ფინანსური წარმატების საიდუმლოებები
25 წლის ასაკში, 2022 წლის თებერვალში, ერთი ჩემოდნით და დიდი ოცნებით დავტოვე საქართველო და გადავფრინდი აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ჩემი გზა ემიგრაციაში დაიწყო რესტორანში მიმღებად და გრძელდება ფინანსურ მრჩევლად. ამ დროის განმავლობაში არა მხოლოდ ახალ ქვეყანას შევეჩვიე, არამედ აღმოვაჩინე ჩემი ფინანსური გენიოსი და ვეხმარები მრავალ ემიგრანტს ფინანსური მიზნების მიღწევაში. ახალ ქვეყანაში ცხოვრება ყოველთვის გამოწვევაა. პირველი თვეები ჩემთვის ნამდვილი ემოციური ქარიშხალი იყო: აღფრთოვანება ახალი შესაძლებლობებით, სტრესი ენის ბარიერის გამო და მარტოობის გრძნობა. ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსები იყო. მიუხედავად ფრთხილი დაგეგმვისა გამგზავრებამდე, ყოველთვის ჩნდებოდა მოულოდნელი ხარჯები, რაც ჩემს ბიუჯეტს არყევდა, მაგრამ წამით არ დამიხევია უკან, არ შევშინებულვარ.
ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ მე მჭირდებოდა ყოველი დირჰამის დათვლა, რათა თავიდან ამეცილებინა შემდეგში მსგავსი სიტუაცია. ვიზა, სამედიცინო დაზღვევა და დამატებითი საჭირო საბუთები დამსაქმებლის მხრიდან იყო/არის უზრუნველყოფილი. პირველი ამოცანა იყო ბანკის პოვნა დაბალი წლიური გადასახადით, ანგარიშის გასახსნელად. მეორე, თანაბრად მნიშვნელოვანი - ბიუჯეტის ჭკვიანურად შედგენა. და ბოლოს, მე მჭირდებოდა ისეთი ფულადი გზავნილის სერვისის პოვნა, რათა თანხა გამეგზავნა სახლში ჩემი ოჯახის მხარდასაჭერად, რომელიც მთავაზობდა მისაღებ კურს და დაბალ საკომისიოს. საბედნიეროდ, ვიპოვე სწორი გამოსავალი და დღეს ვიყენებ საქართველოში ფულის გადარიცხვის ორ სანდო აპლიკაციას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თანხა, რომელსაც ვაგზავნიდი ჩემი ოჯახის მხარდასაჭერად 2022 წელს, ახლა სამჯერ გაიზარდა გლობალური ფინანსური რყევებისა, პოლიტიკური ვითარებებისა და მაღალი ინფლაციის მაჩვენებლების გამო.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 2022 წლის დეკემბერს რესტორანში მუშაობისას გავიცანი ადამიანი, რომელმაც შემომთავაზა სამუშაო ფინანსურ სფეროში. ეს იყო ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც არ შეიძლებოდა გამეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფინანსური ცოდნა შეზღუდული იყო, მე ძალიან მოტივირებული ვიყავი და მზად ვიყავი შესასწავლად. 12-საათიანი სამსახურებრივი მორიგეობით და ღამით სწავლით, ყველა საჭირო გამოცდა ჩავაბარე. რთული იყო, მაგრამ ყოველი ძალისხმევა ღირდა. დღეს მე ადამიანებს გონივრულ, გრძელვადიან ინვესტიციებში, ფინანსურ დაგეგმვაში, ექსკლუზიურ ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომაში ვეხმარები. ჩემი
მოგზაურობა ადასტურებს, რომ შრომისმოყვარეობით და ცოტაოდენი რწმენით, თქვენი ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს.
ადრე მეგონა, რომ ფულის მართვა მესმოდა. ვიცოდი, როგორ დამეგეგმა ბიუჯეტი და მიმეღწია მცირე ფინანსური მიზნებისთვის. თუმცა, ფინანსურ სფეროში მუშაობის
დაწყებისთანავე გავიგე, რომ ფინანსური დაგეგმვა ბევრად უფრო რთული და მრავალმხრივია. ეს არის არა მხოლოდ რიცხვების დათვლა, არამედ ჩვენი მომავლის
დაგეგმვა, ჩვენი ოცნებების ასრულება და ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თქვენ ხომ არ გაქვთ განცდა, რომ არსებობს ფინანსური სფერო, რომელშიც მეტი ცოდნა გჭირდებათ?
ფული არის ჩვენი ცხოვრების ხელსაწყო. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს: ვიმოგზაუროთ, ვისწავლოთ, დავეხმაროთ სხვებს და შევქმნათ ისეთი ცხოვრება, რომელიც გვახარებს. აბუ-დაბიში, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა, ფინანსური დამოუკიდებლობა გვაძლევს თავისუფლებას, რომ სრულად ვისარგებლოთ ამ ქალაქის მრავალფეროვნებით. იმის გაგება, თუ რამდენი დაგჭირდებათ პენსიაზე გასვლისას, ფულადი სახსრების სტაბილური ნაკადის შენარჩუნების მნიშვნელობა და თქვენი ინვესტიციების დივერსიფიკაცია ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ასპექტებია.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სტაბილურობა არის შესანიშნავი მიზანი, არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში ბევრად მეტი რამ არის, გარდა ფულისა. მახსოვს, როგორ ვცდილობდი ყოველი დირჰამი დამეთვალა და ყველაფერი დამეგეგმა. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე ვერ გავაგრძელებდი. დავიწყე დროის გამოყოფა მეგობრებთან შეხვედრისთვის, ახალი ჰობის აღმოჩენისთვის და უბრალოდ, ცხოვრებით სიამოვნებისთვის. ამ ბალანსმა არა მხოლოდ ბედნიერება მომიტანა, არამედ უფრო კრეატიული და პროდუქტიული გავხდი ჩემს სამუშაოშიც. როგორ აბალანსებთ თქვენ ფინანსურ მიზნებს და პირად ცხოვრებას?
მზად ხართ აღმოაჩინოთ ფინანსური წარმატების საიდუმლოებები? მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ფინანსური დაგეგმვის შემდეგ ძირითად ელემენტზე: ბიუჯეტირება, დაზოგვა, ინვესტიციები, საგანგებო დანაზოგი, ფინანსური დამოუკიდებლობა, პენსია და სიცოცხლის დაზღვევა. თუ თქვენ აპირებთ ცხოვრებას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და, არა მხოლოდ იქ, ეს ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური მიზნების
მიღწევაში და ახალი ცხოვრებით სრულად დატკბობაში. დაგეგმეთ შემდეგნაირად:
1.რას გსურთ მიაღწიოთ ფინანსურად მომდევნო 5, 10 ან 20 წელიწადში? დაისახეთ კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სახლის შეძენა, შვილების განათლება ან კომფორტული პენსია. მკაფიო მიზნები გაგიადვილებთ ფინანსური გეგმის შედგენას და მის მიღწევას;
2.პირველ რიგში გადაუხადეთ საკუთარ თავს: ფინანსური წარმატების საფუძველია მყარი ბიუჯეტი. დაგეგმეთ ხარჯები და დარწმუნდით, რომ დაზოგავთ შემოსავლის მინიმუმ 30%-ს. ბიუჯეტის დაცვა არის დისციპლინის საკითხი. ეს მოითხოვს თავშეკავებას და მიზანდასახულობას. მაგრამ შედეგები ღირს!
3.გადაუდებელი (საგანგებო) ხარჯების ფონდის შექმნა: როგორც COVID-19-ის პერიოდში გავიგეთ, მოულოდნელი მოვლენები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. გადაუდებელი ხარჯების ფონდში 3-6 თვის მანძილზე გასაწევი ცხოვრებისეული ხარჯების თავმოყრამ შეიძლება გაჭირცება აგარიდოთ და ფინანსური სტაბილურობა შეგინარჩუნოთ.
4.არ ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. ინვესტიციების დივერსიფიკაცია დაგეხმარებათ შეამციროთ რისკი და გაზარდოთ თქვენი ფინანსური პორტფელის სტაბილურობა;
5.დაიწყეთ ადრე: რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას, მით უფრო მეტი დრო ექნება შენს ფულს გაიზარდოს;
6.სიცოცხლის დაზღვევა არის ფინანსური უსაფრთხოების ქვაკუთხედი,
განსაკუთრებით, თუ გყავთ ოჯახი ან დამოკიდებული პირები. ის უზრუნველყოფს თქვენი საყვარელი ადამიანების ფინანსურ სტაბილურობას თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში.
სწორედ ამ პრინციპით, დღეს თავს ფინანსურად მოწესრიგებულად ვგრძნობ. მახსოვს, როგორ დავიწყე ერთი წლის წინ საგანგებო ფონდის შექმნა. თავიდან რთული იყო ყოველთვიურად გარკვეული თანხის გვერდზე გადადება, მაგრამ ახლა, როცა 3-6 თვის ხარჯის დაფარვა შემიძლია, გაცილებით მშვიდად ვგრძნობ თავს.
9 თვის წინ დავიწყე ფულის ინვესტირება. თვეში 500 დოლარს ვდებ ინდექსურ ფონდში და ვგეგმავ, რომ 20 წლის განმავლობაში გავაგრძელო ეს. მოსალოდნელი ზრდა წლიურად საშუალოდ 7-10%-იანი, ისტორიულ პერფორმანსს თუ დავეყრდნობი, 50 წლის ასაკში საკმაოდ დიდი კაპიტალი მექნება.
სიცოცხლის დაზღვევაც გამოვიყენე. თვეში მხოლოდ 70 დოლარის გადახდით, 300,000 დოლარის დაზღვევა მაქვს. ვიცი, რომ ეს ფული ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში.
არასოდეს დანებდეთ თქვენს ოცნებებს და ყოველთვის დაგეგმეთ გრძელვადიან
პერსპექტივაში. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც მოსალოდნელია, გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გეგმა ან სტრატეგია. დაგეგმილზე ადრე სახლში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ წარუმატებლობა განიცადეთ - ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი თავის დასაწყისს, რომელიც შეიარაღებულია მიღებული ცოდნითა და
გამოცდილებით. ყოველი ნაბიჯი პროგრესია და სადღაც მიგვიყვანს.
მე ვაგრძელებ ჩემს გზას და ზრდას როგორც ემიგრანტი: გადაწყვეტილი მაქვს ავაშენო მყარი საფუძველი, გავაფართოო ჩემი ცოდნა, გავიზარდო ჩემს კარიერაში, და გვერდში დავუდგე ჩემს ოჯახს. ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა და მე ხალისით ვიღებ თითოეულ გამოწვევას. ვიცი, თითოეული ნაბიჯი არის ჩემი ზრდისა და წარმატების ისტორიის ნაწილი და როცა შენ გადადგამ შენს ნაბიჯებს, გამიზიარე შენი ისტორია. ძვირფასო მკითხველო, იმედი მაქვს ისიამოვნე ჩემთან მოგზაურობით და ჩემი
გამოცდილებით.
საუკეთესო სურვილებით.
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში