საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი ფინანსური კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფისთვის აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით. ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაინტერესოებული მხარეები სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ფინანსური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, და რომლის პირველი სხდომაც ეროვნულ ბანკში დღეს გაიმართა. კომიტეტი პასუხისმგებელია შეიმუშაოს მიდგომები და რეკომენდაციები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან და საქართველოში ფინანსური განათლების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.
კომიტეტის წევრებმა პირველ სხდომაზე უახლესი პერიოდის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის არსებულ ურთიერთკავშირს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების დონესა და ფინანსური განათლების კუთხით ეროვნულ სასწავლო გეგმებში დაგეგმილ ცვლილებებზე; ამასთან, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს არაფორმალური ფინანსური განათლების, უნივერსიტეტების როლის, რეგიონებსა და სამუშაო ადგილებზე ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე. დღესვე კომიტეტის წევრებმა ფინანსური განათლების სტანდარტების შემუშავებაზეც იმსჯელეს და კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია დაგეგმეს. კომიტეტის ფარგლებში ხაზი გაესვა დაინტერესებული მხარეების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ხელმძღვანელობს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლებლების, კომერციული ბანკების, მიკროსაფინასო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომები ყოველკვარტალურად გაიმართება.