კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებლების კონკურსი "ფინანსური განათლება სკოლაში"

1. კონკურსის იდეა და მიზანი

ფინანსური განათლება თანამედროვე სამყაროში საბაზისო ცხოვრებისეულ კომპეტენციად მიიჩნევა. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი, აქვთ ცოდნა, უნარი და რწმენა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, იღებენ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, იციან ვის მიმართონ რჩევისათვის და მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. 

საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ასეთ შემთხვევებში სწავლება უფრო ეფექტურია და  მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge-ს (შემდგომში - "ფინედუ"), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის"  ჩართულობითა და მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სკოლის მასწავლებელთათვის.

 კონკურსის  მიზნები და ზოგადი ამოცანებია:

  1. მასწავლებელთა მოტივირება ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესებისა და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებისათვის;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების მიზნით მასწავლებელთათვის დამხმარე მასალების შეკრება;
  3. მოსწავლე ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდა.

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდება: "ფინანსური განათლება სკოლაში";

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 12 ივნისი, 2023 წელი; 

2.3 კონკურსი დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს;

2.4 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო ან საჯარო სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც:

  • წარმოადგენს კონკურსით გათვალისწინებულ ნამუშევარს დადგენილ ვადებში;
  • აკმაყოფილებს წინამდებარე საკონკურსო განაცხადში მითითებულ სხვა პირობებს.

2.5 კონკურსში მონაწილეობით, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მასწავლებელი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს "ფინედუს" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის "Facebook-ის", "Instagram-ის", "Linkedin-ის" გვერდებსა და "Youtube-ის" არხზე ავტორის შესაბამისი მითითებით და რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

3. მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევართან დაკავშირებით

3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებელს (შემდგომში - "კონკურსანტი") ევალება, შექმნას საინტერესო სასწავლო აქტივობები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად, რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ, სიღრმისეულად გაიაზრონ კონკრეტული საკითხ(ებ)ი.

3.2 კონკურსანტმა მის მიერ დაგეგმილი სწავლა-სწავლების პროცესი უნდა აღწეროს "MS Word-ის" ფაილში: მიუთითოს სწავლებისას გამოყენებული მაგალითი (ე.წ. "ქეისი"), რომელიც ეხება შესასწავლ საკითხს/საკითხებს და რომელიც დამუშავებული იქნება რამდენიმე გაკვეთილზე გათვლილი კომპლექსური დავალებით/დავალებებით. თავის მხრივ, კომპლექსური დავალება ითვალისწინებს შესაბამის აქტივობებს. ამასთან ერთად, მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ყველა საჭირო და თანმხლები რესურსი (ნარატიული ტექსტი, ვიდეო-რესურსი, ილუსტრაცია და სხვა) და მოსწავლის შეფასების რუბრიკა. აღნიშნული ყველა მასალა შემდგომ პუნქტებში ერთად მოხსენიებული იქნება, როგორც "ნაშრომი". ასევე, ნაშრომში გარე რესურსების მითითების შემთხვევაში, აღნიშნული რესურსები უნდა იყოს ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომი.

3.3 კონკურსანტის მიერ ნაშრომში შემოთავაზებული სწავლების მეთოდოლოგია უნდა ეფუძნებოდეს კონსტრუქცივიზმის პრინციპებს:

  • სწავლა-სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას (აქტიური სწავლა); 
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით; 
  • სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას; 
  • სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
  • სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

3.4 კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი უნდა პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გრძელვადიან მიზნებს, კერძოდ:

  • დაწყებითი საფეხურების მოსწავლემ უნდა შეძლოს: საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა, მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება, რესურსების რაციონალურად დაგეგმვა და დაზოგვა ასაკის შესატყვისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სხვადასხვა პროფესიის საჭიროებისა და მნიშვნელობის გასაცნობიერებლად;
  • საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლემ უნდა შეძლოს: მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა; მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება; ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების გამოვლენა.

3.5 კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი უნდა ეხებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საკითხებს, კერძოდ:

  • დაწყებითი საფეხურებისათვის ნაშრომი უნდა ეხებოდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ერთ ან რამდენიმე საკითხს:
    • ფული;
    • დაზოგვა;
    • დაზღვევა;
    • პირადი ბიუჯეტი;
    • ფინანსური ინსტიტუციები. 
  • საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის ნაშრომი უნდა ეხებოდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ერთ ან რამდენიმე საკითხს:
    • ფული;
    • დაზოგვა;
    • დაზღვევა;
    • პირადი ფინანსების მართვა (საჭიროება და სურვილი, პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით);
    • კერძო და საჯარო საკუთრება;
    • ქველმოქმედება;
    • ადგილობრივი ბიუჯეტი;
    • სახელმწიფო ბიუჯეტი;
    • ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები;
    • გააზრებული სესხი;
    • ბაზარი;
    • მომხმარებლის უფლებები;
    • ფინანსური თაღლითობა და უსაფრთხოება;
    • ინვესტიცია;
    • კონკურენცია;
    • ვალუტა და გაცვლითი კურსი.

3.6 კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნაშრომში უნდა გამოჩნდეს, რომ მოცემული აქტივობებით საკითხის შესწავლის შედეგად ხელი შეეწყობა მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და თვითრეგულირება-თვითაქტუალიზაციის უნარების განვითარებას;

3.7 ნამუშევარი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს და  ზნეობის ნორმებს. 

3.8 იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი შეიცავს კლასში გადაღებულ ფოტო/ვიდეომასალას, კონკურსანტი ვალდებულია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სათანადო პერსონალურ მონაცემთა სუბიექტისგან ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მოიპოვოს შესაბამისი თანხმობა. 

4. საკონკურსო ნამუშევრების მოწოდება

4.1 კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. იმ შემთხვევაში, თუ მოსაწოდებელი ნამუშევარი შეიცავს დიდი ზომის ფაილებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: "Wetransfer.com" ან "Google Drive" ან სხვა რელევანტური არხი/საშუალება. ნამუშევების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლებიც არ ბოლოვდება დომეინით „.ru“. სხვა შემთხვევაში, კონკურსანტის ნამუშევრის მიღება შეუძლებელი იქნება;

4.2 კონკურსანტი ნამუშევრის მიღების შესახებ ღებულობს დასტურს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული დასტური მიუთითებს მხოლოდ ნამუშევრის მიღების ფაქტს და არა მის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან;

4.3 გზავნილის/წერილის სათაურად უნდა მიუთითოს კონკურსი "ფინანსური განათლება სკოლაში", ხოლო წერილის შინაარსში შემდეგი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის სრული სახელი და გვარი;
  • სკოლა, რომელშიც ასწავლის ან ასწავლიდა უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში;
  • საგანი, რომელსაც ასწავლის ან ასწავლიდა უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში;
  • საფეხური და/ან კლასი, რომლისთვისაც განკუთვნილია ნამუშევარი;
  • ნამუშევარში კლასის ფოტო/ვიდეომასალის გამოყენების შემთხვევაში დასტური, რომ შესაბამისი ნებართვა აღებული აქვს.

4.4 ნამუშევარი და მასში გამოყენებული მასალები მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე;

4.5 ნამუშევრის მიწოდების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.

5. კონკურსის ჩატარების ეტაპები

5.1 საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 2023 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით

5.2 2024 წლის 15 იანვარს ჟიურის მიერ ნამუშევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება კონკურსის არაუმეტეს 20 (ოცი) ფინალისტი;

5.3 2024 წლის 24 იანვარს გაიმართება კონკურსის ფინალი. ფინალურ ღონისძიებაზე ფინალისტები მოწვეულნი იქნებიან მათ მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის წარდგენაზე. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის/პრეზენტაციის ფორმატი კონკურსანტს არ ეზღუდება. იმ შემთხვევაში, თუ ის აპირებს ნამუშევრის წარდგენას "Power Point/PDF-სგან" განსხვავებული ფორმატით, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მას დაევალოს წარმოადგინოს პრეზენტაციისთვის  საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა (მაგ.: ლეპტოპი). სხვა შემთხვევაში, საპრეზენტაციო ფაილს მიაწვდის კონკურსის ზემოაღნიშნულ ორგანიზატორებს. ფინალურ ღონისძიებაზე შესაძლოა, არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნას ვიზუალური თვალსაჩინოების მასალებიც;

5.4 კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 24 იანვარს ფინალურ ღონისძიებაზე;

5.5 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა  ან/და ფინალისთვის შეირჩა ოცზე ნაკლები კონკურსანტი, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოვების განსხვავებული წესი.

6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

6.1 საკონკურსო ნამუშევარს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • ნამუშევრის აკადემიური ხარისხი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
    • წარმოდგენილი მაგალითი (ე.წ. "ქეისი") არის ცხოვრებისეული, შეესაბამება შერჩეულ საკითხს და იძლევა მისი სრულყოფილად აღქმისა და დამუშავების შესაძლებლობას; 
    • წარმოდგენილი მაგალითი (ე.წ. "ქეისი") და მასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალება/დავალებები თავისი აქტივობებით უკავშირდება გრძელვადიან მიზანს/მიზნებს;
    • დაგეგმილი ეტაპები თანმიმდევრულია: სწავლების შემოთავაზებული მეთოდოლოგია ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას კეთებით სწავლებაში, მაგალითად, თამაშის, დებატების, დისკუსიების, როლური თამაშების, ჯგუფური ან ინდვიდუალური მუშაობის გზით; 
    • გათვალისწინებულია მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, მასალა მიწოდებულია ეტაპობრივად და ურთიერთდაკავშირებულად;
    • შემოთავაზებული აქტივობები მოსწავლეს სტრუქტურირებულ და გამთლიანებულ ხედვას უყალიბებს შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებით. ნათლად წარმოაჩენს საკითხთან დაკავშირებულ დეკლარატიულ ცოდნას და სთავაზობს  ფუნქციურ კონტექსტებს პირობისეული ცოდნის გასააქტიურებლად;
    • წარმოდგენილი სავარჯიშოები/მაგალითები/ კომპლექსური დავალებები მოსწავლეს ეხმარება სწავლის სწავლაში, მასწავლებელს კი განმავითარებელი შეფასების წარმოებაში;
    • წარმოდგენილი აქტივობები შეესაბამება მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს;
    • მოცემული ფაქტები სანდო და ზუსტია;
    • წარმოდგენილი მასალა ზოგადი ეთიკის ნორმების შესაბამისია.
  • ნამუშევრის ორიგინალურობა და ინოვაციურობა შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
    • წარმოდგენილი მასალა/აქტივობები იძლევა თემის სახალისოდ გაცნობისა და სწავლების საშუალებას, რისთვისაც გამოყენებულია ორიგინალური მიდგომები;
    • გამოყენებულია ინოვაციური მიდგომები; 
    • ნამუშევარში წარმოდგენილი იდეების ადვილად გამოყენების შესაძლებლობა სხვა სკოლების/მასწავლებლების მხრიდან.

6.2 ფინალისტებს კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე ჟიური დამატებით შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

  • პრეზენტაციის ვიზუალური მხარე;
  • კონკურსანტის საპრეზენტაციო უნარები. 

7. კონკურსის ჟიური

7.1 კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური;
  • სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.

7.2 ფინალურ ღონისძიებაზე 20 (ოცი) ფინალისტიდან გამარჯვებულების გამოსავლენად დამატებით შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და/ან  საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა პირები.

8. კონკურსის პრიზები

8.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 5 (ხუთი) გამარჯვებული და 6 (ექვსი) დამატებითი, სპეციალური პრიზის მფლობელი კონკურსანტი;

8.2 გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

  • I ადგილის მფლობელი დაწყებითი საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - მიიღებს ფულად პრიზს 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. გამარჯვებულს დააჯილდოებს სს "საქართველოს ბანკი";
  • I ადგილის მფლობელი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - მიიღებს ფულად პრიზს 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. გამარჯვებულს დააჯილდოებს სს "თიბისი ბანკი";
  • I ადგილის მფლობელი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის მიიღებს ფულად პრიზს 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. გამარჯვებულს დააჯილდოებს სს "ბაზისბანკი";
  • II ადგილის მფლობელები, სულ 2 გამარჯვებული - თითოეული მიიღებს ფულად პრიზს 1,000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. მეორე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ: სს "ლიბერთი ბანკი" და სს "კრედო ბანკი".
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის არ იყო რომელიმე ზემოაღნიშნული საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევარი ან იყო წარმოდგენილი, თუმცა არ აკმაყოფილებდა ამ კონკურსის პირობებით დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ დაწესებული საპრიზო ფონდის განსხვავებული წესით გადანაწილების უფლებას.  

8.3 სპეციალურ პრიზები გადაეცემათ შემდეგ კონკურსანტებს: 

  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რჩეული" - პრიზის სახით გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი. ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც დამოუკიდებლად და/ან სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია დაზღვევის საკითხ(ებ)იც;
  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სს "საქართველოს ბანკის" რჩეული" - გადაეცემა ფულადი პრიზი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სს "საქართველოს ბანკი" იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც დამოუკიდებლად და/ან სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, გათვალისწინებულია  "დაზოგვა და პირადი ბიუჯეტის" საკითხები;
  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სს "თიბისი ბანკის" რჩეული" - გადაეცემა ფულადი პრიზი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სს "თიბისი ბანკი" იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც დამოუკიდებლად და/ან სხვა საკითხებთან ერთად , მათ შორის, გათვალისწინებულია "ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების" საკითხები;
  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სს "ლიბერთი ბანკის" რჩეული" - გადაეცემა ფულადი პრიზი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სს "ლიბერთი ბანკი" იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც, მათ შორის, ინტეგრირებული იქნება ინკლუზიური განათლების საკითხები;
  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" რჩეული" - პრიზის სახით გადაეცემა ხუთას ლარიანი ვაუჩერი ამავე ორგანიზაციის სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობისათვის. ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც დამოუკიდებლად და/ან სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, გათვალისწინებულია დაზღვევის საკითხიც;
  • გამარჯვებულს კატეგორიაში "სს "პსპ დაზღვევის" რჩეული" - პრიზის სახით გადაეცემა სადაზღვევო პროდუქტი "პსპ დენტი". ამ კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს სს "პსპ დაზღვევა" იმ კონკურსანტების ნაშრომებიდან, სადაც დამოუკიდებლად და/ან სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, გათვალისწინებულია დაზღვევის საკითხიც.

9. საკონტაქტო ინფორმაცია 

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995)0322406406; 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge;
  • „Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge.

10. სასარგებლო ინფორმაცია (ბმულები):

"ფინედუს" ვებ-პორტალი: www.finedu.gov.ge 

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის - https://finedu.gov.ge/ge/publikatsiebi-1/finansuri-da-ekonomikuri-tsigniereba-skolebshi-damkhmare-sastsavlo-masala-samokalako-ganatlebis-pedagogebistvis-1

"ფინედუს" სოციალური არხები:

სტანდარტები და გზამკვლევები საგნებში "მე და საზოგადოება" და "მოქალაქეობა":