7 წელი იტალიაში
დღეს ჩემი ემიგრაციის ოქროს დაბადების დღეა.
ზუსტად 7 სექტემბერს 7 წელი შემისრულდა, რაც იტალიაში ჩამოვედი.
გადავიკიდე სამხედრო ზურგჩანთა და დავადექი გზას. პირველი ორი წელი ადაპტაციას მოვუნდი, შემდეგ ცოტა გავყოჩაღდი. ამასობაში კარს მოგვადგა პანდემია და ჩავიკეტეთ სახლებში. გაჩნდა ახალი ფიქრები. რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ არ გვეგრძნო კოვიდის სიმძიმე. სახლში თუკი რაიმე ძაფი, ქაღალდი, ღილი იყო... ერთი სიტყვით, საქმისთვის გამოსადეგი მასალა, სულ მისაღებ ოთახში შემოვზიდე და დავიწყე ხელსაქმე ჩემს ქალბატონთან ერთად. დროც საინტერესოდ და მალე გადიოდა. ამ საქმიანობაში ,,შემომექსოვა“ თოჯინა, რომელიც თილისმა გახდა ჩემი ჯოვანასთვის. ასე დავიწყე თოჯინების შექმნა. შემდეგ ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ, იმხელა სიხარული და სიყვარული მომიტანა, მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. მინდოდა ჩემი თოჯინები ,,გარეთაც” გამეყვანა და როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიმიპატიჟეს, სიხარულით წავედით.
შემდეგ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც გავაკეთე, სადაც შემოსული თანხა იტალიის მადლიან ხალხს გადავეცი.
ასე აეწყო ჩემი ცხოვრება იტალიაში:
შემდეგ დაემატა ონლაინ ტრენინგი ფსიქოლოგიის განხრით და უფრო საინტერესო გახდა ჩემი აქ ყოფნა. ამასობაში ვიყიდე სახლი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მადლობელი ვარ ერთ-ერთი ქართული ბანკის, იმისთვის, რომ ჩემი დაბალი ხელფასის გამო ვერ დამაფინანსა. რომ არა ეს სიტუაცია, ამდენ ბავშვობის ოცნებებს ვერ ავისრულებდი.
ზოგჯერ სიტყვა „ა რ ა“ არ ნიშნავს უარყოფითს, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. მან უკეთესი კარი გამიღო ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის.
აქვე დავძენ იმასაც რომ სახლის ყიდვაშიც ისევ ეს ბანკი იყო ჩემი ბედნიერების მომტანი (მოეწონა ჩემი ხელფასის ამონაწერი და სახლიც მაყიდვინა).
ასეთი ამბების მოყოლა მინდოდა მე დღეს თქვენთვის. ასე რომ, ნუ შეხედავთ მაინცდამაინც ემიგრაციას ,,ცერი“, თვალით, რადგანაც არასასურველ სიტუაციას ყოველთვის აქვს მეორადი სარგებელი - თუ ჩაეძიებით აუცილებლად დაინახავთ.
მიყვარხართ მე თქვენ ემიგრანტებო !!!
გიგზავნით გულის სითბოს (თორემ იტალიაში ძალიან ცხელა, ზედმეტი არ მოგივიდეთ) სიყვარულს და თქვენი მიზნების და სურვილების ასრულებას გისურვებთ!
ახლა რაც შეეხება ფინანსურ განათლებას. ვინაიდან და რადგანაც არასოდეს მქონდა დასათვლელი ფული, არასოდეს დავინტერესებულვარ ფინანსებით, მაგრამ ახლა სწორად უნდა გადამენაწილებინა აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი ხარჯებისთვის. ჩემი თავის გადასამოწმებლად დავესწარი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ ფინანსურ ტრენინგს.
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ფინანსური ანბანის შესწავლა -
რამდენი დაცვითი მექანიზმი არსებობს, რომელიც გვასწავლის სიფრთხილით მოვეკიდოთ ფინანსებს, რათა არ აღმოვჩნდეთ თაღლითობის მსხვერპლი.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტრენინგზე აღმოჩნდა ის, რომ ტრენერმა გააჟღერა სიტყვები: ჩვენ თუ გავხსნიდით ანაბარს ნებისმიერ ქართულ ბანკში, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა და საქართველოსთვისაც.
გული გამათბო ამ სიტყვებმა. მეორე დღესვე წავედი და გავხსენი ანაბარი და ყოველი გადარიცხვის დროს მღელვარება მემატება. გულში ვიძახი: ერთი მე და ერთი შენ ჩემო საქართველოვ. ძალიან მიხარია, რომ მეც შემიძლია პატარა წვლილი შევიტანო ჩემი სამშობლოსთვის.
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში