ფინედუს ვებგვერდი - www.finedu.gov.ge, რომელიც ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში მისი პარტნიორი ორგანიზაციების მთავარ საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს, 2023 წლის განმავლობაში 267,876-მა ადამიანმა ნახა, ის აქტიურად იყო წარმოდგენილი სოციალურ ქსელებშიც, აქედან ყველაზე აქტიურად - ფეისბუქში, სადაც 1,028,728 მომხმარებელს მისწვდა. წელს ფინედუმ ტიკტოკ არხზეც დაიწყო საგანმანათლებლო ვიდეოების განთავსება.
მიმდინარე წელი ფინედუზე აქტივობებისა და ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აი, მათი მოკლე შეჯამებაც.
2023 წლის განმავლობაში ფინედუს პლატფორმაზე დაინიცირდა 5 კონკურსი, რომელშიც პირდაპირი მონაწილეობა 532-მა მონაწილემ მიიღო. კონკურსებს შორის, სიახლე იყო ლიტერატურული კონკურსი "ფინანასური განათლება მხატვრულად", რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შექმნეს საინტერესო მოთხრობები ფინანსური განათლების თემაზე, მათგან 14 საუკეთესო გამოქვეყნდა კიდეც ფინედუზე. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსი „ფინანსური განათლება სკოლაში", რომლის ფინალური დაჯილდოების ღონისძიებაც 2024 წლის 24 იანვარს გაიმართება.
2023 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სკოლის მოსწავლეებზე წვდომის მიმართულებით. ღია გაკვეთილები ფინანსური განათლების სხვადასხვა თემაზე ტარდებოდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო კამპანიების - გლბალური ფულის კვირეულისა და მსოფლიო დაზოგვის დღის - ფარგლებში, უკვე კარგად ცნობილი პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ სახით.
მთელი წლის მანძილზე ფინედუზე ყოველთვიურად მიმდინარეობდა ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია. მათი ნაწილი ეძღვნებოდა სხვადასხვა თარიღს, მაგალითად, მარტში მომხმარებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია „იცოდე შენი უფლებები", მაისში დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანია „მეტი დაცვა, ნაკლები რისკი", ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია „იყავი ჰაკერზე ჭკვიანი", ნაწილი კი აინიცირებდა საკითხის მნიშვნელობას, მაგალითად, მიზნების დასახვის მნიშვნელობას ეხებოდა კამპანია „დაისახე მიზნები", გონივრული სესხების, გონივრული ხარჯვის, ბავშვების ფინანსური განათლების თემაზე ინიცირებული კამპანიები. სულ წლის განმავლობაში 20-მდე საინფორმაციო კამპანია დაინიცირდა და განხორციელდა.
შეიქმნა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის, ვებზე განსათავსებელი 20-მდე ახალი ტექსტური მასალა, 52 ვიდეო მასალა, 1 სახელმძღვანელო, მათ შორის, ბეჭდური სახით.
ფინედუს გუნდი აქტიურად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ღონისძიებებშიც. წელს განახლდა საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-სა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ტექინკური დახმარების 5-წლიანი პროექტი, სადაც საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრობის 10 ქვეყანას შორისაა წარმოდგენილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს საერთაშიროსო კონფერენცია და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ზემოაღნიშნულ აქტივობებს მიღმა არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციის ძალისხმევის, ასევე, ფინედუს მომხმარებლების მხარდაჭერის შედეგია. ამიტომ 2023 წელს ფინედუს გუნდი ყველა მათგანისადმი მადლიერების განცდით ემშვიდობება და ახალ, 2024 წელს მეტი შემართებითა და უკეთესი შედეგების მოლოდინით ხვდება.