კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ლიტერატორული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება

საქართველოს ეროვნულ ბანკის ორგანიზებით მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმაზე www.finedu.gov.ge (ფინედუ) გამოცხადებული მორიგი კონკურსის „ფინანსური განათლება მხატვრულად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კონკურსის ფინალისტები სპეციალური სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვნენ, ხოლო გამარჯვებულებს კონკურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე მოწვეული იყო რამაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის წარმომადგენელიც, რომლის სასკოლო ბიბლიოთეკაშიც კონკურსის პირობების გათვალისწინებით, კონკურსის 87 მონაწილის სახელით შეძენილი 87 წიგნის საჩუქრად გადაცემა მოხდება. გარდა ამისა, ფინედუს დაარსებიდან 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოხდა განვლილი პერიოდის მოკლე შეჯამება.  

ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, რომლის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე იმავდროულად ზემოაღნიშნული კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრიც იყო. 

ღონისძიებას ორგანიზატორების  გარდა ესწრებოდნენ კონკურსის მხარდამჭერი და ჟიურიში მონაწილე ორგანიზაციების - საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალის", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულაკაურის გამომცემლობის, გამომცემლობა დიოგენესა და გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენლები.

კონკურსის ფარგლებში ფინალისტის დიპლომი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა კონკურსის 14-ივე ფინალისტს. იმავდროულად, დასახელდა საპრიზო ადგილზე გასული 3 გამარჯვებულიც:

I ადგილი - ნათია როსტიაშვილი, მოთხრობა "ყვითელი ბერეტი"

 

II ადგილი - ნინო ხოფერია, მოთხრობა "უნივერსალური არგუმენტი"

 

III ადგილი - ნინო ცაავა, მოთხრობა "თევზაობა"

 

ღონისძიების სტუმრებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, მიმართა: „კონკურსი ჩატარდა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და შეიძლება ითქვას, კონტრასტული სფეროების ჩართულობით - ლიტერატორები, ხელოვნების სფეროდან, უნივერსიტეტების, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ფინანსისტები. აღნიშნული ადასტურებს, რომ ფინანსური განათლება ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური კომპეტენციაა, რომელზე მსჯელობა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა” - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლიტერატურული კონკურსი „ფინანსური განათლება მხატვრულად“ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს დაიწყო და ნამუშევრების მიღება 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ჟიურის შემადგენლობაში კი იყვნენ ფინანსური სექტორის, უნივერსიტეტებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები. კონკურსის პერიოდში არაერთი ღონისძიება  გაიმართა, მათ შორის, სარეკომენდაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები კონკურსის ჟიურის წევრებთან.