ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში განხორციელებული პროექტების, "მოიწვიე ფინედუ კლასში" და "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი" შედეგების შეჯამება დასრულდა.
პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში", ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ორგანიზებითა და პარტნიორი კომერციული ბანკების მხარდაჭერით წარიმართა.
ერთობლივი ძალისხმევით საიუბილეო მეათე კამპანიის ფარგლებში პროექტმა "მოიწვიე ფინედუ კლასში" თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შედეგებს მიაღწია - საბოლოოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით გაკვეთილები 241 სკოლის 334 კლასის 7,900 მოსწავლეს ჩაუტარდა, მათგან 75% - რეგიონებში.
გარდა ამისა, სკოლებში ფინანსური განათლების წახალისების მიზნით, უკვე მეორედ, ჩატარდა პროექტი "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი". პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინედუს მასალებისა და ტრენინგით მიღებული ცოდნის გამოყენებით თავად ჩაეტარებინათ ინტერაქტიული გაკვეთილ(ებ)ი.
პროექტს "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი" საქართველოს მასშტაბით, 45 სკოლის 54 მასწავლებელი შეუერთდა, რომლებმაც 1,323 მოსწავლეს ჩაუტარეს გაკვეთილები, მათგან 50%-მდე - რეგიონებში.
კამპანიის დასასრულს როგორც დესპანებმა, ისე მასპინძელმა მასწავლებლებმა გააზიარეს უკუკავშირიც, რომლის შედეგების გათვალისწინებაც სამომავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში იქნება გათვალისწინებული.
ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სკოლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერას, რათა ფინანსური განათლება უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიდეს.