როგორ ვიყოთ ფინანსურად უსაფრთხოდ?
თანამედროვე რეალობაში საგრძნობლად გამარტივდა ცხოვრება, ვინაიდან განვითარდა სხვადასხვა პროცესები. განვითარდა ტექნიკა, მომსახურება, ტრანსპორტი.. 21-ე საუკუნეში განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ციფრულმა ინდუსტრიამ. ეს განსაკუთრებით შეეხო საბანკო სფეროს. ალბათ, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი ვერც წარმოიდგენდა, რომ სახლიდან გაუსვლელად ისესხებდა ფულს და ამ ფულით, ასევე სახლიდან გაუსვლელად, შეიძენდა მისთვის სასურველ ნივთს. სასარგებლო პროცესების ამგვარ განვითარებას, სამწუხაროდ, ფეხი აუწყო ჩვენთვის არც ისე სახარბიელო პროცესების განვითარებამაც. თუ კი მე-19 საუკუნეში თაღლითები ცდილობდნენ ფიზიკური შემხებლობით, მოლაპარაკებით გამოეძალათ ადამიანისთვის ფული, დღესდღეობით თაღლითობაც "გაციფრულდა".
საბანკო მომსახურების განვითარებიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის მიმოქცევა შემცირდა. თანხას ვინახავთ ანგარიშზე, ანაბარზე. გარდა ამისა, ინტერნეტ სივრცეში შენახულია ჩვენი დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია. უმეტესობისთვის ცნობილია, რომ არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა შევდივართ ინტერნეტბანკში და ანგარიშზე აღარ გვხვდება თანხა, შესაძლოა, გადარიცხული იყოს უცხო ანგარიშზე. როგორც წესი, მომხმარებელი მიმართავს ბანკს საჩივრით თუ სად გაქრა თანხა.
სინამდვილეში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ანაბარი. რაც შეეხება ანგარიშს, ანგარიში არის იგივე საფულე. მაღაზიიდან რომ ვიყიდოთ საფულე და შემდეგ ამ საფულიდან ფული ამოგვაცალონ, ჩვენ ხომ ვერ მოვთხოვთ მაღაზიას თანხის დაბრუნებას ჩვენივე დაუდევრობის გამო? თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ფინანსურმა ორგანიზაციებმა არ უნდა უზრუნველყონ მომხმარებლების უსაფრთხოება. დღესდღეობით, ბანკებმა ანგარიშების მართვისთვის შეიმუშავეს სხვადასხვა უსაფრთხოების წესი, თუმცა თაღლითობა მაინც ფიქსირდება. ქვემოთ განვიხილავ აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებს, თუ კი გვსურს ვიყოთ ფინანსურად უსაფრთხოდ.
პერსონალური მონაცემების დაცვა
მაშინ, როცა არ არსებობდა ინტერნეტბანკი და თანხას ადამიანი ინახავდა ნაღდი ფულის სახით, მისთვის ცნობილი იყო, რომ თანხა უნდა შეინახოს გულმოდგინედ და გარეშე პირს არ ანდოს მისი ადგილსამყოფელი. თუმცა ეს წესი გვავიწყდება ანგარიშების მართვის დროს. უნდა გავიაზროთ, რომ როგორც ზემოთ ვთქვი, ანგარიშიც ჩვენი საფულეა. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა უცხო საიტი გვთხოვს ბარათის და სხვა პირადი მონაცემების შეყვანას მათ ბაზაში, ჩვენ კი დაუყოვნებლივ ვასრულებთ დავალებას. ეს არის დაუშვებელი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ფინანსურ/პერსონალურ ინფორმაციას ვაწვდით სანდო და უსაფრთხო კომპანიას.
საჯარო WIFI
აუცილებლად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების წესი მაშინ, როცა ვსარგებლობთ საჯარო WIFI-ით. კიბერთაღლითებისთვის ძალიან მარტივია WIFI-ის გავლით სხვის ტელეფონში შეღწევა. ამიტომ საჯარო WIFI-ით სარგებლობის დროს არასდროს არ უნდა შევიდეთ ინტერნეტ/მობილბანკში. ეს იგივეა, რომ კიბერთაღლითს ჩვენ თვითონ გავუხსნათ გზა ანგარიშებამდე. ინტერნეტ/მობილბანკით უნდა ვისარგებლოთ მხოლოდ მობილური ინტერნეტით ან სახლის WIFI-ით (რომელსაც აქვს პაროლი).
ბარათის დაცვა
პანდემიიდან გამომდინარე, მაღაზიები მოგვიწოდებენ, რომ ვივაჭროთ უნაღდო ანგარიშსწორებით. პროდუქტის შერჩევის შემდეგ სალაროსთან ვატარებთ ბარათს, რომელსაც ხშირად მომხმარებლები აწვდიან მოლარეს. ბარათზე გამოსახულია ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და ყველა ის მონაცემი, რაც საჭიროა ბარათით სარგებლობისთვის, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბარათი ტერმინალზე უნდა გავატაროთ თავად და არავითარ შემთხვევაში გადავცეთ სხვას, რაც არ უნდა სანდო იყოს პიროვნება.
ინტერნეტ უსაფრთხოება
ყველაზე რთულად გასამკლავებელი პრობლემა არის ინტერნეტ უსაფრთხოება, თუმცა თუ კი გავიაზრებთ კიბერთაღლითების ხრიკებს და ნაბიჯებს, სავსებით შესაძლებელია თაღლითებისგან თავის დაცვა. როდესაც შევდივართ კონკრეტულ, ჩვენთვის საინტერესო საიტზე, მაგალითად ვეძებთ რაიმე წიგნის თარგმანს, ამავე ვებგვერდზე გამოჩნდება არაერთი რეკლამა, საინტერესო გამოსახულებით. ეს რეკლამები რეალურად არის ბმული, რომელზე გადასვლაც დაუშვებელია. აგრეთვე, ხშირად მოგვდის მეილზე შეტყობინებები სხვადასხვა სათაურით. უკვე ბანალური და ყველასთვის ცნობილი მეთოდია - ნათესავი საზღვარგარეთ, რომელიც გვიტოვებს ქონებას. ამ მეთოდმა თითქმის ყველა ადამიანის მეილზე მიაღწია, ამიტომ რეაგირება აღარ მოსდევს.
მაგრამ არსებობს ახალი ხერხები და შედარებით დამაჯერებელი, მაგ.: ამერიკის არჩევნები, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები. როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია რეალური რეკლამა და რომელი არა? პირველ რიგში, როგორც წესი, თაღლითის მეილი მოიცავს გრამატიკულ შეცდომებს, ისეთს, როგორსაც მაგ.: ამერიკის საელჩოს კონსულტანტი არ დაუშვებდა. აგრეთვე, ყოვეთვის ასეთი მეილები მიგვითითებენ კონკრეტულ ლინკზე/მისამართზე გადასვლას - მათი მიზანიც ხომ ესაა. მისამართს რომ შევხედოთ, შესაძლოა ეწეროს ამგვარად: gatsvlitiprogramebi.ge, ამ შემთხვევაში უნდა მივიტანოთ კურსორი ამ მისამართთან, მაგრამ არ დავაკლიკოთ! უბრალოდ მივიტანოთ და კურსორის თავზე უნდა გამოჩნდეს ზუსტად ის მისამართი, რასაც ვხედავთ. თუ კი არ ემთხვევა და კურსორის თავზე გაჩნდა სულ სხვა მისამართი, ეს ნიშნავს, რომ რეალური მისამართია ის, რაც კურსორის თავზე ჩანს და ეს არის თაღლითის მეილი.
ანგარიშების დაბლოკვა
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ მობილბანკით დავბლოკოთ ბარათები და განვბლოკოთ მაშინ, როცა დაგვჭირდება. როგორც წესი, დაბლოკვას და განბლოკვას არ ჭირდება ბანკში მისვლა, ეს ხდება მობილბანკით. თუმცა თუ რომელიმე ბანკს არ აქვს აღნიშნული მომსახურება (ბანკში მიუსვლელად დაბლოკვა/განბლოკვა), სასურველია თანხის დიდი ნაწილი გადავიტანოთ სხვა ბარათზე და ის დავბლოკოთ, ყოველდღიური სახარჯო ბარათი შედარებით მცირე თანხით კი გვქონდეს ცალკე.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ ერთობლივად და არა ცალ-ცალკე. ჯობია დავუთმოთ გარკვეული დრო უსაფრთხოების წესების შესწავლას/გააზრებას, ვიდრე ინტერნეტსივრცეში დაუფიქრებელი ნაბიჯით დავიზარალოთ თავი. ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ როგორც ფინანსურ ზარალს, ასევე სტრესს და გავუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის ფინანსებს.