კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ყვითელი ბერეტი

ყვითელი ბერეტი

4103
3.8 / 5

"როცა რამე დამპლური ამბავი ხდება და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, უბრალოდ ფიქრი სხვა რამეზე უნდა გადაიტანო." -ბექნუ მარიგებდა ხოლმე და აჰა, ორივე დამპლურ ამბავში ვართ. ოღონდ ფიქრის კი არა, მზერის გადატანასაც ძლივს ვახერხებ ბექნუს ფერდაკარგული სახიდან ფეხმოლაყლაყებულ ტუმბოზე. დღემდე მჯეროდა, რომ "გახევებული" ყურით მოთრეული სიტყვა იყო, არარსებული. მე ვარ ახლა ეგ სიტყვა და რაღაც სასწაულით - ვარსებობ.

პალატის ტუმბოზე ბექნუს ყვითელი ბერეტი დევს. კი არ დევს, გდია, რაღაცნაირად უსიცოცხლოდ, ჩაჩუტულ-მოფლაშული. ასე მგონია, როგორც კი ბექნუ გონზე მოვა, ესეც ნელ-ნელა ამოიფოფრება.

ფიქრი ბექნუდან ბერეტზე გადამაქვს.

ბერეტზე ფიქრისას კიდე იმ დამპალი, აწოწილი კაცის გამოტოვება არ გამოდის.

 

***

მე და ჩემს აწოწილს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გემოვნება გვქონდა.

ერთხელაც, დაბადების დღე აქვს და ვფიქრობ, რა ვუყიდო, რომ მოეწონოს? რა თქმა უნდა ის, რაც მე არასდროს მომეწონება. მაგალითად, მჭახედ ყვითელი ფერის ბერეტი - კაცზე.

რავი, რა ჭანჭიკი მოეშვა კოსმოსს ამისთანა, რომ ჩვენ ორის გემოვნება უცებ ერთმანეთს დაამთხვია... დაუჯერებელი კია, მაგრამ ეგრე მოხდა - ყვითელი ბერეტი არც აწოწილს მოეწონა.

ეს ძლივს ნაშოვნი ყვითელი საცოდაობა გადასაგდებად დამენანა, წამოვიღე და ბექნუს ვაჩუქე "ნიშნადმეგობრობისა", მეთქი თან ხუმრობაში ჩამეთვლება, თან არც მთლად გადაგდება გამოვა.

...და ბექნუს ეს ჩემი საჩუქარი გაუხარდაა - სასწაულად!

 

*** 

ცხვირის წვერს ხელის ზურგით ვიწმენდ.

"შენ ცხვირიდან უფრო ტირი, ვიდრე თვალებიდან" - ბექნუმ მითხრა ერთხელ და ისეთი ხარხარი ამიტყდა, ძლივს გავჩერდი. ეგ ბექნუს საუკეთესო და კაცმა რომ თქვას, ერთადერთი ნორმალური ხუმრობაა.

 

*** 

ერთხელ, ნასვამი იყო და მეუბნება, ვინმემ რომ გკითხოს, ბექნუ რა კაციაო, რას ეტყვიო? 

- რას ვეტყვი და... იმას, რომ ჩემი მეგობარი ბექნუ ის კაცია, ვინც საქმეებს თლის და მოგებას ბანკში აწყობს. მანქანებით ვაჭ...ბიზნესობს. ხან მანქანებით, ხან - ლიმონის შესანახი კონტეინერებით. სულერთია, მთავარია იაფად იყიდოს, ძვირად გაყიდოს. ან სხვებმა იყიდონ-გაყიდონ და ამას პროცენტი მისცენ. ოღონდ დიდი. ოღონდ ბევრი. ცოტა ფული ბექნუს არ უყვარს. ხოდა, რომ მეტყვის ის ვიღაცა, "ვაა, მაგარია ბევრი ფულიო", ვეტყვი, გგონია იმ ფულს გემრიელად ხარჯავს? ნწუ. ჩემთვის გაუგებარ რამეებში ანაწილებს:

1.მანქანის დაზღვევა, 2. ჯანმრთელობის დაზღვევა, 3. ვადიანი ანაბარი.

ჰო, კიდევ: ფულს თავისთვის ვერ იმეტებს, ერთი ჯემპრით დადის და შეყვარებულს უგროვებს კბილებდაკრეჭილი ირმის ფორმის ყულაბაში და ამ შეყვარებულს ცოცხალი თავით არ მაცნობს. 

გავხედე და თვალებში ცრემლი არ აქვს?! ვერ ვხვდები, სიხარულისაა, წყენის თუ სიმთვრალის. პირში ჩაგუბებულ სათქმელს შიგვე ატრიალებს და ყლაპავს.

ფხიზელს სულ დავცინოდი, შენ ფული რად გინდა, დახარჯვა არ იცი-მეთქი.

- შორს ვიყურები. გონიერი კაცი ყოველთვის ფიქრობს მომავლზე!

- ჰაჰააა "შავ დღეზე?" 

- დიახაც!

ჩემნაირებს რატომღაც გვგონია, რომ ცუდი ამბები მხოლოდ სხვებს შეიძლება შეემთხვას, ჩვენ - არასოდეს. ჰოდა აჰა, ეს შავი დღე მართლა დადგა და რა ვიცი, რა უნდა მექნა ახლა ჩემი კაპიკებით და ზღვა პრობლემით, ბექნუს რომ ყველაფრის დაზღვევა არ ჰქონოდა? მანქანის ამბავსაც მოაგვარებენ და მკურნალობისასაც. 

 

***

მე რომ აფთიაქიდან წამოღებული ტკიცინა და გათამაშების დღისთვის უკვე დაჭმუჭნულ-დალაქავებული ბილეთით დიდი ფული მოვიგე, ეგრევე ბექნუსთან გავიქეცი, მანქანას მაყიდინებს-მეთქი.

გააღო თუ არა, ჩავირთე: ხმით, ხელებით, ფეხებით, ჟესტით, ყველაფრით ვყვირი სიხარულისგან. ეს კიდევ:

- რომელი მოდელი მანქანა გინდა? - საქმიანად მეკითხება. 

არც "გილოცავ," არც "ვა, რა კაია" -არაფერი.

- ვერცხლისფერი. - ვეუბნები სილასავით მოწყვეტით. - მოდელი სუ ცალ ფეხზე მკიდია. - წამოვედი გაცოფებული.

დილით მესიჯი მომწერა: "მანქანა მხოლოდ ფერი არაა, ხარჯიცაა. ერთი და იგივე მანძილის გავლისას ზოგი მეტ ბენზინს წვავს, ზოგი - ნაკლებს. ჩამოდი, გაყიდინებ."

ჩავედი. გზაში ხმა არ ამოგვიღია.

მანქანების ბაზრობაზე ვიღაც ბექნუზე დაბალი და მსუქანი კაცი მოვიდა, ხელი ჩამოართვა, თავის გასაყიდ მანქანასთან მიგვიყვანა იქვე. მანქანაც ეგეთია, მოკლე და გაბერილი.

ჩავჯექი. მომწონს, რა ვიცი. პატარაა, კოხტად ვერცხლისფერი.

- ჰა?!. როგორია ბექნუ?

ვითომ არ ესმის, იმ კაცს ელაპარაკება.

ამასობაში ვიღაც ტიპი მოდის, უგრძელესი ხელ-ფეხი აქვს და ფერადი რამეები აცვია.

- აწო ვარ, გაუმარჯოს. - მეჩურჩულება, - ამ ბოდიში და კურკლისხელა სალონში რა კაცი უნდა  ჩატიოთ, ქალბატონო გოგონა? ამ ნისან ჯუკის ერთი ბეწო სალონში ნამდვილ მამაკაცს ვერ ჩატევ. შანსი არაა. მე ვყიდი მაგარ მანქანას, ცე-ელ-კა მერსედესს.

- და ეს "აწო" სადაური სახელია? არ გამიგია. - ისე ვეკითხები. თითქოს "ცეელკა" და "ნისანჯუკი" ხომ რას ამბობ, გამიგია.

- შემოკლებითი. - იღრიჭება. - აწო, ანუ აწოწილი. აქ შემარქვეს, ამათნაირმა მეტრა ოცებმა,- ბექნუზე და დაბალზე მანიშნებს.

- ბექნუ! - ვეძახი, - ამ მანქანას ვყიდულობ!

ეგეც შენ, აწო ხარ თუ მაწო, თავხედო!

 

***

ქალბატონო ქეთი, უნდა დაგელაპარაკოთ, - ექიმს ისეთი სახე აქვს, ვერ მიხვდები, კარგადაა საქმე თუ ცუდად. ძალიან კარგადაა თუ ძალიან ცუდად. 

 

***

იმ მანქანის ყიდვის ამბავი რომ მოინელა ბექნუმ, მერე მანქანის დაზღვევაც დამაძალა.

- ბექნუ, აი, რატომ უნდა ვაჩუქო ყოველთვე ვიღაცას ფული?! იქნებ საერთოდ არ დამჭირდეს ეს დაზღვევა?

- დაგჭირდება. ეგ მცირე თანხა არ გაგაღარიბებს და აი, სერიოზული ავარია რომ მოგივიდეს მერე რას იზამ? კარგი, შენს მანქანას გადააგდებ, მაგრამ სხვისი თუ დალეწე, არავინ შეგარჩენს. დიდ თანხას როგორ გააჩენ? პროცენტული ვალით? და იმ ვალს როგორღა გადაიხდი შენი ორკაპიკიანი შემოსავლით? გირჩევნია ცოტ-ცოტა იხადო ყოველთვე და მომავლში დიდი განსაცდელისგან დაზღვეული იყო. მთავარი ის კი არაა, რამდენი ფული გაქვს, მთავარია რამდენად გონივრულად ანაწილებ.

"საერთოდ არ დამჭირდეს" კი არა, სადაზღვეოში სამსახურივით დავდიოდი. რეგულარულად.

დაუჯერებელი ამბავი მოხდა, მე და აწო დავწყვილდით. 

- გითხარი რა, ამ კურკლ მანქანაში რომელი ნამდვილი მამაკაცი ჩაეტევა? - ჩვენი ურთიერთობა ძირითადად აწოს საყვედურებია. - გეყიდა, ის დედააფეთქებული მერსედესი ჩემგან, რას მეიაზვებოდი? როდესმე გამოცვლი ამ ნეხვ მანქანას საერთოდ?

მაპატიე, ძვირფასო, - ვეუბნები - ამ ჩემი გაფხეკილი ჯიბით ბევრი-ბევრი შენ გამოგცვალო, მანქანას -ვეღარ.

 

*** 

ექთანი მხარზე მეხება, თვალებს არ ვახელ. თვალდახუჭულიც ხომ დამპლურ ამბავში ვარ, მაგრამ ახელილი რაშიც ვარ, იმას კი ჯობია.

 

***

ბექნუსთან ვართ სტუმრად მე და აწო. ყავის მოსადუღებლად გამოვედი და ფარდას ამოვეფარე. ვაკვირდები. ზუსტად ვიცი, ლაპარაკს ვერ ააწყობენ, მუჭში მეცინება.

აწო ადგა და ყულაბაზე ანიშნებს:

- მოდი, ავიღოთ შენი ნაშის ფული, მაგარ ქალებში წაგიყვან!

ბექნუ ადგა, თაროდან ყვითელი ბერეტი აიღო, მუჭში მოჭმუჭნა.

- შენ რა გგონია, - აწო ეუბნება. - მე მარტო ამის იმედზე ვარ? - ხელით სამზარეულოსკენ ანიშნა და როგორც ვიდექი, ფარდის ნაჩვრეტთან დახრილი, პირთან მომუჭული ხელით - წამში გავქვავდი.

ეხლა აქედან ჩავალ ქეთოსთან... ხო ხვდები... და ღამე მივდივარ მაგარ გულაობა... ბექნუმ ეს ბერეტიანი მუშტი აეგრე, ქვემოდან ზემოთ აუქნია ცხვირში.

 

***

ექიმი რაღაცას მელაპარაკება. "ცია, ცია, ცია..." -იმეორებს ჩემი ტვინი. რა ცია? ვინ ცია? თვალებს ჯიუტად არ ვახელ. იქნებ ექიმის სახელია?

 

***

...ის რომ გავარდა ეგრე, ცხვირიდან მაისურზე ჩამოწუწული სისხლით და კიბეები ჩვენი გინებით ჩაირბინა ბექნუს მივვარდი:

- დამპალო! სხვის საქმეში ცხვირს რატომ ყოფ? გინდა მეც შენსავით მარტოობაში ჩავმყაყდე?

ისტერიკამ რომ გამიარა, მეთქი წავედი, აწოსთან მივდივარ, დამპალო. 

და ბექნუმ, ჩემმა ფუმფულა ბექნუმ, ჩემი მანქანით გაგიყვან, შენი ნერვებით საჭესთან არ ივარგებსო.

 

***

აცია... აცია... - თავში მიტრიალებს. - რაა? იქნებ ცაცია? ბაქნუ იყო ცაცია და მერე რა ამით?

 

***

...გზაში მიყვება რაღაცებს, აწოზე, დამპლურებს. ვეღარ დაგიმალავო, ვისგანაც მანქანა იყიდე, კარგად იცნობსო ეგო, მაგისგან ვიცოდი და გადავამოწმეო და მეთქი რეებს უგონებ, მე-ზიზ-ღები! და რა მეტაკა, მუშტებს ვუშენ და საჭეს ვეჯაჯგურები შეშლილივით, თვალებზე ხელებს ვაფარებ ბექნუს. უცებ შევიშალე, წამებში. მერე ყველაფერი აყირავდა და აგე, აქვეა, პალატაში.

 

***

ცია. აცია. ტ. ამპუ. ამპუტაცია.

რაა?! მინდა გავქანდე და კედელს შევასკდე, მაგრამ ვერ ვინძრევი. ცხვირთან ფლაკონი მოაქვთ, თვალს ვახელ.

 

***

ბექნუ. სანამ გაითიშებოდა, უცნაური რამე მითხრა: "ის შენთვისაა" და ცისკენ მანიშნა.

 

***

- ოპერაციამ კარგად ჩაიარა, - ექიმი მეუბნება.

მინდა შევაფურთხო. ძალიან მინდა, შევაფურთხო, მაგრამ მხოლოდ თავს ვუქნევ. ღმერთო, რა ცინიზმია, ბექნუსთვის ფეხის ჩამოთლას "კარგად ჩაიარა" უწოდო!

ვიღაც სხვა თეთრხალათიანი მამშვიდებს, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი პროთეზები. რაღაცას ვლუღლუღებ იმაზე, რომ საუკეთესოს შევიძენთ. ბანკში შენახული თანხა გვაძლევს ამის საშუალებას.

უცებ ვხვდები, რომ ცხოვრების დაგეგმვისას ყველაზე მთავარი ისაა, რაზეც სიცილით ვკვდებოდი - შავი დღისთვის გადადება. დაზღვევის ქონა, ანაბრები. ასე ყველაზე მთავარს ყიდულობ - სიმშვიდეს. სიცოცხლესაც.

ესემესი მომდის: გადახდა: 155.00 ჯერ ვერ მივხვდი რა ხდება და უცებ გამახსენდა! აწოს მოსაცმელის ჯიბეში ჩამრჩა ბარათი. მანამდე, ბექნუ მიტარებდა ფინანსურ გაკვეთილს, ერთი საიდუმლო მაინც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდესო, ბანკის ბარათის პინ-კოდიო და მე თეატრალურად ზედ ბარათს წავაწერე კოდი. დებილი რომ იქნები ადამიანი. და დამპალი კაცი რომ გეყვარება! 

უცებ ბექნუს სახე მახსენდება იმ ბოლო ფრაზის თქმისას. ფონს ვუცვლი, ზურგსუკან თავისი სახლის კედელს ვუსვამ და გონება მინათდება.

- ის შენთვისაა, - ამბობს ბექნუ და იქ, საითკენაც მანიშნებს, სულ ზემოთა თაროზე, ბექნუს კბილებდაკრეჭილ ყულაბას ეღიმება.