ფულის გლობალური კვირეული (შემდგომში - "კვირეული") ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2026 წლის კვირეული 16-22 მარტს აღინიშნება, დევიზით: "ისაუბრე ფულზე" ("Smart Money Talks").
ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ-მ" - www.finedu.gov.ge (შემდგომში - "ფინედუ") 2026 წელი ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა.
სწორედ ზემოაღნიშნული თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, "ფინედუ" მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს "საქართველოს ბანკთან" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869) და სს "ბაზისბანკთან" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) ერთად, აცხადებს კიბერუსაფრთხოების თემაზე კომიქსების ღია კონკურსს სახელწოდებით "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე" (შემდგომში - "კონკურსი").
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად შექმნიან კომიქსებს, რომლებიც შემოქმედებითად და ინფორმაციულად წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდებაა: "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე";
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 31 მარტი;
2.3 ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 აპრილი;
2.4 ფინალისტების გამოვლენის თარიღი: 2026 წლის 08 მაისი;
2.5 გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი: 2026 წლის 15 მაისი;
2.6 კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ფინედუს". მიღებული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და/ან "ფინედუს" ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამის სოციალურ არხებში სათანადო ავტორის მითითებით. კონკურსის ფარგლებში მიღებული ნაშრომები შესაძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "ფინედუმ" გაუზიაროს "ფულის გლობალური კვირეულის" ინიციატორებს ("GMW Secretariat"). ნაშრომის შესაბამისი ვებ-გვერდებიდან წაშლა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და "ფინედუს" გადაწყვეტილებით. ნაშრომები ისევე, როგორც ხსენებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 2-4 მოსწავლის გუნდს (შემდგომში - "კონკურსანტი გუნდი") რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ საქართველოს მოქალაქე VII-XII კლასის მოსწავლეები. კონკურსანტ გუნდს კონკურსში წარადგენს ერთი მაწავლებელი ან მენტორი.
3.2 კონკურსანტს გუნდს ევალება, სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში, შექმნას 4-12 კადრიანი კომიქსი (შემდგომში - "ნაშრომი"), ქვემოთ მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით:
• ნაშრომის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის იდეას და უნდა ატარებდეს საგანმანათლებლო შინაარსს;
წარმოაჩენდეს კიბერუსაფრთხოებისა და/ან ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელობას და/ან;
ყურადღებას ამახვილებდეს რეალურ საფრთხეებსა და მათგან თავის არიდებაზე და/ან;
ამსხვრევდეს გავრცელებულ მითებს და არასწორ წარმოდგენებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ და/ან კიბერუსაფრთხოებას.
• ნაშრომი უნდა უკავშირდებოდეს კიბერუსაფრთხოებისა ან/და ფინანსური უსაფრთხოების ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ თემას:
სოციალური ინჟინერია, ე.წ. "ფიშინგი" და თაღლითური შეტყობინებები - ამოცნობა და თავიდან არიდება;
პაროლები და ანგარიშების დაცვა - ძლიერი პაროლების შექმნა, ორდონიანი აუთენტიფიკაცია;
პირადი მონაცემების დაცვა - ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება, პირადი მოწყობილობების დაცვა;
ფინანსური თაღლითობები - ფინანსური პირამიდები, ყალბი ინვესტიციები, თაღლითური ონლაინ სესხები ან სარისკო შეთავაზებები;
ე.წ. "ონლაინ" ვაჭრობის (ე.წ. "ონლაინ" შოპინგის) უსაფრთხოება - საიტების სანდოობის შემოწმება, უსაფრთხო გადახდები;
საჯარო Wi-Fi და მასთან დაკავშირებული კიბერრისკები;
საგადახდო ბარათებისა და ანგარიშების დაცვა.
• ნაშრომი უნდა შეიცავდეს პერსონაჟ(ებ)ს, დიალოგებს, პრობლემას და სწორ გადაწყვეტილებას ან რჩევას;
• ნაშრომში გამოყენებული ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
• ნაშრომის ვიზუალი შესაძლოა შესრულებული იყოს როგორც მანუალურად (შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მასალა - აკვარელი, ზეთის საღებავი, ფანქარი, ფლომასტერი, და ა.შ. ) ასევე, ნებისმიერ პროგრამაში (მაგ.: "Ai", "Ae", "Id", „Ps“, "Blender", "Ms PowerPoint" და სხვა);
• ნაშრომი უნდა იყოს მაღალი გარჩევადობის ("HD") და მოწოდებული უნდა იყოს "PDF" ფორმატით. სასურველია, "PDF" ფაილის თითოეული გვერდი იყოს ვერტიკალური ფორმატის და სრულად შევსებული ვიზუალური მასალით - ერთ გვერდზე შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე კადრი;
• ნაშრომი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან გარკვეულ პროფესიულ სეგმენტზე;
• ნაშრომი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3.3 ჟიური თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან მხოლოდ ერთს გამოავლენს გამარჯვებულად. ამასთანავე, იგივე გუნდი უფლებამოსილია დამატებით მოიპოვოს მომხმარებლის რჩეულის სტატუსიც.
4. საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 კონკურსანტი გუნდის მენტორმა ან მასწავლებელმა არაუგვიანეს 2026 წლის 27 აპრილისა საკონკურსო ნაშრომი უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგი პირობების დაცვით:
ნაშრომი უნდა გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge;
ელექტრონული წერილის სათაურად (ე.წ. "Subject") უნდა მიუთითოს „კონკურსი - ისაუბრე ფულზე, ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე“. ელექტრონული წერილის სათაურის მიუთითებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წერილის მიღება შეუძლებელი იქნება;
ელექტრონული წერილის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტი გუნდის სახელი, მის შემადგენლობაში არსებული წევრების ჩამონათვალი - თითოეულის სახელი და კლასი, მენტორის ან მასწავლებლის სახელი და გვარი, კონკურსანტი გუნდის სკოლა (სკოლები);
4.2 სასურველია მოსაწოდებელი ნაშრომი არ აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს (MB). იმ შემთხვევაში, თუ მოსაწოდებელი ნაშრომი შეიცავს დიდი ზომის ფაილებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: "Wetransfer.com" ან "Google Drive" ან სხვა;
4.3 საკონკურსო ნაშრომის გამოგზავნა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება "დომეინით" – "ru";
4.4 კონკურსანტი გუნდი ნაშრომის მიღების შესახებ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა მიიღებს დასტურს, სხვა შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ საკონკურსო ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.
5. ნაშრომების განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები
5.1 ჟიურის მიერ ნაშრომების შეფასების საფუძველზე 2026 წლის 08 მაისს გამოცხადდება კონკურსის არაუმეტეს 10 (ათი) ფინალისტი;
5.2 კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2026 წლის 15 მაისს.
5.2.1 კონკურსის ფარგლებში 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი და მათი მენტორი ან მასწავლებელი გამოვლინდება კატეგორიაში "ჟიურის რჩეული";
5.2.1 1 (ერთი) გამარჯვებული გუნდი და მისი მისი მენტორი ან მასწავლებელი გამოვლინდება კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული";
5.2.3. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება გამარჯვებული მენტორი ან მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებმაც ყველაზე მეტი ნაშრომი გამოგზავნეს (ჩაითვლება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ). თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, ასევე გაითვალისწინება შემოსული ნაშრომების ხარისხი.
5.3 ნაშრომებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ჟიური;
5.4 ნაშრომებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
კონკურსის მთავარ თემასთან და იდეასთან შესაბამისობა - ნაშრომი ეხება კიბერუსაფრთხოებისა და/ან ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, ნათლად გამოხატულია და ადვილადაა გასაგები აუდიტორიისათვის მთავარი სათქმელი და საგანმანათლებლო შინაარსი;
შემოქმედებითობა და ორიგინალურობა - იდეა ახალია, არ არის უკვე ხშირად გავრცელებული სოციალური ქსელების პლატფორმებზე, გამოყენებულია ორიგინალური მიდგომა;
ვიზუალური შესრულება - ნაშრომი ვიზუალურად მკაფიო, გასაგები და მარტივად აღსაქმელია. გამოყენებულია შესაბამისი ფერები, კომპოზიცია და წარწერები.
5.5 კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებული გამოვლინდება "ფინედუ-ს" "Facebook-ის" ოფიციალური გვერდზე ფინალისტების პოსტის შესაბამის ნაშრომზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით. რეაქციები დაითვლება 2026 წლის 14 მაისის 17:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია "Facebook-ის" პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ. მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული ასევე უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ კონკურსში მონაწილეობის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის ნამუშევარი, რომელსაც მიენიჭა ყველაზე მეტი რეაქცია და რომელიც სრულად შეესაბამება კონკურსის წესებს;
5.6 არასაკმარისი რაოდენობით ან ხარისხით შემოსული ნაშრომების შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, განსხვავებული წესით გამოავლინონ ფინალისტები და გამარჯვებულები.
6. კონკურსის პრიზები
6.1 კონკურსის ფარგლებში წინამდებარე განაცხადის 5.2 პუნქტის მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:
ჟიურის რჩეული 3 (სამი) გუნდი მიიღებს ფულად პრიზს თითოეული 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ჟიურის რჩეული გუნდების მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მომხმარებლის რჩეული 1 (ერთი) გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. გუნდის მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
გამარჯვებული მენტორი ან მასწავლებელი მიიღებს ფულად პრიზს 400 (ორასი) ლარის ოდენობით.
გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემს სს "საქართველოს ბანკი" და სს "ბაზისბანკი".
6.2 კონკურსანტი გუნდის წევრებისთვის და მენტორი ან მასწავლებლებისთვის ფულადი პრიზის გადაცემის წესი - გამარჯვებული გუნდის თანხა ჩაერიცხება მთლიანად მასწავლებელს ან მენტორს. გამარჯვებულ მენტორებს ან მასწავლებლებს თანხა ჩაერიცხებათ პირადად.
6.3 ფულად პრიზებს სს "საქართველოს ბანკი" და სს "ბაზისბანკი" ბანკში მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად გასცემენ საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, რისთვისაც ისინი შესაბამის პირებს მოსთხოვენ იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების დამადასტურებელ და თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას;
7. პერსონალური მონაცემების დამუშავება
7.1 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი, ასევე, არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში - "დაინტერესებული პირი") ინფორმირებულია, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია დაინტერესებული პირის მომართვის განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას.
7.2 დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გარეშე, დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ მითითებული, დამატებითი ინფორმაციის (გამარჯვებული მენტორის ან მასწავლებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში - 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია) წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი საჩუქრის მიღებას.
7.3 აღსანიშნავია, რომ "Facebook-ის" გვერდზე გასაჯაროვდება მხოლოდ 10 საუკეთესო გუნდის შესახებ ინფორმაცია (გუნდის სახელი, მენტორის ან მასწავლებლის სახელი და გვარი, სკოლის დასახელება, კონკურსანტების სახელები).გამარჯვებული კანდიდატების "Facebook" გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Facebook" გვერდის არსებობის ვადით, ხოლო, გამარჯვებული მენტორი კანდიდატების საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე, ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია - წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება.
7.4 გამარჯვებული მენტორი კანდიდატების ზემოაღნიშნული პერსონალური მონაცემები, საჩუქრების გადაცემის მიზნით გაეგზავნება სს "ბაზისბანკს" და სს "საქართველოს ბანკს", რომლებიც ეროვნული ბანკისა და გამარჯვებული მენტორი კონკურსანტებისგან მიღებულ მონაცემებს დაამუშავებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
7.5 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება. დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ უფლებებით ისარგებლოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით.
7.6 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
7.7 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - "სახელმწიფო აუდიტის სამსახურს" ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
7.8 მენტორს ან მასწავლებელს ევალება, კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, აღნიშნული ინფორმაცია გააცნოს დაინტერესებულ პირებს (კონკურსანტ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს).