ობლიგაციის საბაზრო ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც დიდ წილად დამოკიდებულია მიმდინარე საბაზრო საპროცენტო და კუპონის განაკვეთებზე.
რატომ აქვს სხვადასხვა ობლიგაციას განსხვავებული კუპონის საპროცენტო განაკვეთი?
სხვადასხვა ობლიგაციას აქვს განსხვავებული კუპონის განაკვეთი, რომელიც უმეტესად დამოკიდებულია ემიტენტის საკრედიტო რისკზე, კერძოდ:
ემიტენტები, რომელთაც აქვთ ნაკლები კრედიტუნარიანობა, ინვესტორებს სთავაზობენ კუპონის უფრო მაღალ განაკვეთს, რაც, ბუნებრივია, ვალდებულების შედარებით მაღალი შეუსრულებლობის რისკის დასაკომპენსირებლად ხორციელდება. სხვა თანაბარ პირობებში, შეპირებული მაღალი საპროცენტო სარგებელი მაღალ რისკსაც გულისხმობს ინვესტორის მხრიდან, ამიტომ, ობლიგაციის შესყიდვამდე, კარგად უნდა გაეცნოთ ობლიგაციას, შეაფასოთ ემიტენტის საკრედიტო რისკი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
რა არის საკრედიტო რეიტინგი?
კრედიტუნარიანობის შეფასების ერთ-ერთი გზაა ემიტენტებისა და ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგები. ემიტენტებს და ობლიგაციებს, ცალ-ცალკე შეიძლება ჰქონდეთ მინიჭებული საკუთარი საკრედიტო რეიტინგი საკრედიტო სააგენტოების მხრიდან.
ემიტენტის კრედიტუნარიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელია საკრედიტო რეიტინგი, რომელიც ქვემოთ მოცემული შკალით გამოისახება და განსაზღვრავს ემიტენტის უნარს, შეასრულოს ობლიგაციასთან დაკავშირებული საკუთარი ვალდებულებები:
Moody’s | S&P / Fitch | სარეიტინგო კლასიფიკაცია | სარეიტინგო შეფასება |
AAA - AA | AAA - AA | საინვესტიციო | მაღალი |
A - Baa | A - BBB | საინვესტიციო | საშუალო |
Ba - B | BB - B | არასაინვესტიციო | დაბალი |
Caa/Ca/C | CCC/CC/C | არასაინვესტიციო | სპეკულაციური |
__ | D | არასაინვესტიციო | გადახდისუუნარობა |
საკრედიტო რეიტინგები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: საინვესტიციო და არასაინვესტიციო. არასაინვესტიციო ობლიგაციები დაბალი კრედიტუნარიანობით ხასიათდება, რომელთაც, ასევე, უვარგის ობლიგაციებს (Junk bonds) და/ან მაღალ შემოსავლიან ობლიგაციებს (High-yield bonds) უწოდებენ. მაღალი რისკის გამო ისინი ინვესტორს სთავაზობენ შედარებით მაღალ შემოსავალს.
კიდევ რა უნდა გაითვალისწინოს ინვესტორმა კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასებისას?
მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ინვესტორი სრულყოფილად გაეცნობა სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას, მან თავადაც შეაფასოს კომპანიის კრედიტუნარიანობა ანუ ობლიგაციაში ინვესტირებული თანხის და ამ თანხაზე შეპირებული სარგებლის გადახდის რისკები. კერძოდ, გადაწყვეტილება არ მიიღოს მხოლოდ რეიტინგის საფუძველზე, რომელიც შეიძლება არასწორად ასახავდეს რეალურ საკრედიტო რისკს. გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო სააგენტოები მათ მიერ დადგენილი რეიტინგების საშუალებით ინვესტორს საინვესტიციო რეკომენდაციას არ აძლევენ, არამედ მოკლედ აღწერენ კომპანიის ფინანსურ სურათს კონკრეტული პერიოდისათვის, რაც შეიძლება დაგვიანებით და/ან არაობიექტურად ასახავდეს მის მიმდინარე რეალურ საკრედიტო რისკს. ინვესტორმა დამატებით, თვითონ უნდა გადაამოწმოს კომპანიის ანგარიშები, შემოსავლიანობა და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათ შორის სხვადასხვა ფინანსური კოეფიციენტები, მაგალითად, ფინანსური ლევერიჯის (როგორებიცაა: პროცენტის დაფარვის, სესხის მომსახურების და მთლიანი ვალის კოეფიციენტები), ლიკვიდურობის, მომგებიანობისა და საოპერაციო კოეფიციენტები.
აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია, ობლიგაციას საერთოდ არ გააჩნდეს საკრედიტო რეიტინგი, თუ, მაგალითად, ემიტენტს არ სურს დამატებითი ხარჯების გაწევა საკრედიტო სააგენტოსგან რეიტინგის მოსაპოვებლად.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- რატომ არის მნიშვნელოვანი, წინასწარ მოემზადოთ საპენსიო ასაკისთვის?
- ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?
- ობლიგაციის უსაფრთხოება
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად