წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებით გაკვეთილებს ჩაატარებენ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.
რა დანიშნულება და ისტორია აქვს ფულის გლობალურ კვირეულს?
ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.
2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა ფორმატით ჩატარდება მოსწავლეებთან შეხვედრა?
გაკვეთილები ჩაუტარდებათ V-XII კლასის მოსწავლეებს. გაკვეთილების შინაარსი და სასაუბრო თემები, ასევე, შეხვედრების ხანგრძლივობა დაყოფილი იქნება, ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად. ამასთან, მიუხედავად კლასებისა, გაკვეთილებში გათვალისწინებული იქნება თამაშის ელემენტები.
რა ხანგრძლივობის იქნება ფინედუს დესპანების სტუმრობა?
V-VI კლასებისთვის გათვალისწინებულია 1 საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობის შეხვედრები, ხოლო VII-XII კლასებისთვის გათვალისწინებულია 2 საგაკვეთილო საათის ხანგრძლივობის შეხვედრები.
შესაძლებელია თუ არა კლასების გაერთიანება?
შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კლასების გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსწავლეების რაოდენობა არ იქნება 29 მოსწავლეზე მეტი.
როდის განხორციელდება სკოლებში ვიზიტები?
ფინედუს დესპანების ვიზიტები განხორციელდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 1 აპრილი - 15 მაისის შუალედში.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ესტუმრებიან სკოლებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, ტერაბანკისა და მიკრობანკ ემბისის თანამშრომლები. თითოეულ მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ ეცნობება, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესტუმრება მის კლასს.
რა არის საჭირო ღონისძიებაში ჩასართავად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებული სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენელმა ან ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადს ავსებს მასწავლებელი, მან სკოლაში ვიზიტის საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეათანხმოს სკოლის დირექციასთან.
არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია. სკოლების/კლასების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სკოლებს, რომლებიც პირველად იწვევენ ფინედუს კლასში. გარდა ამისა, სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის და საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილმდებარეობაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან ფინედუს დესპანის დასახვედრად?
საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას ელექტრონულ ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა.
საკლასო ოთახში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გადალაგება ისე, რომ რამდენიმე მოსწავლემ შეძლოს მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.
გაკვეთილის მსვლელობისას საჭირო იქნება ფურცლები და კალმები/ფანქრები.
როდის დაიწყება და დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია დაიწყება 17 მარტს, 16:00-ზე, ხოლო დასრულდება 19 მარტს, 16:00-ზე.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?
ფინედუს წარმომადგენელი დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 31 მარტისა.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი