დღეს, 28 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსის 2 გამარჯვებული, მთვარისა მაზმიშვილი და ბაია ასლამაზიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დააჯილდოვა.
აღნიშნული კონკურსანტები გამარჯვებულებად დასახელდნენ ნომინაციაში „აუდიტორიის რჩეული“. მათ პრიზად გადაეცათ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი - „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა და სპეციალური სერტიფიკატი.
დაჯილდოებამდე კონკურსანტებმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი მოინახულეს და აღნიშნული ცენტრისა და ზოგადად ეროვნული ბანკის მუშაობის სპეციფიკის საინტერესო დეტალებს გაეცნენ. გამარჯვებულებთან ერთად დაჯილდოების ღონისძიებაზე მოწვეული იყო, ასევე, გამარჯვებული კონკურსანტის ვიდეოს გმირიც.
გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრებს ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ:
- კატეგორიაში "ბლოგი" ბაია ასლამაზიშვილის ნამუშევარმა მოიპოვა მომხმარებლების ყველაზე მეტი ფეისბუქრეაქცია - http://bit.ly/ბაია-ასლამაზიშვილი-15მარტი),
- კატეგორიაში „ვიდეო“ კი ყველაზე მეტი გამოხმაურება მთვარისა მაზმიშვილის ვიდეოს ჰქონდა - http://bit.ly/მთვარისა-მაზმიშვილი-15მარტი).
შეგახსენებთ, რომ კონკურსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის, 15 მარტის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ინიციატივით. კონკურსის გამართვაში ჟიურის სტატუსით ჩართული იყო, ასევე, ფინანსური სექტორის 11 წარმომადგენელი. კონკურსის პირობების თანახმად, სულ 24 გამარჯვებული, კერძოდ, 12 ბლოგისა და 12 ვიდეოს ავტორი გამოვლინდა. ფინალისტებიდან 22 ავტორი ჟიურის წევრების მიერ, ნამუშევრების შეფასებების უმაღლესი ქულით გამოვლინდა. 2 კანდიდატი კი, FinEdu-ს ფეისბუქგვერდის ვიზიტორების ხმათა უმრავლესობით დასახელდა.
ფინედუს გუნდი მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს, რომლებმაც მიუხედავად იმისა, ამ კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ თუ არა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მომხმარებელთა უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.