ფინანსური რჩევები ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდებისთვის
ემიგრაციაში ახალი შესაძლებლობების ძებნა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტენდენცია არაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა იმ ქვეყანაში ცხოვრობს სადაც დაიბადა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 30 ადამიანიდან 1 მიგრანტია. სხვადასხვა ასაკის და სქესის ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ ქვეყანას და სხვა ქვეყანაში აგრძელებენ ცხოვრებას. ამის მიზეზი ყოველთვის ეკონომიკური გაჭირვება და არადამაკმაყოფილებელი სოციალური პირობები როდია.
საქართველოდან ყოველწლიურად ბევრი სტუდენტი მიდის გაცვლითი პროგრამებით ან უბრალოდ სწავლას აგრძელებს სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის, დოქტორის თუ სხვა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ჩემი სტატიის მიზანიც ისაა, რომ იმ ახალგაზრდებს დავეხმარო ფინანსური საკითხების ორგანიზაციებში, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, სწავლობენ, მუშაობენ, გადასახადებს და ქირას იხდიან, მოგზაურობენ, საჩუქრებს ყიდულობენ საყვარელი ადამიანებისთვის და მათთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
ამ სტატიაში მოკლედ გაგიზიარებთ იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ემიგრაციაში წასვლამდე, ემიგრაციაში ყოფნისას და ჩამოსვლის შემდეგ სწორად შეძლოთ თქვენი ფინანსების მენეჯმენტი და თავიდან აირიდოთ სტრესი.
როდესაც ემიგრაციაში წასვლას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ გარკვეული სახის დანაზოგი. თუ სასწავლებლად მიდიხართ იცოდეთ, რომ არცერთი სტიპენდია არ დაგერიცხებათ ქვეყანაში ჩასვლამდე და იქამდე, სანამ ადგილობრივი ბანკის ანგარიშს არ გახსნით. ეს პროცესი ბუნებრივია იწელება, რადგან ბანკის ანგარიშის გახსნა ხშირად შეუძლებელია საიმიგრაციო საკითხების მოგვარების გარეშე, რასაც, თავის მხრივ, ყველაზე დიდი დრო სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ ორი თვისთვის სამყოფი დანაზოგი იქამდე, სანამ თქვენ წილ თანხას მიიღებთ ან სამუშაოს იპოვით.
წასვლამდე, ასევე, აუცილებელია თქვენი თავი შეამზადოთ იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე ფულის ისე თამამად ხარჯვას ვერ შეძლებთ, როგორ ამას თქვენთვის ნაცნობ გარემოში ახერხებდით. მეტიც, რეკომენდებულიც კია, რომ უფრო მეტად იფიქროთ ფულის დაზოგვაზე, ვიდრე ხარჯვაზე, რადგან ეს პერიოდი ყველაზე კრიტიკულია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს სამეგობრო წრეში რამდენიმე ადამიანისგან ფინანსური დახმარების იმედი გქონდეთ და მათთან გაიაროთ წინასწარ ეს საკითხი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფულის შენახვის მიზნით ადამიანებს ხშირად ურჩევნიათ ეს ფული მას მისცენ, ვისაც ამის აუცილებელი საჭიროება უდგას და წინასწარ შეთანხმდნენ ანგარიშსწორების ვადებზე. ცხადია, ეს არ არის ყველასათვის სასურველი პოზიცია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან მიღებულ დახმარებაში სამარცხვინო არაფერია.
მას შემდეგ, რაც პირველი რამდენიმე თვე წარმატებით გადაგორდება, სამსახურის შესაძლებლობა გამოჩნდება, ან, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, კუთვნილ სტიპენდიას ან ხელფასს მიიღებთ, თავი ყველაზე თავისუფალი ადამიანი გეგონებათ. ასეც არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგრძნება დავაფასოთ, ბიუჯეტურ ფორმებში აღვნიშნოთ კიდეც და ახლა უკვე მომავალზე ვიფიქროთ. იმ შემთხვევაში, თუ თანხას თვის დასაწყისში იღებთ, ჩემი რჩევა იქნება, წინასწარ დაფაროთ ისეთი გადასახადები, როგორიცაა ქირა და კომუნალური ხარჯები, რათა წინასწარ მოიშოროთ სავალდებულო პასუხისმგებლობები.
ახალგაზრდებს თითქმის არასოდეს გვაქვს ფული ფიზიკური ფორმით ხელმისაწვდომი და ძირითადად ნებისმიერ გადახდას უკონტაქტოდ ვახორციელებთ, თუმცა მე მჯერა რომ ესეც მავნე ჩვევაა, რომელიც ხელს უშლის ფინანსური სახსრების ფართომასშტაბიან აღქმას და გაცილებით უფრო რთულია ამ დროს ხარჯის კონტროლი. ამიტომაც, ჩემი რჩევა იქნება, ფული ხელზე გქონდეთ და გააკეთოთ პატარა კონვერტები, რომელშიც შესაბამისი მიზნობრიობის მიხედვით მოათავსებთ გარკვეულ თანხას. მაგალითისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კატეგორიები: ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, საკანცელარიო ნივთები, დასვენება და მოგზაურობა, გარეთ კვება, სპორტი, გართობა, დანაზოგი. მსგავსი კატეგორიზაცია დაგეხმარებათ, წინასწარ იცოდეთ რისთვის გაქვთ სახსრები და რისთვის არა. თვეების შესაბამისად შეგიძლიათ კონვერტების სახელწოდებები შეცვალოთ ან რომელიმე თვეში საერთოდ არ დახარჯოთ საკანცელარიო ნივთებში ფული და ეს თანხა კიდევ ერთ სპორტულ აქტივობას მოახმაროთ.
რაც შეეხება რჩევებს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, აუცილებლად აირჩიეთ ერთი სუპერმარკეტი, სადაც მუდმივად ივლით და შეიძინეთ ამ მაღაზიათა ქსელის ლოიალურობის ბარათი. არასოდეს წახვიდეთ კონკრეტული საყიდლების სიის გარეშე. არასოდეს იყიდოთ მხოლოდ ერთი დღისთვის. მინიმუმ ერთი კვირის სამყოფი პროდუქტები მოიმარაგეთ, თუმცა სანამ საყიდლებზე წახვალთ მოამზადეთ კვირის „Meal Plan“, ანუ დაგეგმეთ რის მომზადებას აპირებთ და ამისთვის რა პროდუქტები დაგჭირდებათ. ამგვარად თავიდან აიცილებთ არარაციონალურ ხარჯს და გაფუჭებულ პროდუქტებს. ეცადეთ ფული არ დაზოგოთ ამ კატეგორიაში და იყიდოთ ჯანსაღი, ბიოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული და სასარგებლო პროდუქტები. ამ მიზნით შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენს ქალაქში არსებული ლოკალური ბაზრები და გარკვეული პროდუქტი იქაც შეიძინოთ.
თუ სახლში საჭმლის კეთების ენერგია და დრო არ გაქვს და არც რესტორანში ფულის დახარჯვის სურვილი გაქვთ, გადმოწერეთ აპლიკაცია - Good to go. ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მინიმუმ სამჯერ ნაკლებ ფასად შეიძინოთ კერძები თქვენთან ახლოს მდებარე საკვები ობიექტებიდან. ეს იქნება, მაგალითად, დილით გამომცხვარი, თუმცა დღის ბოლომდე დარჩენილი კრუასანები, სენდვიჩები, წვენები, ნაყინები, პიცა და სხვა. ეს აპლიკაცია ევროპის ყველა ქალაქში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ახალგაზრდების მიერ და გეხმარებათ დაზოგოთ ფული, დრო და, ასევე, შეიტანოთ წვლილი საკვების ფლანგვის (food waste) გლობალურ პრობლემაში.
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში