კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის VII სხდომა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის გაფართოებულ, რიგით მე-7 სხდომას უმასპინძლა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უძღვებოდა. სხდომა 2023 წლის 24 იანვარს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდა და მას კომიტეტის წევრების გარდა, საფინანსო სექტორისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

მონაწილეებმა სტრატეგიის დამტკიცებიდან 7 წელი შეაჯამეს და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი დაამტკიცეს.

შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა გვენეტაძემ გახსნა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, ფინანსური განათლების ამაღლების გრძელვადიან პროცესში, საჯარო და კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით საქართველოს პროგრესსა და გასული წლების აქტივობებზე თავის მხრივ ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმაც - გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელმა, ფლორან მესიმ და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანჟელიკ ვან ჰაასტერენმა. მათ გამოსვლაში აღინიშნეს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისათვის საერთო საზრუნავია და ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია.

"ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდშიც პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. თუ წლების წინ თავად საკითხის არსი და მნიშვნელობა დამატებით განმარტებას საჭიროებდა, დღეს, პირველი სტრატეგიის მიღებიდან 6 წლის შემდეგ, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური განათლების არსსა და მნიშვნელობას განმარტება და დასაბუთება აღარ სჭირდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იმ არსებითი კომპეტენციების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებლები მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. იმავდროულად, ფინანსური განათლების მაღალი დონე მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორისთვისაც, რამდენადაც მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო იქნება გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანაში  ყალიბდება ჯანსაღი ტიპის ისეთი გარემო, რომელშიც, როგორც ინდივიდები, ისე ფინანსური სექტორი გონივრულად მოქმედებს და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ გზაზე ეროვნული ბანკი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად მოდიოდა და ყველა მიღწევის უკან ერთობლივი ძალისხმევა დევს“, - განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.