„ჩემო ციცინათელა, დაფრინავ
ნელა-ნელა... შენმა შორის ნათებამ,
დამწვა და დამანელა. . .”
აკაკი წერეთელი
ჩვენი პლანეტა, დედამიწა, 4.5 მილიარდი წლისაა.
ეს ბევრია თუ ცოტა?
ჩვენ არ ვიცით...
წყალგამყოფი გარემოსთვის
არც ისე შორეულ წარსულში, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში თუ გავიხედავთ, წყალგამყოფთან - ინდუსტრიული ერის დასაწყისთან აღმოვჩნდებით, როდესაც წარმოება მექანიკურ სისტემებზე გადავიდა, შემდეგი იყო ელექტროენერგიის გავრცელება და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, მას მოჰყვა ციფრული და ავტომატიზაციის ხანა, და დღეს, უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში, უკვე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მომსწრენი ვართ. ტემპი მაღალია - ხშირად ცვლილებების აღქმა და გააზრებაც რთულია.
წყალგამყოფის ორივე მხარეს გარემოს სურათი მკვეთრად განსხვავებულია:
წინაინდუსტრიული ეპოქა - სუფთა გარემო, ადამიანები ძირითადად სოფლად ცხოვრობენ და უფრო მეტად აგრარულ საქმიანობას მისდევენ, ეკოლოგიური ბალანსი, ბიომრავალფეროვნება შენარჩუნებული.
ინდუსტრიული ეპოქა - ქარხნები, მანქანები, გამონაბოლქვი, ტყის ჭრა, ნარჩენების გროვება, რესურსების გადამეტებული გამოყენება, ემისიებით გამოწვეული კლიმატის ცვლილება.
და ეს ყველაფერი დედამიწის ისტორიის მხოლოდ ბოლო 300 წლის „მონაგარია“.
რიცხვებიც თავისას იტყვიან
1700-1750 წლებში დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა სულ რაღაც 600-800 მილიონი იყო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 30 წელი.
დღეს დედამიწაზე უკვე 8 მილიარდზე მეტნი ვართ და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელს აღემატება.
ანუ სამ საუკუნეში მოსახლეობა დაახლოებით 11-ჯერ, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 2-ჯერ და მეტადაც გაზრდილა.
გათვლებით 2036-ში კაცობრიობა 9 მილიარდს, ხოლო 2058-ში 10 მილიარდს მიაღწევს.
მომავლის მზარდი ტენდენცია აშკარაა.
დედამიწა სიყვარულის მოლოდინში
მაგრამ, როგორც ამბობენ, "მედალს ორი მხარე აქვს". ერთ მხარეს გვაქვს საოცარი მიღწევები, მეორე მხარეს - დაბინძურებული გარემო, განადგურებული ბუნება და შეცვლილი კლიმატი - დედამიწის ტემპერატურის ზრდა, კატასტროფების სიხშირის და ინტენსივობის მატება.
სიჩქარეში ხშირად გვავიწყდება - რა დავტოვეთ უკან და წინსვლასთან ერთად რას ვკარგავთ.
არსებული პრობლემების გადასაჭრელად ადამიანი კვლავ ტექნოლოგიებს მიმართავს და საუკუნეებს მიღმა დაძრული კარუსელი მძლავრად ტრიალებს...
გარემოების მიხედვით ამა თუ იმ სიტყვას სხვადასხვა ასოციაციის აღძვრა შეუძლია. ახლა სიტყვამ „დედამიწა“ ჩემში ერთი მძიმე ემიგრანტული ისტორია გააცოცხლა, იმედია - იშვიათი გამონაკლისი: საზღვარგარეთ გადახვეწილი დედა წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს აქ დარჩენილი ნათესავების გამოსაკვებად და მათი მრავალფეროვანი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ერთხელაც, როგორღაც „საკუთარ ოჯახში“ მოკლე ვადით ჩამოსულს აღარც სიყვარული დახვდა, არც მადლიერება, არც კუთხე. ერთ-ორ დღეში კი საჭიროებებად „გადათარგმნილი“ სურვილების ჩამონათვალი გადასცეს და რომ არ მომცდარიყო, შორეულ ქვეყანაში ნაადრევად გამგზავრებისკენ უბიძგეს.
ეს „მომხმარებლური დამოკიდებულება“ არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს შლის, არამედ ბუნებასთან კავშირსაც გვაკარგვინებს.
ასეთი დამოკიდებულებით, გულგრილობით, დაუდევრობით, უცოდინრობით თუ სხვა მრავალი მიზეზით, დედამიწას დღეს ისე უჭირს, როგორც არასდროს...
სამი დიდი გამოწვევა
დღეს გარემოს დაცვა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
მსოფლიოს მეორე დიდი გამოწვევა ეკონომიკური არასტაბილურობაა.
ასეთივე მნიშვნელობისაა სოციალური კეთილდღეობის მიღწევა. ყველა შემთხვევაში დიდ სურათს ადამიანები ვქმნით, ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებებით და ინდივიდუალური ჩვევებით. პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ფინანსური განათლების გაღრმავებით და ქცევის ცვლილებით თითოეულს და ყველას ერთად უდიდესი დადებითი შედეგების მიღება შეგვიძლია.
ფინანსური განათლება და გარემოს დაცვა
ფინანსურ განათლებასა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ბევრად მჭიდროა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ორივე პასუხისმგებლობას, განათლებას და ყოველდღიური ქცევის შეცვლას საჭიროებს.
ფინანსური განათლება გვასწავლის, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი, ვაკონტროლოთ ხარჯები, დავზოგოთ, დავაბანდოთ და მივიღოთ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობაც იგივე პრინციპებს იზიარებს - გრძელვადიან ხედვას, რესურსების გონივრულ გამოყენებას და წინდახედულ გადაწყვეტილებებს.
სწორედ ამიტომ, ერთ სფეროში ცოდნის გაღრმავება, მეორესაც ბუნებრივად აძლიერებს.
გააზრებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი მოსდევს და პირიქით, მაგალითად:
- ბუნებრივი რესურსების დაზოგვით - როგორც ხარჯებს, ისე ჰაერისა და გარემოს დაბინძურებას შევამცირებთ;
- ნაკლები საქონლის ან/და სერვისის გამოყენებით - თანხასაც დავზოგავთ და ნარჩენების კლებასთან ერთად ჰაერისა და გარემოს სისუფთავეს დავიცავთ;
- ეკო-მეგობრული პროდუქტების გამოყენებით/არჩევით - გარემოსაც გავუფრთხილდებით და ჯანმრთელობის რისკებთან ერთად ჯანდაცვაზე გასაწევ ხარჯებსაც შევამცირებთ;
- მწვანე ინვესტიციებით - სტაბილურ მომავალს უზრუნველვყოფთ.
სხვა დადებითი ეფექტიც განუზომლად მეტია.
სუფთა გარემოზე ზრუნვას საბოლოოდ მრავალმხრივი, მათ შორის, ფინანსური სარგებელი მოაქვს და ამ დროს ანდაზაც გადასხვაფერდება - „ერთი კურდღლის მადევარი ორსაც დაიჭერს და უფრო მეტსაც.“
სამყარო ბუნებრივად ლამაზი, ჯანსაღი და ეკონომიკურად მდგრადი რომ იყოს, ეს ორი მიმართულება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს.
მწვანე ეკონომიკა - მდგრადი არჩევანი
განვითარება ბუნებაზე ზრუნვის გარეშე, დღეს უკვე წარმოუდგენელია. ახალი ეკონომიკური მიმართულება - მწვანე ეკონომიკა სწრაფად მკვიდრდება მთელს მსოფლიოში.
- დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიები;
- განახლებადი ენერგია;
- მდგრადი წარმოება და მოხმარება.
აი, რაზე დგას მწვანე ეკონომიკა.
ჭკვიანურად ხარჯვით, ეკო-მეგობრული პროდუქტების არჩევით, გრძელვადიან სტაბილურობაზე ზრუნვით, ორივეს, საკუთარ და საერთო კეთილდღეობას ვაშენებთ.
მომავლის ხიდები
წარსულში ვიმოგზაურეთ, არსებულ გამოწვევებს თვალი გავუსწორეთ, სასურველი მომავლის ხედვით შემდეგ დასკვნებამდე მივდივართ:
- ტექნოლოგიური პროგრესი და მოსახლეობის ზრდა ჩვენი წინსვლისგან განუყოფელია, მაგრამ, ამავდროულად, ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს;
- გარემოს დაცვა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბუნებისადმი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პლანეტას შეუქცევადად ცვლის, სუფთა, სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო კი ხელიდან გვეცლება. პრობლემის შეჩერება ჩვენს ხელთაა და ეს არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულება, არამედ შემდეგი თაობების ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფის შანსია;
- სოციალური და ეკონომიკური განვითარება აუცილებლად მდგრადობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც გულისხმობს: ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და გარემოსთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებას;
- თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფოს საზრუნავია ბუნების სილამაზის შენარჩუნება, ინოვაციების მხარდაჭერა და ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ჩვენი განვითარება და ეკოლოგიური მდგრადობა ჰარმონიულად იარსებებენ.
გავდოთ ხიდები მდგრადი მომავლისკენ!
რის გაკეთება შეგვიძლია თითოეულს? საიდან დავიწყოთ?
- გავაცნობიეროთ გარემოს დაცვის აუცილებლობა და ვირწმუნოთ ჩვენი ინდივიდუალური მონაწილეობის ძალა;
- გავხდეთ მეტად ინფორმირებულები - დავინტერესდეთ გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევებით, მათი მიზეზებითა და გამკლავების გზებით; ავიმაღლოთ გარემოსდაცვითი და ფინანსური ცოდნა; გავერკვეთ მდგრადი განვითარების ტენდენციებში;
- შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულებები და ქცევები - მეტად რომ დავინტერესდებით, გულისხმიერებიც გავხდებით, საკუთარ დამოკიდებულებებს/ჩვევებსაც გადავხედავთ და იქვე ცვლილებების აუცილებლობას და პირად პასუხისმგებლობასაც ვიგრძნობთ. იქნებ, თავიდან ვერც ვირწმუნოთ ჩვენი მოქმედებების ძალა, მაგრამ გარემოს გასაუმჯობესებლად გადადგმული ეს მცირე,მაგრამ ყოველდღიური ნაბიჯები, აუცილებლად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზეც და მთელი პლანეტის მომავალზეც.
ცვლილებები კი ასე დავიწყოთ:
- ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები - წყალი და ენერგია დავზოგოთ, დაზიანებული კომუნიკაციები დროულად მოვაწესრიგოთ, ენერგო ეფექტური ნათურები/ტექნიკა გამოვიყენოთ;
- შევამციროთ ჰაერისა და გარემოს დაბინძურების ხარისხი - მაქსიმალურად ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით, ვიაროთ ფეხით; ელექტრომობილები/ჰიბრიდები შედარებით ძვირი, მაგრამ გრძელვადიანად მომგებიანი ინვესტიციაა;
- შევამციროთ ნელა დეგრადირებადი ნარჩენები - პლასტმასა მრავალჯერადი, ბიოდეგრადირებადი/ბუნებრივი ალტერნატივებით (ქსოვილი, მინა, ხე, უჟანგავი მეტალი, თიხა, კერამიკა) ჩავანაცვლოთ;
- ავირჩიოთ ეკომეგობრული პროდუქტები - საკვების და სხვა პროდუქტების შერჩევისას უპირატესობა ხარისხს და არა რაოდენობას მივანიჭოთ. საწმენდ-სარეცხი საშუალებებიც ბუნებრივი შევარჩიოთ; საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში ხელოვნურ სისტემებს, ბუნებრივი ვენტილაცია ვამჯობინოთ, ჰაერის ხარისხი ოთახის მცენარეებით გავაუმჯობესოთ;
- მხარი დავუჭიროთ გარემოსდაცვით ინიციატივებს და პროექტებს - ჩავერთოთ მოხალისეობრივად, გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა; დავნერგოთ, გავაზიაროთ საკუთარი მწვანე ინიციატივები;
- ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე - სასწავლო პროგრამებსა და საზოგადოებრივ კამპანიებში გარემოს დაცვის და ფინანსური განათლების საკითხების ჩართვით, მდგრად მომავალთან უფრო სწრაფად მივალთ; ბუნებაში ხშირი ყოფნით, ბავშვებში სიყვარულთან ერთად, მოფრთხილების სურვილიც გაიღვიძებს;
- და ნუ გავჩერდებით!
ჩვენი დღვანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ, რა არჩევანი გვექნება ხვალ. შეიძლება ერთმა შუქურამ ვერ გაანათოს ბნელი ღამე, მაგრამ ათასობით პატარა ციცინათელამ ერთად, განთიადი მოიყვანოს.
...ბოლო დროს სადღაც წავიკითხე - ასე თუ გაგრძელდა, ციცინათელების პოპულაცია გაქრებაო...
მართლა დაგვტოვებენ ციცინათელები?
იქნებ, არ დავუშვათ.