კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის V სხდომა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით 2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს და  არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კომიტეტის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

სხდომაზე კომიტეტს წარედგინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების პროცესის შესახებ. ასევე, სერტიფიცირებისთვის მზა მასალები: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული ბროშურები ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხზე და ევროპულ ფონდთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (СiDA) თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ბროშურა აგრომეწარმეებისთვის - მიიღე გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ „ფინანსური განათლების პროგრამებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები" სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებთან ერთად, კომიტეტის მიერ გასულ სხდომაზე დამტკიცდა.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების შესრულება და ამასთან,  2018-2021 წლების განახლებული სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC), Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „თიბისი ბანკის", „საქართველოს ბანკის", „ფინკა ბანკი საქართველოს", „ლიბერთი ბანკისა" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ წელს კომიტეტს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიც შეუერთდა. ამას გარდა, შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ლაბორატორია" წარმომადგენლები, რომლებმაც კომიტეტს თემაზე "ფინანსური წიგნიერება" პროექტის პრეზენტაცია წარუდგინეს.