კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

უნივერსალური არგუმენტი

უნივერსალური არგუმენტი

3508
3.8 / 5

- დიდი გოგო გაგეზარდოს...

- გმადლობთ, ელისო.

- სკოლის საქმე როგორაა? ხვალ ეწყება ხომ?

- ჰო, წუწუნებს, ამაზე ეფექტური საჩუქარი არ არსებობს, 14 სექტემბერს დაბადების დღე მაქვს და 15-ში სკოლაო.

- უი, საჩუქრებზე გამახსენდა, თქვენს სკოლასაც აქვს ხომ დამატებით საგნები თუ რაღაც ასეთი...

- არჩევით საგნებზე ამბობ? კი, გვაქვს, ვნახოთ, რა იქნება...

- ჩემს მიშიკოსაც ეწყება ხვალიდან მეწარმეობის საფუძვლები. მოიგონეს ახალი გასართობი. რა დროს მაგათი ფინანსური წიგნიერებაა?! ვის რაში სჭირდება?!

თინიკო გაფითრდა, თმა თითზე დაიხვია. ასე იქცევა, როცა რაღაც უსიამოვნო ხდება მის თავს. ოთახს თვალი მოავლო, თითქოს საქმეს "ეძებდა" და იპოვა კიდეც. მგლის ხახიდან გამოქცეული კრავივით ამოთქვა: - უი, გოგო, ხახვი მიმეწვა და მერე დაგირეკავ... 

თინა მაღალი, შავგრემანი ქალია, შავი თვალებით და გაყინული მზერით. გაყინული მზერის გამო რომ ადამიანს სჯიდნენ, აუცილებლდ პასუხისგებში იქნებოდა. სახლშიც და  მეზობლებთან თავის პირქუშ გამოხედვას "ცივი იარაღივით" ატარებს. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, ცხოვრებაში არ დაიკარგებაო, მაგრამ, თინიკო ასეთი "მაგარიც" არაა.

ოთხი  წლის წინ, როცა, მეორე შვილი შეეძინა, გადაწყვიტა ოჯახის ბიუჯეტზე თავადაც ეზრუნა. ერთი სიტყვით, შემოსავლის გაზრდა სურდა. თბილისში ერთ ოთახიანი ბინა შეიძინა. ფიქრობდა, გავარემონტებ, სტუდენტებს მივაქირავებ და შემოსავალიც მექნებაო. თან მისი შვილებიც ხომ გახდებოდნენ სტუდენტები... მოკლედ, ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირა, ნუ, თვითონ ასე ფიქრობდა... ბანკიდან სესხი აიღო ბინის შესაძენად და კოსმეტიკური რემონტისათვის. ერთხელ, მარკეტში კოსულტანტმა უთხრა: "გავიგე, ბინას აქირავებ თბილისში, ჩემი მამიდაშვილია დაინტერესებული, მისი მეუღლე და შვილი იცხოვრებენ..."

მართალია, ბინის მეპატრონე სტუდენტებისთვის მიქირავებს ფიქრობდა, მაგრამ ავთომ, თინიკოს მეუღლემ, კლიენტი კლიენტიაო და ელვის სისწრაფით დადეს სიტყვიერი შეთანხმება. თინას კონტრაქტი კი ერჩია, უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ვაჟამ თქვა: - ეს გოგო ჩვენს მარკეტში მუშაობს და ნუ აგრძნობინებთ, რომ არ ენდობით, სირცხვილია. ვაჟა ავთოს კარის მეზობელია. ყველა ლილეს ქმარს ეძახის. მეზობლებისთვის ლილესა და ვაჟას ოჯახი  "უნივერსალური არგუმენტია", თუკი ვინმე ერთ ნაბიჯს გადადგამს, მაშინვე ვაჟიკოს ცოლით აშინებენ, როგორც პატარებს გუდიანი კაცით. მეზობლები თინიკოზე ამბობენ, რომ "ლილეს სინდრომი" სჭირს. როგორც ელისო ამბობს, ერთხელ ლილეს "მოუარა", სხვისი შეშურდა, დახარბდა, იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ღმერთი აძლევდა და ახლა ემიგრაციაშია.   

ავთო სტუმარ-მასპინძლობის, ახლობლობის, ნათესაობის გამო უგულებელყოფდა სამაყროში თაღლითების არსებობას, ფინანსურ დანაშაულსა და ფინანსური თაღლითობის რისკს. ავთოს დამოკიდებულება თინიკოსაც "აიძულებდა თვალის დახუჭვას". მაშინაც არაფერი უთქვამს, კონსულტანტი მოულოდნელად თბილისში რომ გადავიდა და თავისი მამიდაშვილის ნაცვლად შესახლდა თინიკოს ბინაში. ერთ თვეში დამქირავებელმა - მარიმ, ავთოს დაურეკა: "კონტრაქტი დავდოთ, რომ ბინა 1 წლით მომაქირავეთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იქნებ, აქეთ წამოსვლა მოგინდეთ, თქვენი უფროსი შვილი მაინც ორ წელიწადში ამთავრებს სკოლას".

თინიკომ ამოისუნთქა, ისედაც სურდა ეს "ოხერი" ხელშეკრულება, მაგრამ ვერ ბედავდა. მეორე მხრივ, ფიქრობდა, რატომ უნდა დაერეკა ავთოსთვის... საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა: "ჩემი ნომერი ჰქონდა, ავთოსი - არა. საიდან გაიგო მისი ნომერი ან რატომ გაირთულა საქმე?" "ავთო ჩვენს მარკეტში იშვიათად ჩადის. მარის თითქმის არც უნახავს,  თან იცის, რომ ბინა ჩემს სახელზეა"...

დამქირავაბელი ავთოს არ იცნობდა, მაგრამ ავთოს ჩვილი და მიმდობი  ბუნების ამბავი  მთელმა  სამეზობლომ იცოდა... 

თინიკო და ავთო თბილისში ჩავიდნენ. მარიმ განაცხადა:

- "ჩემი ნათესავის სამსახური არც ისე შორსაა, მალე წავიდეთ და მალევე მოვრჩებით". 

თინიკო უკმაყოფილო ჩანდა. ავთოს გადაუჩურჩულა: "უცნაურად იქცევა, აღელვებული ჩანს, ერთი სული აქვს კონტრაქტის დადებამდე". ავთოს, როგორც ყოველთვის, თინიკოსი არ ესმოდა, მარტივი გამოსავალი იპოვა, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა. ღლიდა თინიკოს კითხვები, გაუთავებელი ეჭვები...  ცოლს "ფინანსურ მენეჯერს" უწოდებდა ხოლმე, თავად კი არ ესმოდა, რას ნიშნავს ფინანსების მართვა, არც თვლიდა, რომ მისთვის, სანტექნიკოსი კაცისთვის, რამე სასიკეთოს მომტანი იყო ფინანსური წიგნიერება. მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ბანკირებისთვის იყო სავალდებულო ამის ცოდნა. ფულთან პირველ რიგში ბანკი ახსენდებოდა, თითქოს ბანკის მიღმა ფული არსებობას წყვეტს. თინიკომაც "ვერ მოიცალა" ფინანსურ საკითხებში მეტად გაცნობიერებულიყო. თვითონ სულ ამას ამბობდა: "ვერ მოვიცალე". თუმცა, გულის სიღრმეში იცოდა, რომ ფინანსურ გარგებებთან მწყრალად იყო. 

მარი ცოლ-ქმარს აჩქარებდა. 

- ავთო, მანქანაში სათვალე დამრჩა, დამელოდეთ, დავბრუნდები.

- თინიკო, მანქანა ისედაც შორს გავაჩერეთ, ნუ წვალობ, ავთოც წაიკითხავს. არა, ავთო?

- წავიდეთ, წავიდეთ და უცებ მოვისტუმროთ.

თინიკოს ვარაუდები, ეჭვები, ფიქრები, კოშმარივით რომ ურღვევდა სიმყუდროვეს, მოგვიანებით, რეალობად იქცა. 

მარი დაწინაურდა და კაბინეტში პირველი შევიდა. მარიმ შესვლისთანავე დაიწყო, რომ მალე შესვენება იწყება და კითხვების დასმის დრო არ იყო. თინას მარის ნათესავი უხეში მოეჩვენა. სკამიც კი არ შეუთავაზებია ცოლ-ქმრისთვის. სწრაფად, ხისტად, მოკლედ და კონკრეტულად საუბრობდა, თან ტელეფონით ვიღაცას ელაპარებოდა. თინას ხელით ანიშნებდა, სად უნდა მოეწერა ხელი. თინიკომ კითხვებისგან თავი შეიკავა. იფიქრა, დაკავებულია და სირცხვილიაო.

მართალია, ავთოს კარგი მხედველობა ჰქონდა, მაგრამ იმდენად წვრილი შრიფტით ეწერა, რომ ამოკითხვა გაუჭირდა. პირველი აბზაცი წაიკითხა, მეორეში ბევრი უცხო ტერმინი შეხვდა. მარის დეიდაშვილს ახედა, ის ავთოსგან ზურგშექცევით იდგა და ისევ ტელეფონით საუბრობდა. მარი არ ასვენებდა:

 - დავუჩქაროთ, უფროს ერთი საათით დავეთხოვე და, თუ დამაგვიანდა, მისაყვედურებს. 

ავთოს მესამე აბზაცის კითხვას აპირებდა, თუმცა რაღაც აწუხებდა, თავს ზედმეტად გრძნობდა, ყველას ეჩქარებოდა... 

ფურცელი თინიკოს მიაწოდა.  ხელი მოაწერეო, უთხრა და მანაც მოაწერა. 

ერთ თვეში თინიკო თავის შვილთან ერთად ჩავიდა თბილისში. ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანა. ექთანმა თინას უთხრა, რომ ანალიზებს "დააგვიანდებოდა". თინამ მარის დაურეკა, რომ ეთხოვა, რამდენიმე საათი შენთან ამოვალთო, მაგრამ არ უპასუხა. თინიკომ მარის კარზე დააკაკუნა. მარიმ კარი ოდნავ შეაღო, შეშინებული ჩანდა: - როგორც არ უნდა გაიგიჟოთ თავი, ეს ბინა უკვე ჩემია! ხელი ხომ მოაწერე, მე არაფერი დამიძალებია.

კარი ხმაურით მიიხურა. 

ავთო და თინა დახურულ კარს მიღმა იდგნენ. დაიბნენ, არც იცოდნენ, რა ექნათ. სიმართლე ახლა გაიგეს.

ამასთან მათი პრობლემა ის იყო, რომ არაფერი იცოდნენ საკუთარ უფლებებზე. მათ ხომ თავადაც შეეძლოთ, ემოქმედათ, ელემენტარული რამ მაინც  გაეგოთ ნაჩუქრობის დოკუმენტზე, საკუთარი კეთილდღეობისთვის. 

- წნევა ხომ არ გაქვს?

- წნევა კი არა სიბრმავე მჭირს. ქართულად ხომ  ეწერა ის "დასაწვი"?! ჩუქებაზე ხელი რამ მომაწერინა... მორჩა, გათავებულია ჩვენი საქმე... ბანკიდან ვალი მაინც არ აგვეღო, ქირის იმედად ვიყავით... დამატებითი შემოსავლის იმედად...

- იქნებ იყოს რამე გამოსავალი... გავიკითხოთ, თაღლითობით დაზარალებულების მეტი რა არის, გამოსავალიც იქნება...

- მორჩი, მოეშვი დამატებით რაღაცების "ჩხირკედელაობას", რაც გვაქვს, ისიც საკმარისია. სტაბილურად ვცხოვრობდით ხელფასით, შენი წყალობით ხარჯი დაგვემატა... რითი გადავიხდით სესხს? ბინაც დავკარგეთ, შრომა წყალში ჩაგვეყარა, იცოდე, საქმე კიდევ უარესად არ გაართულო, არავის ათქმევინო, ამხელა ხალხმა ჩუქება და ქირავნება ერთმანეთისგან ვერ განასხვავესო...

- როგორ, არაფერი არ გავაკეთოთ? ორმოში ჩავვარდით და, თუ ხელს არ გავანძრევთ, მანდვე დავრჩებით.

არაფერი გაუკეთებიათ. უცნაურია, ხვდებოდე, რომ იძირები და არაფერს აკეთებ... ამბობენ, რომ ადამიანს უმოქმედობა კლავს, იმასაც ამბობენ, რომ ზოგჯერ აქტიურობა დამღუპველია. ეს პარადოქსი თინამ ცოტა ხნის წინ გაანალიზა. თურმე ცოდნის "ბრალი" ყოფილა, უფრო სწორად უცოდინრობის. 

20 სექტემბერს, თინიკოს შვილს მეწარმეობის რიგითი გაკვეთილი ჰქონდა, შინ დაბრუნებულმა წითელი ფერის ჩანთა სასწრაფოდ მოიშორა მხრებიდან და კონსპექტებს დაუწყო ძებნა. 

იპოვა და ხმამაღლა წაიკითხა: "გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვება შესაძლებელია, თუკი ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მატერიალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში". 

დიახ, ცოდნა ინდივიდს "მუხტავს". მთავარია, თავი "აიძულო" და ისწავლო. 

რამდენიმე წლის შემდეგ თინიკო და ავთო კვლავ დაბრუნდენ თბილისში, ისევ იმ ბინაში და ამჯერად კარი მათთვის - ბინის სრულუფლებიანი მეპატრონეებისთვის, ღია იყო.