კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის II სხდომა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის 2017-2019 წლების გზამკვლევსა და ინდივიდუალური პროგრამებისთვის შექმნილ სამოქმედო გეგმის ფორმატზე იმსჯელეს. განიხილეს პროგრამების შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს ძირითადი მიმართულებები და ფინანსური განათლების პროგრამების სერტიფიცირების  პრინციპები.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ პროექტებზე, შეთანხმდნენ საერთო საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების საჭიროებაზე და დააფიქსირეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, სტუდენტებისა და დიდ ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის განკუთვნილი ფინანსური განათლების პროგრამების განვითარების მიმართულებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, კომიტეტის წევრებს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა:

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია იქცეს ქმედით დოკუმენტად. ამისათვის კი დაინტერესებული მხარეების აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შევთანხმდით ძირითად პრინციპებზე, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიის მართვის კომიტეტის შემდგომ საქმიანობას, ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი ინტენსიურად ვიმუშავებთ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

სხდომას ესწრებოდნენ ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრები კერძო და საჯარო სექტორებიდან, მათ შორის, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა ფინანსური სტრატეგიის მართვის კომიტეტი, რომელიც ყოველკვარტალურად იკრიბება.