კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი - ფულის გლობალური კვირეული 2026

ფულის გლობალური კვირეული 2026 - დევიზით "ისაუბრე ფულზე" (ENG: Smart Money Talks) მსოფლიოს მასშტაბით 16-22 მარტს აღინიშნება.

წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) მიერ იგეგმება პროექტი სახელწოდებით: "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი". პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, ფინედუს მიერ მოწოდებული მასალებისა და ტრენინგის საფუძველზე, ჩაატაროს სკოლაში ფინანსური წიგნიერების თემაზე ინტერაქტიული გაკვეთილ(ებ)ი. 

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები პროექტში ჩართვით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.

რა მისია და ისტორია აქვს ფულის გლობალურ კვირეულს?

ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - "ფინედუ" (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.  

2026 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბარსა და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მიზანია, ახალგაზრდებს გაუძლიეროს თავდაჯერება ფინანსურ გადაწყვეტილებებში, წაახალისოს სწორი კითხვების დასმა და ფინანსური განათლების საშუალებით დაეხმაროს უფრო გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში.

ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში "გახდი ფინედუს მასწავლებელი"?

პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს.

რა ევალება პროექტში ჩართულ დესპან მასწავლებელს?

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მასწავლებელს მოეთხოვება 2026 წლის 16 აპრილი - 15 მაისის პერიოდში:

1. ჩაატაროს ფინანსური განათლების თემაზე მინიმუმ 1 შეხვედრა V-VI ან VII-XII კლასის მოსწავლეებთან, ფინედუს მიერ შექმნილი საგაკვეთილო მასალითა და ინსტრუქციით;

2. ინფორმაცია ჩატარებული შეხვედრის შესახებ გამოაქვეყნოს საჯარო (Public) პოსტის სახით პირად ფეისბუქგვერდზე, (მოსწავლეების პერსონალური მონაცემების გარეშე), ქვემოთ მოცემული ნიმუშის შესაბამისად (ძირითადი ტექსტი, ე.წ. „ჰეშთეგები“, ბანერი) და მონიშნოს ფინედუს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი (www.facebook.com/finedu.gov.ge);

საგაკვეთილო მასალები და პოსტის ნიმუში ნახვა

3. შეავსოს სპეციალური ანგარიშგების ფორმა და იქვე მიუთითოს თავისი ფეისბუქპოსტის ბმულიც.

ანგარიშგების ფორმა ნახვა

როგორ შეიძლება დაინტერესებულმა მასწავლებელმა მიიღოს მეტი ინფორმაცია გაკვეთილის ჩასატარებლად?

გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო ინსტრუქციის მისაღებად, დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია დამატებით დაესწროს (თუმცა არ არის სავალდებულო) ფინედუს საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც გაიმართება 2026 წლის 16 აპრილს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

ონლაინ შეხვედრის ბმული:

https://us06web.zoom.us/j/89124821117?pwd=G28byxvcqUGfB1z8N1BxMuokGkjbzu.1 

Meeting ID: 891 2482 1117

Passcode: 286667

სად და როგორ შეუძლია დესპან მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება?

ფინანსური განათლების თემაზე გაკვეთილის ჩატარება მასწავლებელს შეუძლია როგორც თავის სკოლაში, ასევე სურვილისამებრ, სხვა სკოლაშიც, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

როგორია ფინანსური განათლების გაკვეთილის ფორმატი?

ფინანსური განათლების გაკვეთილები დაყოფილია 2 ასაკობრივი კატეგორიისთვის: V-VI და VII-XII კლასები.

  • V-VI კლასისთვის განკუთვნილი შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 გაკვეთილი და მოიცავს მცირე ინტერაქტიულ პრეზენტაციასა და თამაშს "ფინანსური ტერმინების ბინგო". 
  • VII-XII კლასისთვის განკუთვნილი შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 გაკვეთილი და მოიცავს ინტერაქტიულ პრეზენტაციას, თამაშებს: "ლარის ისტორია" და "გამოიცანი სიტყვა".

მასწავლებელს შეუძლია ერთი ასაკობრივი კატეგორიის ქვეშ გააერთიანოს რამდენიმე სხვადასხვა კლასი (თუმცა, რეკომენდებულია, გაერთიანების შემთხვევაში, მოსწავლეებს შორის არ იყოს დიდი ასაკობრივი სხვაობა და მათი რაოდენობა არ აღემატებოდეს 30-ს). 

რა გადაეცემა ფინედუს დესპან მასწავლებელს?

ყველა მონაწილე მასწავლებელს, რომელიც ჩაატარებს გაკვეთილს, გამოაქვეყნებს ინფორმაციას თავის ფეისბუქგვერდზე და შეავსებს ანგარიშგების ფორმას, გაეგზავნება ფინედუს დესპანი მასწავლებლის სერტიფიკატი, ანგარიშგების ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ვის შეიძლება მიმართოთ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით: