ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" 2026 წელი ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა.
სწორედ ზემოაღნიშნული თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, "ფინედუ" მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს "საქართველოს ბანკთან" და სს "ბაზისბანკთან" ერთად, აცხადებს კიბერუსაფრთხოების თემაზე კომიქსების ღია კონკურსს სახელწოდებით "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე".
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად შექმნიან კომიქსებს, რომლებიც შემოქმედებითად და ინფორმაციულად წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს.
კონკურსში ნამუშევრების მიღება 31 მარტს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. გამარჯვებული გუნდები 15 მაისს გახდება ცნობილი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
კონკურსის შესახებ ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ.