რატომ ყიდულობენ ინვესტორები ობლიგაციას?
ინვესტორები ყიდულობენ ობლიგაციას, რადგან ობლიგაცია არის:
შემოსავლის წყარო
ობლიგაცია წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ პერიოდულ შემოსავლის წყაროს ინვესტორისთვის, რომელსაც იგი იღებს კუპონების სახით. უმეტეს შემთხვევაში, ობლიგაციების კუპონის დარიცხვის სიხშირე არის ნახევარწლიური.
კაპიტალის შენახვის გზა
ობლიგაციაში თანხის ინვესტირება წარმოადგენს კაპიტალის შენახვის ერთ-ერთ ხელსაყრელ გზას. კერძოდ, ინვესტორები უკან იბრუნებენ ობლიგაციის ნომინალურ ღირებულებას (ძირ თანხას), რომელსაც ასევე ემატება კუპონის განაკვეთით განსაზღვრული დანარიცხი (კუპონი).
რატომ გამოსცემენ ემიტენტები ობლიგაციას?
ემიტენტები გამოსცემენ მათ ინტერესებზე მორგებული პირობების მქონე ობლიგაციებს, რათა მიიღონ ფინანსური სახსრები საკუთარი სამომავლო მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც შეიძლება იყოს:
- მიმდინარე საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნების უზრუნველყოფა;
- სხვა არსებული ვალდებულებების დაფარვა;
- სხვადასხვა დიდი საინვესტიციო პროექტის (განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და ა.შ.) დაფინანსება.
ინვესტორთა არჩევანი
როგორც წესი, ყველაზე უსაფრთხო ობლიგაციად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდი. კონსერვატიული ინვესტორი, რომელიც არის ნაკლებად ტოლერანტული რისკისადმი, აირჩევს სახელმწიფოს სავალო ფასიან ქაღალდს, ან კორპორაციულ ობლიგაციას, რომელსაც აქვს მაღალი საკრედიტო საინვესტიციო შეფასება. რისკის მოყვარული ინვესტორი, რომელიც გამოირჩევა რისკისადმი მაღალი ტოლერანტობით კი აირჩევს ობლიგაციას, რომელსაც აქვს დაბალი საკრედიტო საინვესტიციო შეფასება ან საერთოდ არ გააჩნია იგი, რადგან ის შემოსავალსაც ბევრად მაღალს ჰპირდება.
რა შემთხვევაში უნდა განიხილოთ ობლიგაციაში ინვესტიცია?
- კარგად გესმით ობლიგაციის პირობები და დადგენილებები;
- შეგიძლიათ სათანადოდ შეაფასოთ ობლიგაციაში ინვესტიცია და მისი ზეგავლენა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე;
- გაქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ ობლიგაციასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს;
- შეგიძლიათ სათანადოდ შეაფასოთ ყველა ის ეკონომიკური ცვლილება და ფაქტორი, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ემიტენტსა ან ობლიგაციაზე.
საყურადღებოა: ყველა ობლიგაცია განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, აუცილებელია სრულყოფილად გაეცნოთ და გაიგოთ მისი მახასიათებლები, პირობები და პროსპექტში გამჟღავნებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.