით,

მოტეხილო ნორჩო ღერო,

სადაც ცხოვრებამ გაგრიყა,

იქ მოიწყე შენი ჩერო.

ტკივილის და გასაჭირის

მომთმენო და არსად მთქმელო;

ოფლით ნაშრომ ლუკმა პურის

სიმწრითა და ბოღმით მჭამელო!" 

ჩემი არჩევანი - გზა ევროპისაკენ - სწორი და ნაყოფიერია: უამრავ მიზანს მივაღწიე, მრავალი მეგობარი გავიჩინე, ქართველი თუ უცხოელი. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და მხარს ვუმაგრებთ.

ვინც ფიქრობს რა გზას დაადგეს, არის გზა გაკვალული, ნაცადი, გაზიარებული, მრავალჯერ წარმატებული. თუ ჩვენ შევძელით, თქვენც შეძლებთ.

აქ ახლიდან დაიბადებით, ახალი ძიებით და აღმოჩენებით. ფული გაგახალისებთ, მოტივაციას აგიმაღლებთ, უამრავ სიკეთეს გაგაკეთებინებთ საქართველოში მყოფთათვის.

მოემზადეთ ფსიქოლოგიურად. აქ ყველა თავისი მარჯვენის იმედზეა - იშრომებ და დაგიფასდება. 

თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე გგონიათ.

მადლობა ღმერთს, გამაძლიერა და მადლი მომცა ამ რთულ გზაზე. არ მიმატოვო, უფალო, და შემწე იყავი ჩვენს მიწა წყალს აგლეჯილი ქართველების.

ჩემი გზა ემიგრაციაში გრძელდება და ვიცი, ამ გზაზე უამრავი ქართველი დამემგზავრება იმედით, რომ ჩვენ ყველა ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს, ფინანსურად და სულიერად უფრო ძლიერები რომ დავბრუნდებით საქართველოში.

ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში