კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი

1. კონკურსის იდეა და მიზანი

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი UNESCO-ს მიერ 1995 წელს დაწესდა  და მიზნად ისახავს წიგნის კითხვის წახალისებისა და ავტორების პატივისცემის იდეას, ასევე, წიგნების მასშტაბური შესაძლებლობების წარმოჩენას - დააკავშიროს ერთმანეთთან წარსული და აწმყო, გააბას ხიდები განსხვავებულ თაობებსა და კულტურებს შორის. თავად თარიღი, 23 აპრილი სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სამი ავტორი: უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge (შემდგომში - ფინედუ) მხარდამჭერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება აღნიშნულ თარიღსა და წიგნის საყოველთაო და განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეას და ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზაციისა და მათი ცხოვრებისეულ კომპეტენციებად წარმოჩენის მიზნით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "ფინანსური განათლება მხატვრულად“.

კონკურსის ფარგლებში შეიქმნება პროზაული ლიტერატურული ნაწარმოებები (მოთხრობები), რომლებიც მხატვრულ სიუჟეტის საშუალებით წარმოაჩენენ ფინანსური განათლების საკითხებს,  მკითხველებს მათს მნიშვნელობაზე დააფიქრებენ და იმავდროულად გასაგებს გახდიან, რომ ეს საკითხები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.  

გარდა ამისა, კონკურსი გამოეხმაურება 23 აპრილის თარიღის კიდევ ერთ, წიგნების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის იდეას და მისი საშუალებით და კონკურსის მონაწილე ავტორების სახელით ერთ-ერთ სასკოლო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა წიგნები.

კონკურსის დევიზია "დაწერე, აჩუქე, მოიგე!“

კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ, მხარდამჭერები კი არიან: სს "საქართველოს ბანკი“ (შემდგომში - საქართველოს ბანკი), სს "თიბისი ბანკი“ (შემდგომში - თიბისი ბანკი), სს "კრედო ბანკი“ (შემდგომში - კრედო ბანკი), სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (შემდგომში - მისო ემბისი), სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი“ (შემდგომში მისო კრისტალი), შპს "კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი“ (შემდგომში - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), სსიპ "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ (შემდგომში - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), შპს "გამომცემლობა დიოგენე“ (შემდგომში - გამომცემლობა დიოგენე), შპს   "გამომცემლობა არტანუჯი“, შპს "გამომცემლობა ინტელექტი“ (შემდგომში - გამომცემლობა ინტელექტი) და ა(ა)იპ "მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია“. 

2. კონკურსის ზოგადი პირობები

2.1 კონკურსის სახელწოდებაა: "ფინანსური განათლება მხატვრულად“;

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღია: 23 აპრილი 2023 წელი; 

2.3 კონკურსი დასრულდება და შესაბამისად გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 9 სექტემბერს;

2.4 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;

2.5 კონკურსში მონაწილეობით, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს ფინედუს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ის, Instagram-ის, Linkedin-ის გვერდებსა და Youtube-ის არხზე ავტორის შესაბამისი მითითებით და რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

3. მოთხოვნები საკონკურსო ნამუშევართან დაკავშირებით

3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირს (შემდგომში - კონკურსანტი) ევალება, შექმნას მხატვრული ნაწარმოები - მოთხრობა (შემდგომში - ნამუშევარი), რომელიც მხატვრული სიუჟეტით უნდა ეხებოდეს ფინანსური განათლების ერთ ან რამდენიმე საკითხს (მაგალითად, დაზოგვას, სესხებას, ფინანსურ უსაფრთხოებას და ა.შ.). ფინანსური განათლების საკითხების სრული ჩამონათვალი მოცემულია ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში (იხ. ბმული, 23-ე გვერდი). კონკურსანტმა ფინანსური განათლების საკითხი მოთხრობაში იმგვარად უნდა წარმოაჩინოს, რომ იკვეთებოდეს საკითხების აქტუალურობა და/ან შესაძლებელი იყოს საკითხის შესახებ სწორი, გონივრული, რაციონალური დასკვნების გაკეთება;

3.2 კონკურსანტმა მის მიერ შემოთავაზებული ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს MS Word-ის ფორმატის ფაილში;

3.3 ნამუშევარში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200-ს (ათას ორასს);

3.4 ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისათვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა იყოს სხვა წყაროში რამე სახით გამოქვეყნებული;

3.5 ერთ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს ერთი ნამუშევარი;

3.6 ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;

3.7 ნამუშევარი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 

4. საკონკურსო ნამუშევრების მოწოდება

4.1 კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge.

4.2 კონკურსანტს ელექტრონული წერილის პასუხად გაეგზავნება ნამუშევრის მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული საპასუხო წერილით დადასტურდება მხოლოდ ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან;

4.3 კონკურსანტმა გზავნილის/წერილის სათაურად (ე.წ. subject) უნდა მიუთითოს "კონკურსი - ფინანსური განათლება მხატვრულად“, ხოლო წერილის შინაარსში შემდეგი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის სრული სახელი და გვარი,
  • კონკურსანტის პირადი ნომერი,
  • კონკურსანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

4.4 ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ივნისი. 

5. კონკურსის ჩატარების ეტაპები

5.1 ნამუშევრების მიღება იწარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 2023 წლის 23 ივნისის 23:59 საათის ჩათვლით; 

5.2 2023 წლის 4 სექტემბერს  ჟიურის მიერ ნამუშევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება კონკურსის არაუმეტეს 20 (ოცი) ფინალისტი. ფინალისტების ნამუშევრები გამოქვეყნდება ფინედუს ვებგვერდზე;

5.3 2023 წლის 9 სექტემბერს გაიმართება კონკურსის ფინალური ღონისძიება, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან ფინალისტებიც; 

5.4 კონკურსის გამარჯვებულები 2023 წლის 9 სექტემბერს კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე დასახელდებიან;

5.5 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა  ან/და ფინალისთვის შეირჩა ოცზე ნაკლები  ნამუშევარი, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების განსხვავებული წესი.

6. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები

6.1 ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ტექსტის სტილისტური ხარისხი;
  • ტექსტის ორიგინალურობა, შემოქმედებითობა, მხატვრული ღირებულება;
  • ტექსტში ფინანსური განათლების საკითხების ადექვატურად და საინტერესოდ წარმოჩენა. 

7. კონკურსის ჟიური და შეფასების თავისებურებები 

7.1 კონკურსის ჟიური წარმოდგენილი იქნება და, შესაბამისად, ნამუშევარს შეაფასებს ორი მიმართულებით: 

  • ნამუშევარში განხილული ფინანსური განათლების საკითხების ადექვატურობა და მხატვრული ნაწარმოების კონტექსტთან შესაბამისობა, ამ საკითხების რიგითი  მკითხველის პოზიციიდან აღქმის შესაძლებლობა

და

  • ნამუშევრის მხატვრული/ლიტერატურული ხარისხი;

7.2 ნამუშევარში განხილული ფინანსური განათლების საკითხების ადექვატურობისა და მხატვრული ნაწარმოების კონტექსთან შესაბამისობის, ამ საკითხების რიგითი მკითხველის პოზიციიდან აღქმის შესაძლებლობას შეაფასებენ შემდეგი ორგანიზაციის წარმომადგენლები:  

  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • კრედო ბანკი;
  • მისო ემბისი;
  • მისო კრისტალი;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

7.3 ნამუშევრის მხატვრული/ლიტერატურული ღირებულების შეფასებას განახორციელებენ ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს პრეფესიონალი წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ნამუშევრების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდება ფინედუს ვებგვერდსა და Facebook-ის შესაბამის გვერდზე.

8. კონკურსის პრიზები

8.1 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული; 

8.2 გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს:

  • I ადგილის მფლობელი:
    • საქართველოს ბანკის მიერ დაწესებულ ფულად პრიზს 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით,
    • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაწესებულ 150 (ასორმოცდაათ) ლარიან ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • გამომცემლობა ინტელექტის მიერ დაწესებულ 150 (სორმოცდაათ) ლარიან ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • გამომცემლობა დიოგენეს მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზს,
    • მისო კრისტალის მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზს;
  • II ადგილის მფლობელი:
    • თიბისი ბანკის მიერ დაწესებულ ფულად პრიზს 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით,
    • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაწესებულ 100 (ას) ლარიან ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • გამომცემლობა ინტელექტის მიერ დაწესებულ 100 (ას) ლარიან ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • მისო კრისტალის მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზს;
  • III ადგილის მფლობელი:
    • თიბისი ბანკის მიერ დაწესებულ ფულად პრიზს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,
    • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაწესებულ 50 (ორმოცდაათ) ლარიან ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • გამომცემლობა ინტელექტის მიერ დაწესებულ 50 (ორმოცდაათ) ლარიანი ვაუჩერს ამავე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში გასანაღდებლად,
    • მისო კრისტალის მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

9. კონკურსის დამატებითი პირობები:

9.1 კონკურსის განმავლობაში ნებისმიერ პირს, მათ შორის, სკოლის წარმომადგენელს (მაგ.: დირექტორი, მასწავლებელი და სხვა),  მოსწავლეს ან მოსწავლის მშობელს  (შემდგომში დაინტერესებული პირი) ეძლევა შესაძლებლობა, საქართველოს რომელიმე კერძო ან საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისთვის კონკურსანტების სახელით გამოხატოს დაინტერესება წიგნების საჩუქრად მიღების მიზნით;

9.2 დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი ინტერესის შესახებ კომენტარი უნდა დაწეროს ფინედუს Facebook გვერდზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარად; 

9.3 წიგნების საჩუქრად მიღების დაინტერესების გამოხატვის მიზნით დაფიქსირებულ კომენტარში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: სკოლის დასახელება, მისამართი და დასაბუთება, რატომ უნდა შეირჩეს კონკრეტულად მოცემული სკოლის ბიბლიოთეკა;

9.4 ერთ სკოლაზე (სასკოლო ბიბლიოთეკაზე) დაფიქსირებული კომენტარების რაოდენობა შეზღუდული არ არის;

9.5 სკოლის შესარჩევად გაითვალისწინება მხოლოდ ის კომენტარები, რომლებიც დაფიქსირებული იქნება 2023 წლის 23 ივნისის 23:59 საათის ჩათვლით;

9.6 დაფიქსირებული კომენტარებიდან წიგნების კონკურსანტების სახელით საჩუქრად გადაცემის მიზნით კონკურსის ორგანიზატორები ჟიურის წევრებთან კონსულტაციით შეარჩევენ 1 (ერთ) სკოლას; 

9.7 შერჩეული სკოლა დასახელდება კონკურსის ფინალისტებთან ერთად 2023 წლის 4 სექტემბერს.

10. საკონტაქტო ინფორმაცია 

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995) 032 2406406; 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/ ;
  • Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/ .

11. სასარგებლო ინფორმაცია:

ფინედუს ვებ-პორტალი: www.finedu.gov.ge 

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია: ეროვნული სტრატეგია