თუ თანხის აქციებში ინვესტირებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ისევე როგორც ნებისმიერ ინვესტიციას, აქაც გარკვეული რისკების გათვალისწინება მოგიწევთ. კერძოდ, აქციონერმა შესაძლოა დაკარგოს საკუთარი თანხა, თუკი კომპანია გადახდისუუნარო აღმოჩნდება. მსგავს შემთხვევაში, აქტივების გადანაწილების და, შესაბამისად, მოთხოვნების დაკმაყოფილების დადგენილი რიგითობა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ობლიგაციის მფლობელები და სხვა კრედიტორები
- პრივილეგირებული აქციის მფლობელები
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელები
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აქციონერები შემოსავალს იღებენ სხვა ყველა კრედიტორის შემდეგ, არსებობს რისკი, რომ კომპანიამ ამ ვალდებულებების გასტუმრების შემდგომ ვეღარ შეძლოს პოლიტიკით განსაზღვრული დივიდენდის გადახდა.
გარდა ამისა, მოგიწევთ დაფიქრდეთ იმაზეც, რომ აქციის ფასი გამოირჩევა ცვალებადობით, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ კომპანიის საკრედიტო რისკი, არამედ სხვა ბევრი გარე ფაქტორი, მაგალითად, მოლოდინები, გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ა.შ. ამიტომ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ აქციის მიმდინარე ღირებულება დროის ამა თუ იმ მომენტში უფრო დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ის ფასი, რაც თქვენ მისი შეძენისას გადაიხადეთ.