კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

აქციის ღირებულების შეფასება

სააქციო ფასიანი ქაღალდის ნამდვილი ღირებულების შესაფასებლად რამდენიმე მიდგომა არსებობს. აქციის შეფასების მოდელის შერჩევისას ანალიტიკოსები იყენებენ როგორც რაოდენობრივ ანალიზს, ასევე სხვა სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ქვემოთ განხილულია აქციის ღირებულების შეფასების რამდენიმე მოდელი.

მიმდინარე ღირებულების მიხედვით:

აქციის ღირებულების შეფასება ხდება მომავალი სარგებლის მიმდინარე ღირებულების დადგენით. მაგალითად, დივიდენდის დისკონტირების; დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელები (Dividend Discount Models; FCFE Models).

მულტიპლიკატორის მიხედვით:

აქციის ღირებულების შეფასება ხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კოეფიციენტის გათვალისწინებით, რომელთაც აქვთ ფასზე გავლენა. მაგალითად, აქციების ფასისა და მომგებიანობის კოეფიციენტები (მაგ. Price/Earning; Price/Sales, etc.).

აქტივების ღირებულების მიხედვით:

აქციის ღირებულების შეფასება ხდება აქტივებისა და ვალდებულებების საბაზრო ღირებულებების საფუძველზე. აქტივების საბაზრო ღირებულება ძირითადად მათი საბალანსო ღირებულებების კორექტირებით ანგარიშდება.

აქციის ღირებულების შეფასებით ანალიტიკოსს შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა აქციის ფასზე, შეადაროს ის მის საბაზრო ფასს და, შესაბამისად, შეაფასოს საინვესტიციო გარიგება.

 

საბაზრო ღირებულება > ნამდვილი ღირებულება საბაზრო ღირებულება < ნამდვილი ღირებულება საბაზრო ღირებულება = ნამდვილი ღირებულება
აქციის მიმდინარე ფასი არის გადაჭარბებული (overvalued) აქციის მიმდინარე ფასი არის გაუფასურებული (undervalued) აქცია სწორად არის შეფასებული

 

აქციების ფასებზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს როგორც შიდა (ემიტენტის  ფინანსურმა მდგომარეობამ/მდგრადობამ), ისე გარეშე ფაქტორებმა, როგორიცაა პოლიტიკური, საბაზრო და სხვა მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ აქციების ფლობასთან, და ზოგადადაც, ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ამ რისკების დივერსიფიკაცია ანუ გადანაწილება. კერძოდ, თუ ინვესტირებაზე ფიქრობთ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი მსხვილი შენაძენი გააკეთოთ, რისკების თვალსაზრისით უმჯობესი იქნებოდა თუ თქვენს საინვესტიციო თანხებს გადაანაწილებდით და შეიძენდით სხვადასხვა აქციებს და იმავდროულად, ამ თანხის ნაწილს განათავსებდით სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებშიც, როგორებიცაა ობლიგაციები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და სხვა.