ქართულის გაკვეთილი ემიგრაციაზე
გაკვეთილიდან გამოვედი. ნიკო ლორთქიფანიძის მინიატიურა ,,გული'' ავხსენით და წერითი დავალება გვქონდა ემიგრაციაზე. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოში ხომ არ არსებობს ოჯახი, პირდაპირ თუ ირიბად, ეს საკითხი რომ არ ეხებოდეს. თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენეთ ცხოვრებისეული მაგალითები, მათ შორის, მეც.
მოვუყევი ამბავი ერთ მეოცნებე გოგონაზე, რომელიც დაოჯახების შემდეგ ბევრისთვის ნაცნობი გამოწვევის წინაშე დადგა. მიუხედავად უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებისა, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა. პატარა ბავშვით ხელში... გვერდით მეუღლე, მშრომელი, მაგრამ სტაბილური შემოსავლის გარეშე უიმედობას შეეპყრო.
- ჩემი ძმა საზღვარგარეთ არის და წავალო - ქმარმა. აღარც გოგონამ დაუშალა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაურეკა მეუღლემ, უნდა ჩამოვიდე, ვერაფერს ვაგროვებ მარტოო...
სისხლი ეყინებოდა, შვილს კოცნიდა წასვლის წინ და იფიცებოდა, რომ მხოლოდ ორი წლით წავიდოდა, ორი წელი 6 წლად იქცა. წასასვლელად პროცენტიანი ვალი შეაკოწიწა, ნაწილი ახლობლებისგან ისესხა, ბანკში ოქრო დაალომბარდა, მანამდე რამდენიმე ვერსია მიმოიხილა, სად უფრო მეტს იხდიდნენ, სანდოობაც იკითხა და მოაგროვა სასურველი თანხა. ახლა წასვლა გახდა პრობლემა. მაინც წავიდა. 12 საათი სამგზავრო ავტობუსის გადაჭრილი ავზით ,,იმგზავრა''. მხოლოდ ის ახსოვს, როგორ შეძვრა ჩემოდნებით სავსე საბარგულში და გაუყვა შავ დერეფანს, ავზისკენ მიმავალს, მერე როგორ ამოვიდა იქიდან ჩაშავებული სისხლნაჟღენთებით სხეულზე. თორმეტი საათიანმა უმოძრაოდ, ოთხად მოკეცილმა ჯდომამ თავისი ქნა. მაინც ჩავიდა...
სამი თვე უსამსახურობა პროცენტს ზრდიდა. გამოჩნდა სამსახურიც. მისმა ბუნებამ ჩაკეტილი სივრცე და მოხუცებულის მოვლა ვერ შეძლო...
მერე იყო პატარა ბავშვი, მისი შვილის ტოლი, რამდენიმე დღე იმუშავა და მიატოვა - მისი დაძინება ვერ შეძლო, მკერდი ეწვებოდა და სისხლი ისევ ეყინებოდა. იმ სამუშოდანაც წამოვიდა...
ჰაერში კვამლის სუნი ტრიალებდა, ვიღაცას ბუხარი აენთო. სახლი გაახსენდა, ზამთარი და ღუმელი... თავში მილიონი აზრი უტრიალებდა, თეთრიც და შავიც, მაგრამ ჰორიზონტი მკაფიო იყო. არსებობდა მიზანი და მოქმედება იყო საჭირო! (უმიზნოდ არასოდეს არ უნდა წახვიდე ემიგრანტად, უნდა იცოდე რა გსურს და რისთვის მიდიხარო - დრო ხომ ფულიაო; რა საშინელებაა, მე სხვანაირი ემიგრანტი მსურს ვიყო, სასწავლებლად მივდიოდეო - ჩემი მოსწავლეები ჩამერთნენ საუბარში. „ფინედუს“ ,,გაკვეთილები'' გავლილი აქვთ).
მერე ისეთი სამსახური იშოვა, რომელიც მოერგო და რომელსაც მოერგო. დასაწყისში ბევრს არ უხდიდნენ, მაგრამ იცოდა, თვეში კონკრეტული თანხა უნდა გადაენახა და დანარჩენი გაენაწილებინა. აი, ჩვენ რომ ვიცით “როგორც საბანი გასწვდებოდა“, თან ენას სწავლობდა და „პირნათლად“ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. სამსახურიც და ხელფასიც მატულობდა. ბინა უნდა ეყიდა - გრძელვადიანი მიზანი ეს იყო. ერთი-ორჯერ გადანახული თანხას რაღაც მოაკლო და სინდისმა შეაწუხა. საბუთიან მეგობარს (თავად უსაბუთოდ ცხოვრობდა) სთხოვა, ერჩია სანდო ბანკი, სადაც სარგებელიც დაერიცხებოდა. მოიარეს, იკითხეს. მოიფიქრა და ერთ დღეს ბანკში გაყოლა და ანგარიშის გახსნაში დახმარება სთხოვა, გარკვეული თანხა დეპოზიტზე დასვა და ორი წლით „დაკეტა“ - ასე მეტი სარგებელიც ერიცხებოდა. ყოველთვე ფიქსირებული თანხა შეჰქონდა, თუ ვერ მოაგროვებდა - სესხულობდა, შეჰქონდა, მერე მას ისტუმრებდა. მეუღლეც ეხმარებოდა, თუმცა კაცის სამსახური ცოტა ჭირდა. ორ წელში ბინა იყიდეს. მერე სოფელშიც გამოჩნდა სახლი იაფად. სესხი ააღებინა საქართველოში და იყიდეს. ნელ-ნელა ის სესხიც დაფარეს. სოფელი გვაქვს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საჭიროაო - ჰექტრობით მიწა შეიძინეს. ერთ-ორ თეთრს თავი მოუყარეს და ერთ მშვენიერ დღეს გოგონა მიხვდა, რომ დაბრუნების დრო იყო. მეუღლემ, ცოტაც დავრჩეთო, - მაგრამ წლები მირბოდა, ის საქმე კი რასაც იქ ასრულებდა, მისი არ იყო. ყველას უკვირდა, რატომ მიდიხარ, რა იშოვე ასეთიო, 15 წელია აქ ვარ და ერთი ბინა ვერ შევიძინეთო...
ჩამოვიდნენ, მანქანა შეიძინა მეუღლემ - მან მართვის მოწმობა აიღო. - შენ ხომ არ გყავს, რად გინდაო - ირიბი ღიმილით ეუბნებოდნენ მეზობელ-ახლობლები. ვიყიდიო -იცინოდა უკვე ქალობაში ფეხშედგმული გოგონა, უკვე სამი შვილის დედა. საყვარელი საქმე არ დავიწყებია და სკოლაში დაიწყო მუშაობა, ვფიქრობ, არცთუ ისე წარუმატებლად. ბევრი იწვალ-იშრომა და მეტ-ნაკლებად ფინანსურად აქაც გაიმართა. ყოველთვიური ფიქსირებულ შესანახი თანხა ძალაში რჩებოდა, ტრანსპორტიც ერთი კი არა, ორი გამოიცვალა - ისეთი ტემპით მოუწია ცხოვრება, ფეხით ნამდვილად ვეღარ დაეწეოდა. საყვარელ პროფესიას დაუბრუნდა და კვლავ დაიწყო მიზნების გრძელვადიან და მოკლევადიანად დახარისხება.
- რა ყოჩაღი ქალი ყოფილაო, მას, მაგრამ იქნებ ტყუილია, ასე როგორ გაუმართლებდაო... არ დაიღალაო? ეს წლები მასზე უარყოფითად არ აისახაო? ვინ იცის როგორი დარდიანიაო, დანაოჭდებოდაო... მე არ მჯერაო, ზღაპარივით არისო... - მოსწავლეებმა.
ვეღარ დავმალავდი, ის გოგონა მე ვარ-მეთქი... ლამის ისევ არ დაიჯერეს... დავემშვიდობე. ახლა ეკოტურიზმის მიმართულებით ვაპირებ პროექტის დაწერას, სოციალური ინიციატივებიც მაქვს და ბანკში მიმეჩქარება. სანდო პარტნიორთან თანამშრომლობა ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს, ასევე თემსა და სკოლასაც.
ტექსტი შემუშავებულია კონკურსის "ჩემი გზა ემიგრაციაში" ფარგლებში