კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

აქციების ტიპები

უმთავრესად გამოყოფენ აქციის 2 ტიპს: ჩვეულებრივს და პრივილეგირებულს. თითოეული მათგანის ძირითადი თავისებურებები განხილულია ქვემოთ:

ჩვეულებრივი აქცია

დივიდენდის მიღება

ჩვეულებრივი აქციის ფლობის შემთხვევაში, ინვესტორი იღებს კომპანიის პოლიტიკით განსაზღვრულ დივიდენდს. ჩვეულებრივი აქციონერებისთვის მოგების განაწილება შესაძლოა მოხდეს სრულად ან ნაწილობრივ, თუმცა ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას არ გააჩნია დივიდენდის განაწილების ვალდებულება.

ხმის მიცემის უფლება

ჩვეულებრივი აქციის ფლობის შემთხვევაში, ინვესტორს აქვს ხმის მიცემის უფლება, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია დაესწროს აქციონერთა კრებას და მონაწილეობა მიიღოს წესდებით განსაზღვრულ კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. კომპანიებს შესაძლოა გააჩნდეთ სხვადასხვა კლასის ჩვეულებრივი აქციები, რომელთაც თავის მხრივ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხმის უფლებები.

მოთხოვნების დაკმაყოფილების წესი

ჩვეულებრივი აქციების მფლობელთა ანუ ჩვეულებრივი აქციონერის მოთხოვნები დაკმაყოფილდება ყველა სხვა კრედიტორის წინაშე ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ დარჩენილი აქტივების მეშვეობით.

პრივილეგირებული აქცია

დივიდენდის მიღება

პრივილეგირებულ აქციებზე ხორციელდება ფიქსირებული დივიდენდის გადახდა სასესხო ვალდებულებების მსგავსად. მიუხედავად ფიქსირებული გადახდებისა, პრივილეგირებულ აქციებს, ძირითადად, არ შეუძლიათ კომპანიის საოპერაციო მოგების გაზრდის შემთხვევაში დამატებითი შემოსავლის მიღება და პრივილეგირებული აქციონერებისთვის გადასახდელი დივიდენდი არ წარმოადგენს კომპანიის საკონტრაქტო ვალდებულებას.

დივიდენდის აკუმულირება

პრივილეგირებული აქციები შესაძლოა იყოს კუმულაციური ან არაკუმულაციური. კუმულაციური პრივილეგირებული აქციების შემთხვევაში ხდება გადაუხდელი დივიდენდის აკუმულირება ანუ დაგროვება და ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდის გადახდამდე უნდა მოხდეს მათი სრულად გასტუმრება. არაკუმულაციურ პრივილეგირებულ აქციებს მსგავსი მახასიათებელი არ გააჩნიათ.

ხმის მიცემის უფლება

პრივილეგირებულ აქციების მფლობელებს არ გააჩნიათ ხმის მიცემისა და კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება, თუკი მათი გამოშვებისას სხვაგვარად არ განისაზღვრა.

მოთხოვნების დაკმაყოფილების წესი

პრივილეგირებულ აქციონერებს რიგითობით უპირატესი უფლებები აქვთ ჩვეულებრივ აქციონერთან შედარებით როგორც დივიდენდის მიღებისას, ისე კომპანიის გადახდისუუნარობისას. 

აქციის გამოთხოვის უფლება

დამატებით, როგორც ჩვეულებრივი, ისე პრივილეგირებული აქციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს მათ გამოთხოვასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები, როგორც ამ აქციების გამომშვები კომპანიის, ისე ინვესტორების მხრიდან:

უფლების გარეშე აქცია

მსგავსი უფლებების გარეშე არსებული აქციების რეალიზაცია შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მეორადი საბაზრო გარიგების მეშვეობით.

PUT უფლების მქონე აქცია

PUT უფლების მქონე აქციების შემთხვევაში, ინვესტორს აქვს უფლება, უკან მიჰყიდოს კომპანიას  აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასსა და პერიოდში.

CALL უფლების მქონე აქცია

CALL უფლების მქონე აქციების შემთხვევაში, კომპანიას აქვს უფლება, უკან გამოისყიდოს აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასსა და პერიოდში.

დაბალი შემოსავლის მქონე აქციები

აღსანიშნავია, რომ არსებობს აქციები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი შემოსავალი ან საერთოდ არ აქვთ შემოსავალი - ეს ისეთი აქციებია, რომელზეც კომპანიები არ იხდიან დივიდენდს და არიან მაღალსპეკულაციური. ძალიან პატარა კომპანიის აქციებს მიკრო აქციებსაც უწოდებენ. კომპანიას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სპეციფიკური პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება არსებულ მეწილეებზე/აქციონერებზე ან თანამშრომლებზე. მაგალითად, როდესაც ინვესტორს შეუძლია დივიდენდის სანაცვლოდ მიიღოს დამატებით აქციები კომპანიაში ან თანამშრომლებს მოტივაციის ასამაღლებლად/გაწეული სამსახურისთვის გადაეცემათ კომპანიის აქციები.

ნებისმიერი ტიპის აქცია შესაძლოა იყოს კონვერტირებადი, რაც მათ მფლობელებს აძლევს უფლებას, გარკვეულ შემთხვევებში გადაცვალოს ერთი ტიპის აქციები სხვა ტიპის აქციების წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაში. შესაძლოა, რომ სხვა ფასიანი ქაღალდებიც, მათ შორის სავალო ფასიანი ქაღალდებიც, წარმოადგენდნენ აქციებში კონვერტირებად ინსტრუმენტებს.